მთავარიაზიასირიასირიელი ქურთების დაჯგუფებამ სირიის მთავრობასთან შეთანხმებას მოაწერა ხელი

სირიელი ქურთების დაჯგუფებამ სირიის მთავრობასთან შეთანხმებას მოაწერა ხელი

სირიის დროებითი მთავრობა აცხადებს, რომ დასრულებულია საომარი ოპერაცია დამხობილი პრეზიდენტის, ბაშარ ალ-ასადის, მომხრეთა წინააღმდეგ. ასევე „სირიის დემოკრატიული ძალების“ მეთაურმა მაზლუმ აბდიმ და ალ-შარამ ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს ქურთთა ფორმირებების ინტეგრაციას სირიის სამხედრო და სამოქალაქო ინსტიტუტებში.

მაზლუმ აბდის განცხადებით, ეს შეთანხმება არის რეალური შესაძლებლობა, რომ აშენდეს ახალი სირია, რომელიც უზრუნველყოფს კეთილმეზობლობას.

მანამდე კი გასული ხუთი დღის განმავლობაში სირიაში შეიარაღებული დაპირისპირება მიმდინარეობდა. ქვეყნის დასავლეთით, სადაც ისლამური რელიგიური უმცირესობის წარმომადგენლები, ალავიტები ცხოვრობენ, სამთავრობო უსაფრთხოების ძალებსა და ბაშარ ალ-ასადის მხარდამჭერ მებრძოლებს შორის შეტაკებას ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. შეტაკება 6 მარტს დაიწყო. სირიის ახალი ხელისუფლება აცხადებდა, რომ აჯანყებას ახშობდა, თუმცა მეორე დღეს, გავრცელებული ინფორმაციით, დაპირისპირება შურისძიებაში გადაიზარდა.

სირიის სამთავრობო უსაფრთხოების ძალებსა და ბაშარ ალ-ასადის მხარდამჭერ, შეიარაღებულ პირებს შორის შეტაკების შედეგად დამწვარი მანქანები, სირია, 10 მარტი, 2025 წელი Copyright AP Photo/Omar Albam

ეს შეთანხმება ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოვლენაა ქვეყანაში მას შემდეგ, რაც დეკემბერში მეამბოხეებმა ყოფილი პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი ჩამოაგდეს.

თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა ჰასან აბდულ ღანიმ X-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში დაწერა, რომ სახელმწიფო ინსტიტუტებს დღეიდან თავიანთი საქმიანობის გაგრძელება ჩვეულ რეჟიმში შეუძლიათ.

„სამხედრო ოპერაცია დასრულებია. ახლა უსაფრთხოების ძალები იზრუნებენ იმაზე, რომ გააძლიერონ თავიანთი ძალისხმევა სტაბილურობისა და ხალხის უსაფრთხოების დასაცავად. ასევე შემუშავდა ახალი გეგმები მომავალ საფრთხეებთან გასამკლავებლად. საგამოძიებო კომიტეტს მივცემთ სრულ შესაძლებლობას, რომ აღავლინოს სამართალი დამნაშავეების მიმართ“, – აცხადებს ჰასან აბდულ ღანი.

სირიის გაქცეული დიქტატორის ბაშარ ალ-ასადის მხარდამჭერებსა და ქვეყნის უსაფრთხოების ძალებს შორის ძალადობრივ შეტაკებას ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში 1130 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის 830 მშვიდობიანი მოქალაქე იყო. დაპირისპირება დაიწყო სირიის დასავლეთ სანაპიროს საპორტო ქალაქ ლატაკიასთან მომხდარი თავდასხმით, სადაც ბაშარ ალ-ასადის მხარდამჭერები, ალავიტები ცხოვრობენ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend