2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებსა და წინასაარჩევნო პროცესს სხვა სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან ერთად „დემოკრატიის კვლევის ცენტრი“ (DRC) სწავლობდა. სამოქალაქო ორგანიზაციამ მათ მიერ გამოკვეთილ მიგნებებზე საჯარო პრეზენტაცია გამართა. DRC-ის წარმომადგენლები ამბობენ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მის ხელთარსებული ძალაუფლების ყველა ბერკეტი გამოიყენა, რათა სხვა პარტიები არათანაბარ პირობებში ჩაეყენებინა და არჩევნებში სასურველი შედეგი მიეღო.
„წინასაარჩევნო კამპანიის დროს ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებისა და კენჭისყრის დღეს ჩადენილი დარღვევების მასშტაბებმა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა არჩევნების სამართლიანობა და ლეგიტიმურობა.
წინასაარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებამ არათანასწორი საარჩევნო გარემო შექმნა საარჩევნო სუბიექტებისთვის, როდესაც მმართველმა პარტიამ სახელმწიფო ბიუჯეტისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ბიუჯეტის ხარჯზე მიიღო საგრძნობი უპირატესობა.
ჩვენ შევადარეთ 2024 წელი 2023 წელს და აღმოვაჩინეთ, რომ მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ-ებში ხელშეკრულებით აყვანილი თანამშრომლების რაოდენობა 8.2%-ით არის გაზრდილი. ხოლო ხელფასების საერთო მატების შედეგად, ქვეყნის მასშტაბით თბილისის გარდა, მთლიანი სახელფასო ფონდი 16,5%-ით გაიზარდა.
სახელმწიფო უწყებების მიერ სხვადასხვა დროებითი ღონისძიებები, რომლებიც საარჩევნო პერიოდში განხორციელდა, ტოვებდა იმის შთაბეჭდილებას, რომ ამ საქმეს არა ბიუჯეტის ხარჯზე სახელმწიფო, არამედ მმართველი პარტია აკეთებს. ხელისუფლებამ ყველა ბერკეტს მიმართა არჩევნებში სხვა მონაწილე პარტიებთან შედარებით, უპირატესობის მოპოვებისთვის“, – აცხადებს DRC-ის დირექტორი თამარ ხიდაშელი.
„დემოკრატიის კვლევის ცენტრის“ პრეზენტაციის გარდა საკუთარი დაკვირვების შედეგები კიდევ ერთხელ წარადგინეს შეხვედრაზე მყოფმა სხვა სამოქალაქო ორგანიზაციების ხელმძღვანელმა პირებმა. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძე აცხადებს, რომ ჩატარებული არჩევნები უპრეცედენტო და მიზანმიმართული დარღვევებით გამოირჩეოდა.
„სხვადასხვა დარღვევას შორის, რაც გამორჩეული იყო, ხდებოდა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება. ასევე დაშინების მეთოდის სხვადასხვა ფორმით გამოყენება. მაგალითად, რომ მათი ხმა არ იქნებოდა ფარული და მაინც გაიგებდნენ, თუ რომელ პარტიას მისცეს ხმა. რაც ჩვენ არჩევნების დღეს ვიხილეთ, ვგულისხმობ ხმის ფარულობის დარღვევის არა რამდენიმე, არამედ მასშტაბურ შემთხვევას, ეს იყო უპრეცედენტო და არასდროს არც ერთ არჩევნებზე ასე არ ყოფილა. ჩვენი დავა გრძელდება, ამჯერად სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებული გვაქვს ცესკოს შემაჯამებელი ოქმი. ასევე ვითხოვთ, რომ მანამ, სანამ საკონსტიტუციო სასამართლო არ მიიღებს გადაწყვეტილებას პრეზიდენტის სარჩელზე, ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი არ დაესწროს პარლამენტის სხდომას“, – აცხადებს საიას თავმჯდომარე.
არასამთავრობო ორგანიზაციების დაკვირვების შედეგები მოისმინეს პოლიტიკოსებმა ოპოზიციური პარტიებიდან. ისინი იზიარებენ სამოქალაქო ორგანიზაციების მიგნებებს და ამბობენ, რომ „ქართული ოცნება“ ხელისუფლებას ისაკუთრებს.
„სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანას არასდროს ჰყოლია ხელისუფლება, რომელიც არჩევნებს გაყალბებისა და მითვისების გარეშე ჩაატარებდა. თუმცა, რაც დღეს ვნახეთ, არჩევნების ასეთი არნახული გაყალბება და მიტაცება ჯერ არ ყოფილა. ის, რაც ვიცოდით, კიდევ უფრო დამამძიმებლად ჩანს სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიკვლეული ფაქტებით. ეს იყო გაყალბება „რუსული მეთოდებით“. ჩვენ, ისევე როგორც სამოქალაქო და საერთაშორისო საზოგადოება, რა თქმა უნდა, პროცესს უნდა მივყვეთ. ყველა სამართლებრივი ბერკეტი უნდა გამოვიყენოთ ფაქტების შესასწავლად. ასევე ვაცნობოთ საერთაშორისო პარტნიორებს ყველა მეთოდი, რომლითაც „ქართულმა ოცნებამ“ მოახერხა მოქალაქეთა ხმების მითვისება“, – აცხადებს „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ხათუნა სამნიძე.
DRC-ის შეხვედრაზე, წინა პრეზენტაციებისგან განსხვავებით, არ მიიწვიეს „ქართული ოცნება“. ამ და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებმა მმართველ პარტიასთან თანამშრომლობა მას შემდეგ შეწყვიტეს, რაც მეათე მოწვევის პარლამენტმა მიიღო ე.წ. „უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის კანონი“, რომელსაც სამოქალაქო სექტორი, ოპოზიცია, საზოგადოების ნაწილი და საერთაშორისო პარტნიორები დემოკრატიის საზიანო ბერკეტად მიიჩნევენ.
ალეკო გვეტაძე