2017 წელს აჭარაში, ხელვაჩაურის სამხედრო ბაზაზე, საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლთა მასობრივი სამარხები აღმოაჩინეს. საქართველოში პირველად აღმოჩენილი 4 სამარხიდან ნეშტების ამოსვენების პროცესში მაშინ მეცნიერებს მონაწილეობა არ მიუღიათ. დიდი ტერორის დროს დახვრეტილთა ნეშტების კვლევა 4 წლის შემდეგ, 2021 წლიდან გახდა შესაძლებელი, როდესაც კიდევ ერთი – მეხუთე სამარხი გაიხსნა.
ამ სამარხზე ქართველ მეცნიერებთან ერთად ამერიკის სასამართლო მეცნიერებათა აკადემიის დაფინანსებით შეერთებული შტატებიდან ჩამოსულმა სპეციალისტებმა იმუშავეს.
საბოლოო ჯამში აჭარაში რეპრესიის მსხვერპლთა 6 მასობრივი სამარხი გამოვლინდა და ამერიკელი და პოლონელი მეცნიერების დახმარებით იდენტიფიცირების რთული და ხანგრძლივი პროცესი დაიწყო. რამდენიმე მსხვერპლის ვინაობის დადგენა დნმ-ის ნიმუშების აღებისა და შედარების გზით გახდა შესაძლებელი.
„როდესაც ამას (მელოდიას) ვუსმენ-ხოლმე, მართლა მეტირება… როდესაც მამა წაიყვანეს, მაშინ ჩემმა ძმამ თქვა: მამა აღარ მოვაო და ამ დროს დარეკა საათმა… ასე აწკრიალდა. ყოველ საათში ერთხელ აწკრიალდებოდა ხოლმე”, – იხსენებს რუსუდან ჭანტურიშვილი, ე.წ. დიდი ტერორის დროს რეპრესირებული მღვდლის შვილიშვილი.
ძველი მუსიკალური საათი, საბჭოთა რეჟიმის მიერ დახვრეტილი მღვდლის, პროკოფი ჩიგოგიძის ტრაგიკული ისტორიის ნაწილია. ჩიგოგიძის შვილიშვილი, რუსუდან ჭანტურიშვილი დედის მიერ მოყოლილ ამბავს იხსენებს, რომელიც 1937 წელს რეპრესირებული ბაბუის დაპატიმრებას უკავშირდება.
„ზუსტად ასეთივე, ძველებური საათი იყო ჩვენიც, მაგრამ ის ძველი საათი, ჩვენი ოჯახის, აღარ გვაქვს, დაგვრჩა მხოლოდ ეს დეტალი, რომელიც უკრავს…
რუსუდან და თემურ ჭანტურიშვილების ორივე ბაბუა 1937 წელს დახვრიტეს. თუმცა, ოჯახმა ამის შესახებ წლების განმავლობაში არაფერი იცოდა. ჭანტურიშვილების დედას, რომელიც ქვეყნის მტრის შვილად ითვლებოდა, უთხრეს, რომ მამამისი გადასახლებაში გულის შეტევით გარდაიცვალა.
„ბავშვობიდან როგორც ერთ ისე მეორე ბაბუაზე მესმოდა, როგორ ლაპარაკობდნენ დედა, მამა, ბებიები, მაგრამ ისიც მახსოვს, რომ მიკრძალავდნენ, არსად ამის შესახებ არ ილაპარაკოო, შიშის გრძნობა ჯერ მოსპობილი არ იყო..
