მთავარიმსოფლიოუკრაინა 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ აშშ-ის წინადადებას დასთანხმდა

უკრაინა 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ აშშ-ის წინადადებას დასთანხმდა

საუდის არაბეთში აშშ-ის დელეგაციასთან 8-საათიანი მოლაპარაკებების შემდეგ უკრაინულმა მხარემ დაუყოვნებლივ, 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტისთვის მზაობა გამოთქვა.

ვაშინგტონისა და კიევის ერთობლივი განცხადების თანახმად, საბრძოლო მოქმედებებში დროებითი პაუზა რუსეთის ფედერაციის თანხმობის პირობით შესაძლოა გახანგრძლივდეს. ასევე შეერთებული შტატები დაუყოვნებლივ ხსნის შეზღუდვას უკრაინისთვის სადაზღვევო ინფორმაციისა და სამხედრო დახმარების მიწოდებაზე.

11 მარტს საუდის არაბეთში მოლაპარაკების მაგიდასთან ისხდნენ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრიი ერმაკი, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი მაიკლ უოლცი და თეთრი სახლის სპეციალური წარმომადგენელი სტივ ვიტკოფი.

შეხვედრის დასრულების შემდეგ მარკო რუბიომ განაცხადა, რომ ახლა ბურთი რუსეთის მოედანზეა.

„როგორც დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პირველივე დღიდანვე ცხადად ჩანდა, თუნდაც, კანდიდატობის დროს, პრეზიდენტი ტრამპი არის პრეზიდენტი, რომელსაც მშვიდობა სურს. მისი მიზანი მთელი ამ პროცესის განმავლობაში ომის დასრულება იყო. ეს საშინელი, ძვირადღირებული, სისხლიანი ომია. მისი ნომერ პირველი ინტერესი ამ ომის ერთხელ და სამუდამოდ დასრულებაა. დღეს უკრაინელებმა მიიღეს ჩვენი წინადადება ცეცხლის შეწყვეტისა და კონფლიქტის დასრულების მიზნით, მოლაპარაკებების დაუყოვნებლივ დაწყების შესახებ; გრძელვადიანი და მდგრადი გზით დასრულების შესახებ, რომელიც ითვალისწინებს მათი უსაფრთხოებისა და ეროვნული კეთილდღეობის ინტერესებს. ჩვენ ახლა ამ წინადადებას რუსებს წარვუდგენთ, ვიმედოვნებთ, რომ ისინი დაგვთანხმდებიან, დაეთანხმებიან მშვიდობას. ბურთი ახლა მათ მოედანზეა“, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ.


.

განცხადება გააკეთა აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, მაიკლ უოლცმა. მისი თქმით, მოლაპარაკებების ფარგლებში, მხარეებმა ომის სამუდამო დასრულების გზების არსებითი დეტალები განიხილეს.

„დღეს უკრაინის დელეგაციამ მკაფიოდ განაცხადა, რომ ისინი იზიარებენ პრეზიდენტი ტრამპის სამშვიდობო ხედვას, იზიარებენ მის მონდომებას, დასრულდეს ომი და ადამიანების სიკვდილი. უკრაინამ კონკრეტული ნაბიჯები გადადგა. მათ არა მხოლოდ მიიღეს ჩვენი წინადადება სრული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, არამედ განვიხილეთ ამ ომის სამუდამოდ დასრულების გზების არსებითი დეტალები. ვისაუბრეთ იმაზე, თუ რა სახის გარანტიები შეიძლება ჰქონდეს უკრაინას გრძელვადიანი უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის მისაღწევად“, – განაცხადა მაიკლ უოლცმა.

ჯიდაში მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესახებ ისაუბრა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. მისი თქმით, უკრაინა მშვიდობისთვის მზადაა და ახლა აბსოლუტური სიმართლის დრო დადგა.


.

„დღევანდელ შეხვედრაზე ამერიკულმა მხარემ შემოგვთავაზა, დაუყოვნებლივ გადავდგათ პირველი ნაბიჯები და 30 დღით შევეცადოთ ცეცხლის სრული შეწყვეტა, არა მხოლოდ რაკეტების, უპილოტო საფრენი აპარატებისა და ჭურვების, არა მხოლოდ შავ ზღვაში, არამედ ფრონტის მთელ ხაზზე. უკრაინა იღებს ამ წინადადებას, ჩვენ მას პოზიტიურად მივიჩნევთ და მზად ვართ, გადავდგათ ეს ნაბიჯი. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ახლა რუსეთი უნდა დაარწმუნოს ამაში. ჩვენ დავთანხმდებით, თუ კი რუსებიც თანახმა არიან. დღევანდელი დღის მნიშვნელოვანი ელემენტია ასევე, რომ აშშ გამოთქვამს მზაობას, გაუგრძელოს თავდაცვითი დახმარება უკრაინას. უკრაინა მზად არის მშვიდობისთვის. ახლა რუსეთში უნდა გადაწყვიტონ, შეწყვეტენ თუ გააგრძელებენ ომს. აბსოლუტური სიმართლის დრო მოვიდა“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend