მთავარიაზიასაუდის არაბეთირას გულისხმობს ერ-რიადის შეთანხმება

რას გულისხმობს ერ-რიადის შეთანხმება

უკრაინა და რუსეთი შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ. თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ კიევი და მოსკოვი შავ ზღვაში უსაფრთხო ნავიგაციასა და კომერციული გემების სამხედრო მიზნებისთვის გამოყენების აკრძალვას უზრუნველყოფენ.

„პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის დისკუსიების შედეგად, შეერთებულმა შტატებმა ხელი შეუწყო ორმხრივ ტექნიკურ მოლაპარაკებებს რუსეთის დელეგაციასთან 23-25 მარტს ელ-რიადში.

ამ დისკუსიების შედეგად, აშშ და რუსეთი შეთანხმდნენ შავ ზღვაში უზრუნველყონ უსაფრთხო ნავიგაცია, აღმოფხვრან ძალის გამოყენება და აღკვეთონ კომერციული გემების სამხედრო მიზნებისთვის გამოყენება.

შეერთებული შტატები დაეხმარება რუსეთს მსოფლიო ბაზარზე, სოფლის მეურნეობისა და სასუქების ექსპორტისთვის წვდომის აღდგენაში; აგრეთვე, შეამცირებს საზღვაო დაზღვევის ხარჯებსა და გააუმჯობესებს რუსეთის წვდომას პორტებსა და გადახდის სისტემებზე.

შეერთებული შტატები და რუსეთი შეთანხმდნენ, რომ შეიმუშავებენ ზომებს ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხმის ასაკრძალად.

ვაშინგტონი და მოსკოვი მიესალმებიან მესამე ქვეყნების კეთილგანწყობას ენერგეტიკისა და საზღვაო ხელშეკრულების მხარდაჭერის მიზნით.

აშშ და რუსეთი გააგრძელებენ მუშაობას გრძელვადიანი მშვიდობის მისაღწევად“, – ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.

რუსეთის ავიაიერიშის შედეგად დაზიანებული მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი, კიევი, უკრაინა, 23 მარტი, 2025 წელი Copyright AP PHoto

ამ შეთანხმებას მხარეებმა საუდის არაბეთის დედაქალაქ ელ-რიადში სამდღიანი მოლაპარაკებების შემდეგ, 25 მარტს, მიაღწიეს. მოლაპარაკების პროცესში უკრაინული და რუსული დელეგაციები ერთმანეთს პირისპირ არ შეხვედრიან.

მხარეებს პრესკონფერენციაც არ გაუმართავთ. დელეგაციებმა ჟურნალისტებთან თავიდანვე განაცხადეს, რომ კომენტარს არ გააკეთებდნენ. თუმცა რუსმა მაღალჩინოსანმა გრიგორი კარასინმა მოკლედ თქვა, რომ ეს მოლაპარაკებები „ძალიან საინტერესო, რთული, მაგრამ საკმაოდ კონსტრუქციული იყო“.

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის, სპიკერმა დმიტრი პესკოვმა სატელეფონო საუბრისას განაცხადა, რომ მოლაპარაკების დეტალებს არ გაასაჯაროებს, თუმცა დასძინა, რომ მოსკოვში შედეგებს აანალიზებენ.

„იცით, ჩვენ ვსაუბრობთ ტექნიკურ მოლაპარაკებებზე, მოლაპარაკებებზე დეტალების დასაზუსტებლად. ამრიგად, რა თქმა უნდა, მოლაპარაკებების შინაარსი საჯარო არ გახდება. ამას არ უნდა ელოდნენ. ეს პირველი, და მეორე, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ახლა დედაქალაქში მოლაპარაკებებზე გაკეთებული ანგარიშების ანალიზი მიმდინარეობს და მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი რაიმე სახის ურთიერთგაგებაზე საუბარი“, – ამბობს რუსეთის პრეზიდენტის სპიკერი დმიტრი პესკოვი.

განცხადება გააკეთა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმაც, სერგეი ლავროვმა. მისი თქმით, ენერგოინფრასტრუქტურაზე თავდასხმის შეწყვეტას მიესალმება, თუმცა მოსკოვს მყარი გარანტიები სჭირდება.

