სოციალურ ქსელში წერენ, რომ „ბაკურიანი ციდას” წყლის დალევის შედეგად არასრულწლოვანი კლინიკაში მოხვდა, თუმცა ამ ინფორმაციას უარყოფს კომპანია IDS ბორჯომი. მათი თქმით, შეამოწმეს ამჟამად ქსელში არსებული ყველა პარტიის ნიმუში და ადასტურებენ, რომ ამ ნიმუშებში დარღვევა არ არის.
კომპანიის განცხადებაში საუბარია იმაზეც, რომ გადამოწმდა საწარმოო პროცესის სრული ტექნოლოგიური ციკლი, რომელიც გამორიცხავს პროდუქტში რაიმე უცხო ნივთიერების მოხვედრას.
სურსათის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ სააგენტოს ინსპექტორები წყლის დამფასოებელ საწარმოში ახორციელებენ არაგეგმურ ინსპექტირებას, რომელიც მოიცავს სრულ ტექნოლოგიურ ციკლს. ამავდროულად სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში აღებულია წყლის სინჯები, რომელთა ლაბორატორიული კვლევის შედეგებიც მყისიერად გასაჯაროვდება.
სოციალურ ქსელში ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს ინტოქსიკაციის შედეგად იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში 120 ბავშვი განათავსეს. თუმცა კლინიკის ოფიციალური განცხადების თანახმად, ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.
მათი თქმით, დღევანდელი დღის მონაცემებით, კლინიკაში სავარაუდო ინტოქსიკაციის დიაგნოზით მკურნალობას გადის მხოლოდ ერთი პაციენტი. შესაბამისი ორგანოების მოკვლევის შედეგად გახდება ცნობილი მოწამვლის მიზეზები. მათივე თქმით, ამ ეტაპზე ბავშვის მდგომარეობა არ გაუარესებულა.