ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებული 11 პირის საქმე არსებითი განხილვის ეტაპზე გადავიდა. სასამართლო სხდომა ორ აპრილს ჩაინიშნა. დღევანდელი სხდომა, რომელზეც მტკიცებულებების დასაშვებობაზე მსჯელობდნენ შვიდი საათი გაგრძელდა.
პროცესზე დაცვის მხარე ამტკიცებდა, რომ ბრალდებულთა მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა უნდა შეწყვეტილიყო, რადგან არსებით განხილვაზე გადასვლისთვის არავითარი საფუძველი არ არსებობდა, თუმცა მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ პროკურორების პოზიცია გაიზიარა.
დღის განმავლობაში სხდომის პარალელურად სასამართლოს ეზოში ბრალდებულების ოჯახის წევრები, მეგობრები და მხარდამჭერები შეიკრიბნენ. უკვე მესამე სხდომაა, მათ სასამართლო პროცესზე დასწრების უფლება არ ეძლევათ.
25 მარტს სხდომაზე დასწრების უფლება არ მისცეს უფლებადამცველი ორგანიზაციების დამკვირვებლებსაც. ამასთან, ადვოკატების განცხადებით, პროცესზე დასწრების ნება არ დართეს სახალხო დამცველის წარმომადგენელსაც.
25 მარტს სასამართლო პროცესი სწორედ სხდომის გახსნის შუამდგომლობით დაიწყო, თუმცა ირაკლი შვანგირაძემ ადვოკატ თორნიკე მიგინეიშვილის შუამდგომლობა არ განიხილა.
სასამართლოს არ დაუკმაყოფილებია შუამდგომლობა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების დაშვებასთან დაკავშირებითაც. მას შემდეგ, რაც მოსამართლემ დაცვის მხარის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, და ამასთან, ერთ-ერთი ბრალდებული, რევაზ კიკნაძე, დარბაზიდან გააძევა, ადვოკატებმა მოსამართლის აცილების შუამდგომლობა დააყენეს. მოსამართლეს არც ეს შუამდგომლობა დაუკმაყოფილებია.