დედაჩემი ჰყვებოდა, ბაბუა ჩვენთვის რომ რაღაცას ყიდულობდა – რვეულებსა და წიგნებს, ისევე ყიდულობდა ჩვენი კლასელებისთვისაცო. ეკლესიაში ქართულად, ბერძნულად და რუსულად წირავდა. მერე ნელ-ნელა, როდესაც სამღვდელოება ხელის შემშლელი აღმოჩნდა სოციალისტური სახელმწიფოს მშენებლობისთვის, დაიწყეს ბაბუაჩემის დაცინვა… იყო პერიოდი, როდესაც ეკლესიები და ეკლესიის მოღვაწეები იყვნენ ამ ქვეყნის მტრებად გამოცხადებულები. სინამდვილე ასეთია, რომ პროკოფი იყო სათნო პიროვნება, გარეგნულადაც, შინაგანადაც, ქმედებითაც – არაფრით თავი არ შეურცხვენია, რომელ მტრობაზეა ლაპარაკი?” – ამბობს თეიმურაზ ჭანტურიშვილი.
„დედაჩემი ჰყვებოდა, რომ იმ დროს, როდესაც მღვდლებს ცუდად ახსენებდნენ და აღარ ნათლავდნენ ბავშვებს, მთავრობის ხალხი კი ჩუმად, ღამით მოდიოდა ბაბუასთან – მას ანათვლინებდნენ შვილებს. მაგრამ მერე მაინც წაიყვანეს…” – ამბობს რუსუდან ჭანტურიშვილი.
„რომ მოვიდნენ წასაყვანად, რაღაცები მოაგროვეს და გაატანეს… სამი დღის მერე დაუხვრეტიათ, იქ სადღაც ბათუმთან… დედაჩემს ეუბნებოდნენ, გადაასახლეს და გულის შეტევით მოკვდაო”, – ჰყვება რეპრესირებული მღვდლის შვილიშვილი.
2019 წელს, ბათუმთან ახლოს, ხელვაჩაურის სამხედრო ბაზაზე საბჭოთა რეპრესიის მსხვერპლთა რამდენიმე მასობრივი სამარხი აღმოაჩინეს. არქივში დაცული დოკუმენტების მიხედვით ამ ნეშტებს შორის უნდა იყოს ჭანტურიშვილების ბაბუა, პროკოფი ჩიგოგიძეც, რომელიც ბათუმის ეკლესიაში მღვდლად მსახურობდა. ჩიგოგიძე დღეს ახალმოწამედ არის შერაცხილი.
„დედა ისე განიცდიდა, ყოველთვის, როცა ბათუმში ჩადიოდა, როგორც კი გამოჩნდებოდა ტაძარი, ტიროდა… განსაკუთრებით ზარის ხმას რომ გაიგონებდა, ეკლესიის ზარის ხმაზე სულ ქვითინებდა. სულ ჰქონდა ეს ტრავმა, სულ”, – იხსენებს რუსუდან ჭანტურიშვილი.
ოთარ მგელაძის ბაბუა, ხულოს რაიონში მცხოვრები დაუდ მგელაძე, ერთ-ერთია აჭარის სამარხში აღმოჩენილი იმ ექვსი ნეშტიდან, რომელთა იდენტიფიცირებაც ამ ეტაპზე მოხერხდა. ოთარ მგელაძის ოჯახის წევრებს წლების განმავლობაში სჯეროდათ, რომ დაკავებული გადასახლებული იყო, ან თურქეთში ნათესავებთან აფარებდა თავს. ოთარ მგელაძე იმ ამბავს გვიყვება, რომელიც ოჯახისგან გადმოცემით იცის.
„მოულოდნელად მოვიდნენ, ხელბორკილები დაადეს და წაიყვანეს.. იმის მერე ჩვენ არ ვიცით, ცოცხლები არიან თუ მკვდრებიო. ცოცხლებს იმიტომ ვარაუდობდნენ, რომ იმ დროისთვის ასე დაჭრილები ზოგი ყაზახეთში გაასახლეს, ზოგი სხვაგან – ამ იმედით ცოცხლობდა და ამ იმედით გარდაიცვალა ჩემი ბებია. სულ ელოდა მაინც…”
დნმ-ის კვლევა ოთარ მგელაძეს პირველად სამი წლის წინ შესთავაზეს. ეს კვლევა დღეს, დახვრეტიდან 87 წლის შემდეგ ნეშტების იდენტიფიცირების ერთადერთი შესაძლებლობაა. საბოლოოდ, სამი წლის შემდეგ 99 %-იანი სიზუსტით დადასტურდა, რომ სამარხში აღმოჩენილი ერთ-ერთი ნეშტი მგელაძის ბაბუას ეკუთვნის. დოკუმენტების მოწესრიგების შემდეგ შთამომავალი აპირებს, რომ ბაბუა ოჯახის სასაფლაოზე, მეუღლის გვერდით დაკრძალოს.
„ამ ნეშტიდან ვარ მე წარმოშობილი ხომ? 37-იან წლებში დახვრეტილ კაცისთვის აქამდე პატივი არ უციათ, ახლა ვინ სცემს პატივს? უფრო მეტად მიმაჩნია (სჯობს), რომ თავის მიწაში დაისვენოს 87 წლის შემდეგ, ვიდრე ეს მემორიალი (გაკეთდეს)… შეიძლება ეს მემორიალიც კარგი სანახაობაა, მაგრამ მე მაინც თავისი მეუღლის გვერდზე დავასაფლავებ, წარწერას გავუკეთებ, რომ ეს ასე მოხდა, კაი სასაფლაოს გავუკეთებ და დავაწერ, რომ 37 წელს დახვრეტილი ბაბუა არის (აქ დაკრძალული)… რომ იცოდნენ”, – ამბობს ოთარ მგელაძე.
აჭარის სამარხში აღმოჩენილი ნეშტების კვლევა მესამე წელია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში მიმდინარეობს. კვლევის პროცესს ამერიკელი და პოლონელი მეცნიერების დახმარებით სასამართლო ანთროპოლოგი მერი გონაშვილი ხელმძღვანელობს. სპეციალისტი თავის ქალაზე დარჩენილ იმ კვალს გვაჩვენებს, რომელიც ადასტურებს, რომ სამარხში აღმოჩენილთა უმეტესობას სწორედ კეფის არეში ესროლეს.

„გვაქვს ორი შემავალი ცეცხლნასროლი დაზიანება. ცეცხლნასროლი დაზიანებისთვის თავის ქალაზე დამახასიათებელია შემდეგი ნიშნები, როდესაც გარე ფირფიტის მახასიათებლებს ვაკვირდებით, აქ მოტეხილობა არის შედარებით გლუვი, იგივე შეგვიძლია ვთქვათ მეორეზეც, რომელიც შედარებით ქვემოთ მდებარეობს, ხოლო შიგნიდან გვაქვს ამოტეხილი ძვლები. სწორედ ამის მეშვეობით შეგვიძლია დავადგინოთ, რომელია შემავალი და რომელი – გამავალი მოტეხილობა. მას შემდეგ, რაც განვსაზღვრავთ შემომავალსა და გამავალს, გვაქვს საშუალება განვსაზღვროთ სროლის ტრაექტორიაც. ამ შემთხვევაში გვაქვს უკნიდან წინა მიმართულებით. მსგავსი ნიშანი დამახასიათებელია სამარხში აღმოჩენილი ნეშტების უმეტესობისთვის. უმეტესობას აქვს მსგავსი მდებარეობა შემავალი და გამომავალი ხვრელების”, – გვიხსნის მერი გონაშვილი, საქართველოს სასამართლო ანთროპოლოგიის ასოციაციის (GAFA) პრეზიდენტი.
საქართველოში სასამართლო ანთროპოლოგია ახალი დარგია, ამიტომ რეპრესირებულთა სამარხის კვლევაზე თავდაპირველად ამერიკის სასამართლო მეცნიერებათა აკადემიის დაფინანსებით შტატებიდან ჩამოსულმა სპეციალისტებმა იმუშავეს. მოგვიანებით კვლევაში პოლონელი მეცნიერებიც ჩაერთნენ. ამჟამად, სამედიცინო უნივერსიტეტში სამარხიდან გადმოსვენებულ 150-მდე ნეშტზე მუშაობენ.
დოკუმენტაციის შესწავლა, სამარხის არქეოლოგიური კვლევა, ნეშტების ანთროპოლოგიური კვლევა და დოკუმენტირება, ერთმანეთში შერეული ძვლების განცალკევება და მათი რეკონსტრუქცია იმ სამუშაოების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც ქართველმა და უცხოელმა მეცნიერებმა თბილისისა და ბათუმის უნივერსიტეტის სტუდენტების დახმარებით შეძლეს. თუმცა, როგორც მერი გონაშვილი ამბობს, სამუშაოს ყველაზე ემოციური ნაწილი მაინც შთამომავლებისთვის მათი წინაპრის ამოცნობის შესახებ ინფორმაციის მიწოდებაა.
„ძალიან რთულია, სიტყვებით გადმოსცე ის ემოცია, რასაც იმ მომენტში ისინი განიცდიან, ჩვენ ვისმენთ მათ ტკივილს, ეს არის ოჯახებს ტკივილი, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა. ისინი ატარებენ ამ ტვირთს წლების, ათწლეულების განმავლობაში – ერთი მხრივ, ამ ინფორმაციის მიწოდება არის მათთვის იმ ტკივილის განახლება, რასაც წლების განმავლობაში ატარებენ, მაგრამ მეორე მხრივ ამას მოაქვს შვებაც. პირველად გაუჩნდათ საშუალება ოჯახებს, რომ პატივი მიაგონ ათწლეულების წინ დაკარგულ წინაპარს.
თავდაპირველად, როცა მე ჩავერთე ამ პროცესში, სუფთა მეცნიერული კუთხით მაინტერესებდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ სასამართლო ანთროპოლოგია არ არის მხოლოდ მეცნიერება – ეს არის ახალი დარგი, რომლის შესახებაც ჩვენს ქვეყანაში ჯერ კიდევ ბევრმა არ იცის და ეს არის ჰუმანიზმზე, მორალზე დაფუძნებული მეცნიერება. რასაც აქამდე მოვყავართ, არის ზუსტად ეს – ოჯახები, მათ წინაშე აღებული ჩვენი პასუხისმგებლობა, რომ ღირსეულად ვემსახუროთ ამ საქმეს”, – ამბობს მერი გონაშვილი.
შთამომავლების მოძიებაში მეცნიერებს აჭარაში რეპრესირებულთა ფონდი „მემორიალი” ეხმარება. მათი მეშვეობით, სპეციალისტებმა 200-მდე დნმ-ის ნიმუში უკვე აიღეს, თუმცა ეს ზღვაში წვეთია. ზუსტად არავის არ შეუძლია პასუხის გაცემა კითხვაზე, რა დრო შეიძლება დასჭირდეს სამარხებში აღმოჩენილი ყველა ნეშტის კვლევის დასრულებას, მით უფრო, როდესაც პროექტის ამერიკული დაფინანსება დროებით შეჩერებულია.
მკვლევრებისა და შთამომავლების ნაწილი მიიჩნევს, რომ საქართველოში საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლთა მემორიალი უნდა არსებობდეს.
„მე სულაც არ მოვითხოვ, რომ ბაბუაჩემი ცალკე დაიკრძალოს, კი ეს იდეალური იქნებოდა, მაგრამ ვინ შეძლებს ამას? უნდა დასაფლავდნენ ნორმალურად, წესიერად, ერთად და ობელისკი აიგოს წარწერებით – ვინ არიან… რომ შემეძლოს იქ მისვლა, მივიდოდი და სანთელს დავუნთებდი”, – ამბობს რეპრესირებული, პროკოფი ჩიგოგიძის შთამომავალი თეიმურაზ ჭანტურიშვილი.