„ჩვენ მომხრე ვართ ენერგოინფრასტრუქტურისთვის ზიანის თავიდან აცილების გზების განსახილველად, ეს ჩვენს ინტერესში არაა. როგორც პრეზიდენტმა თქვა, აგრეთვე, მომხრე ვართ „შავი ზღვის ინიციატივის“ ყველასთვის უფრო მისაღები ფორმით აღდგენის. სწორედ ეს ინიციატივა იყო პრიორიტეტული ელ-რიადში“, – ამბობს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი.

„ჩვენ დაგვჭირდება მკაფიო გარანტიები. კიევთან შეთანხმებების სამწუხარო გამოცდილებიდან გამომდინარე გარანტიები შეიძლება იყოს მხოლოდ ვაშინგტონის ბრძანება, რომ ზელენსკიმ და მისმა გუნდმა ზუსტად ეს გააკეთონ. ვფიქრობ, ჩვენმა ამერიკელმა პარტნიორებმა ეს გზავნილი მიიღეს“, – ამბობს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი.

კიევის პოზიცია განმარტა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, რუსტემ უმეროვმა სოციალურ პლატფორმა X-ზე .

მან დაადასტურა თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნული დეტალები, თუმცა დასძინა, რომ რუსული სამხედრო საზღვაო ხომალდების შავი ზღვის აღმოსავლეთ ნაწილის მიღმა ნებისმიერი სახის გადაადგილება შეთანხმების სულისკვეთების დარღვევის ტოლფასი იქნება.

მოლაპარაკებებს გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც. მისი თქმით, უკრაინა ყველაფერს გააკეთებს ამ შეთანხმების პირობის შესასრულებლად, თუმცა თუ რუსეთი დაარღვევს, პასუხი მკაცრი იქნება.

„ჩვენ უკრაინაში ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რათა შეთანხმებამ იმუშაოს და თავდასხმები არ იყოს, მაგრამ რუსებმა უნდა იცოდნენ და გააცნობიერონ, რომ თუ დაგვარტყამენ, ძლიერ პასუხს მიიღებენ. ეს მათი პასუხისმგებლობა იქნება“, – ამბობს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.

ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა რუსეთის მოთხოვნას სანქციების მოხსნის შესახებ. როგორც ირკვევა, რუსეთი ცეცხლის შეწყვეტის განხილვამდე სანქციების მოხსნას მოითხოვს. უკრაინის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ ამით იმსხვრევა მითი იმაზე, თითქოს სანქციები არ მუშაობდა.

„ახლა მოსკოვი სანქციების მოხსნას ითხოვს, თუმცა სამი წლის განმავლობაში ამბობდა, რომ სანქციები მათთვის საშიში არაა და უსარგებლოც კია. თუ ეს შეთანხმებაც არ იმუშავებს, თუ რუსები არ შეასრულებენ დღევანდელი შეთანხმების პირობებს და შეეცდებიან ზეწოლას აშშ-ზე, ევროპასა და უკრაინაზე, ვფიქრობ, პასუხი ერთი უნდა იყოს: აუცილებლად ახალი სანქციები და მეტი ზეწოლა მოსკოვზე“, – ამბობს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.

„ის, თუ როგორ მოიქცევა რუსეთი მომდევნო დღეებში, ბევრ რამეს აჩვენებს, თუ არა ყველაფერს. თუ კვლავ გვექნება საჰაერო განგაში, თუ კვლავ იქნება სამხედრო აქტივობა შავ ზღვაში, თუ კვლავ იქნება რუსული მანიპულაციები და მუქარა, მაშინ ახალი ზომების მიღება გახდება საჭირო – კონკრეტულად მოსკოვის წინააღმდეგ“, – ამბობს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.

უკრაინელი სამხედროები დონეცკის ფრონტზე დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნისადმი მიძღვნილ ცერემონიას ესწრებიან Copyright AP Photo

ვაშინგტონმა მხარეებს სხვადასხვა დაპირება მისცა. კერძოდ, შეერთებული შტატები უკრაინას პატიმრების გაცვლაში, სამოქალაქო პირების გათავისუფლებასა და გატაცებული ბავშვების დაბრუნებაში დაეხმარება, რუსეთს კი სოფლის მეურნეობისა და სასუქების ექსპორტის გლობალურ ბაზრებზე ხელმისაწვდომობის აღდგენაში.

მიუხედავად იმისა, რომ ყოვლისმომცველი სამშვიდობო შეთანხმება ჯერ კიდევ შორსაა, უკრაინის პრეზიდენტი მოლაპარაკებებს აფასებს, როგორც „სწორ ნაბიჯებს“ სამწლიანი ომის მშვიდობიანი მოგვარებისკენ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend