მთავარიEuropean Union„ნათლად ვხედავთ რუსეთისგან მომდინარე საფრთხეს” - ინტერვიუ ანდრიუს კუბილიუსთან

„ნათლად ვხედავთ რუსეთისგან მომდინარე საფრთხეს” – ინტერვიუ ანდრიუს კუბილიუსთან

ევროკავშირი თავდაცვის სექტორის გასაძლიერებლად და სამხედრო პროექტების მხარდასაჭერად ახალ სტრატეგიებს ეძებს. გასულ კვირას ბრიუსელში გამართულ სამიტზე ევროკავშირის ლიდერებმა განიხილეს კომისიის წინადადება – მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში თავდაცვის ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის 800 მილიარდი ევროს გამოყოფის შესახებ.

როგორც თავდაცვის საკითხებში ბლოკის პირველი ევროკომისარი ანდრიუს კუბილიუსი აცხადებს, ევროკავშირის ინფრასტრუქტურა ამ ეტაპზე სამხედრო დანაყოფებისა და აღჭურვილობის სწრაფი გადაადგილების ხელშესაწყობად მზად არ არის. მისი თქმით, ევროკავშირის სარკინიგზო, საგზაო, საზღვაო და საჰაერო დერეფნების ადაპტაციისთვის საწყისი ინვესტიციის სახით 70 მილიარდი ევრო იქნება საჭირო.

ევროკომისიამ 500 პრიორიტეტული პროექტი უკვე გამოავლინა. გეგმა მოიცავს პორტების, აეროპორტებისა და გვირაბების გაფართოებას, ისევე როგორც სარკინიგზო ხიდების გამაგრებას.

თუმცა როგორც ანდრიუს კუბილიუსი ამბობს, ამ ეტაპზე თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებისთვის აუცილებელი საჭიროებების რეალური საფასური გამოთვლილი არ არის და შესაძლებელია დაფინანსების დამატებითი წყაროების მოძიება გახდეს აუცილებელი.

„იდეალურ სცენარში თუ ყველა წევრი სახელმწიფო საკუთარი მთლიანი შიდა პროდუქტის 3-4%-ის თავდაცვისთვის გამოყოფას დასთანხმდება, მაშინ მომდევნო 4 წლის განმავლობაში 2,4 ტრილიონი ევროს დახარჯვას შევძლებთ. ეს საკმაოდ დიდი თანხაა. რაც შეეხება იმას, დაფარავს თუ არა ეს ოდენობა ყველა საჭიროებას თუ დამატებით ფინანსები გახდება საჭირო – ამას დეტალური გამოთვლების შემდეგ გავიგებთ. ეს ნატოსა და ევროპის თავდაცვის სააგენტოსთან თანამშრომლობით უნდა გავაკეთოთ. ვიმედოვნებ, 2.4 ტრილიონი ევრო საკმარისი იქნება და ევროპის კონტინენტზე თავდაცვისუნარიანობის განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს“, – განმარტავს ანდრიუს კუბილიუსი.

ევროკავშირში სამხედრო შენგენის ზონის შექმნის იდეას უკვე ათი წელია, რაც განიხილავენ. თუმცა დისკუსიას ბიძგი უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყებამ შესძინა – განსაკუთრებით ახლა, როდესაც ევროკავშირი თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებაზე აქტიურად მუშაობას იწყებს და ევროპელი ლიდერები მომდევნო რამდენიმე წელში ნატოს წევრ სახელმწიფოსა და რუსეთს შორის შესაძლო სამხედრო დაპირისპირების შესახებ სულ უფრო მეტს საუბრობენ.

„ნათლად ვხედავთ რუსეთისგან მომდინარე საფრთხეს – კონვენციური სამხედრო აგრესიის საფრთხეს. რუსეთი ჩვენზე ბევრად მეტ იარაღს აწარმოებს. 3 თვეში ისინი აწარმოებენ იმდენს, რისთვისაც ყველა ნატოს წევრ ქვეყანას, აშშ-ისა და კანადის ჩათვლით, 1 წელიწადი სჭირდება. ამ გამოწვევას თვალი უნდა გავუსწოროთ. თუ გვსურს აგრესიის შეკავება, უნდა ვაწარმოოთ ნამდვილი იარაღი“, – განაცხადა თავდაცვის საკითხებში ევროკომისარმა.

ანდრიუს კუბილიუსმა ხაზი გაუსვა დამოუკიდებელი თავდაცვის ინდუსტრიის შექმნის აუცილებლობასაც, რომლის ფარგლებში, თუნდაც, პარტნიორ ქვეყნებზე დამოკიდებულება მინიმუმამდე შემცირდება.

„უნდა გვესმოდეს, რომ თავდაცვის ინდუსტრია ძალიან სპეციფიკურია. ის სხვა ინდუსტრიებს არ ჰგავს. როდესაც ომი იწყება, მას მაღალ დონეზე განვითარებული ინდუსტრიით უნდა დახვდე. ინდუსტრიით, რომელიც ხელს შეუწყობს აღდგენით სამუშაოებსა და იარაღის წარმოებას. სასურველია ეს ინფრასქტრუქტურა პოტენციურ კონფლიქტის ზონასთან ახლოს იყოს. ამიტომ მოვითხოვთ ევროპულ ინვესტიციებს, ამიტომ გვსურს ევროპული ფულის დახარჯვა ევროპულ დონეზე. როდესაც იარაღის შესაქმნელად სხვა ქვეყნებისგან შეძენილ კომპონენტებს იყენებ, მაგალითად, აშშ-სგან, მაშინ ეს დამატებით რეგულაციებსა და ვალდებულებებთან არის დაკავშირებული. ჩვენ წევრ სახელმწიფოებს აღჭურვილობის პარტნიორებისგან შეძენას არ ვუკრძალავთ. არსებობს იარაღის სისტემები, რომლებსაც ჩვენ ევროპელები არ ვაწარმოებთ. რა თქმა უნდა, ამის გაკეთება გვსურს, მაგრამ დრო გვჭირდება“, – ამბობს კუბილიუსი.

რუსეთ-უკრაინის ომისა და აშშ-ის მხრიდან ევროპულ პროდუქტებზე მოსალოდნელი ტარიფების გათვალისწინებით ევროკავშირის მოქალაქეების უმრავლესობას მტკიცედ სწამს, რომ გაერთიანებამ უსაფრთხოებასა და თავდაცვაში მეტი ინვესტიცია უნდა ჩადოს, – ამას მოწმობს კონტინენტის მასშტაბით ჩატარებული, ევრობარომეტრის უახლესი კვლევა.

გამოკითხვის თანახმად, მოქალაქეების უმრავლესობა გაერთიანებისგან არსებული გლობალური გამოწვევების ფონზე მეტ კონკურენტუნარიანობას ითხოვს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend