მთავარისაქართველოპროტესტი გრძელდება

პროტესტი გრძელდება

ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო მსვლელობისას სამართალდამცველებმა რამდენიმე აქციის მონაწილე დააკავეს.

დემონსტრანტებს პოლიცია რუსთაველიდან მოყოლებული დაედევნა. მათ შესაჩერებლად, აქციის მონაწილეებმა ჭავჭავაძის გამზირზე ნაგვის ურნებით ბარიკადები აღმართეს.

მხარეებს შორის დაპირისპირების შედეგად კი რამდენიმე აქტივისტი ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. მათ შორის დაკავებულია „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე.

ჭავჭავაძის გამზირზე დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში საავტომობილო მოძრაობა იყო შეფერხებული, თუმცა ამ დროისთვის მოძრაობა აღდგენილია.

ვაკეში აქციამ მას შემდეგ გადაინაცვლა, რაც რუსთაველზე სპეცრაზმელებმა დემონსტრანტების დარბევა დაიწყეს. დაახლოებით დილის 6 საათზე რუსთაველის გამზირზე სპეცრაზმელებმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ, რომლებიც მთელი ღამის განმავლობაში რუსთაველზე იდგნენ, ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.

დემონსტრანტებსა და სამმართალდამცველებს შორის შეტაკებები მოხდა მეცნიერებათა აკადემიის მიმდებარე ტერიტორიასა და რესპუბლიკის მოედანზე, სადაც სპეცრაზმელები იყვნენ განთავსებული.

სამართალდამცველები მობილიზებული იყვნენ რუსთაველისა და მელიქიშვილის გამზირებზე. აქციის მონაწილეების თქმით სამართალდამცველებმა ისინი ალყაში მოაქციეს და სწორედ ამ მეთოდით ცდილობდნენ მათ დაკავებას, რაც შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ნორმების დარღვევაა.

სამართალდამცველებმა რამდენიმე დემონსტრანტი მეტრო რუსთაველის შესასვლელსა და მიმდებარე ტერიტორიაზეც დააკავეს. დილის 6 საათამდე კი რუსთაველის გამზირზე დემონსტრანტებს ბარიკადები, სადაც ცეცხლი ჰქონდათ დანთებული, ორ ადგილას ჰქონდათ აღმართული.

პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციის აქტიურად დაშლა კი დაახლოებით ღამის 2 საათიდან დაიწყო. შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფებმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი, წყლის ჭავლის მანქანა და წიწაკის სპრეი გამოიყენეს.

დაპირისპირებისას ათეულობით დემონსტრანტი იქნა დაკავებული. როგორც თავად მომიტინგეები ამბობენ, პოლიცია ისევ ფიზიკურად გაუსწორდა არაერთ დემონსტრანტს და მათ დაკავების შემდეგ სცემდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროში კი ამბობენ, რომ„ აქცია არაერთხელ გასცდა შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ნორმებს.

” მათი განცხადებით დემონსტრანტების მხრიდან დაფიქსირდა სამართალდამცველებზე თავდასხმის ფაქტები, სადაც აქციის მონაწილეები ისროდნენ ქვებს, სხვადასხვა ნივთებს, პიროტექნიკას და ცეცხლმოკიდებულ ნივთებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით მიმდინარე აქციებზე, პოლიციელებზე თავდასხმისა და ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანების ბრალდებით სამი პირია დაკავებული. „სისხლის სამართლის კოდექსით“ გათვალისწინებული აღნიშნული დანაშაული 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. უწყების ცნობით, აქციების დროს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით სულ 224 პირი დააკავეს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend