სულ რამდენიმე დღე რჩება 25 ნოემბრამდე, ანუ იქამდე, ვიდრე საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტი უნდა შეიკრიბოს.
როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, ახალი პარლამენტის პირველი შეკრების ვადა დადგენილია საქართველოს კონსტიტუციით და ის, არჩევნების ოფიციალური შედეგების გამოქვეყნებიდან ზუსტად მე-10 დღეს, ანუ 25 ნოემბერს შეიკრიბება.
ოპოზიცია კი არ აღიარებს არჩევნების შედეგებს და აცხადებენ, რომ 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ისინი არ აპირებენ საქართველოს პარლამენტში შესვლას. ისინი რიგით მოქალაქეებთან ერთად უკვე დაახლოებით ერთი თვეა აპროტესტებენ არჩევნების შედეგებს და ხელახალ არჩევნებს ითხოვენ.
მათ შორის, გუშინ, 20 ნოემბერს, ოპოზიციური პარტიების ნაწილი სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით შეიკრიბა. პარტიების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ სამოქმედო გეგმა არის ბრძოლა ყველა მიმართულებით. ასევე აღნიშნეს, რომ აქციების კონკრეტული თარიღები გამოცხადდება იმ დროს, რომელიც საუკეთესო იქნება მიზნის მისაღწევად.
„სამი პრინციპული საკითხი განვიხილეთ, რაზეც აქამდეც ხშირად გვისაუბრია. ვიმსჯელეთ საერთაშორისო საკითხებზე, როგორ უნდა გვქონდეს კოორდინაცია. ამასთან დაკავშირებით, სრული თანხმობა გვაქვს, მათ შორის ვიმსჯელებთ იმასთან დაკავშირებით, როგორ იყოს უფრო ეფექტური კოორდინაცია. მეორე საკითხია, აქაური ლეგიტიმაციის არმიცემა არცერთი პოლიტიკური ჯგუფის მიერ. სამი პოლიტიკური ჯგუფი ცალსახად თანხმდება იმაზე, რომ ამ პარლამენტს ლეგიტიმაციას არ აძლევს. მესამე საკითხი იყო – აქციები, რომლებზეც ბევრი ვისაუბრეთ. რაღაცებზე შევთანხმდით, რაღაცები კიდევ გვაქვს გასავლელი ხვალ დილით, მაგრამ დეტალებს ჯერ არ მოგიყვებით. დღეს ღამეც გაგრძელდება კონსულტაციები ონლაინსივრცეში“, – განაცხადა ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ.
ამასობაში საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა უკვე მიმართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით და არჩევნების საბოლოო შედეგების არაკონსტიტუციურად ცნობა მოითხოვა. პრეზიდენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ცნობით, არჩევნების საყოველთაობისა და ფარულობის პრინციპების დარღვევიდან გამომდინარე პრეზიდენტი არჩევნების მომწესრიგებელი სადავო ნორმებისა და მათ საფუძველზე ჩატარებული არჩევნების საბოლოო შედეგების არაკონსტიტუციურად ცნობას მოითხოვს.
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში” აცხადებენ, რომ საქართველოს პარლამენტი ვერ ცნობს არჩეული წევრების უფლებამოსილებას იქამდე, ვიდრე არ დასრულდება დავა საკონსტიტუციო სასამართლოში.
მმართველ გუნდში კი ამბობენ, რომ სისულელეა, თითქოს, კონსტიტუციურ სარჩელს შეუძლია, შეაჩეროს უფლებამოსილების ცნობა. მათივე თქმით, პარლამენტი კონსტიტუციის შესაბამისად, 25 ნოემბერს, შეიკრიბება.
„უმრავლესობის მიერ ხმების მოპოვება ნიშნავს ხელისუფლებაში ყოფნას და, შესაბამისად, დემოკრატია მოითხოვს, რომ ყველამ პატივი სცეს ამომრჩევლის ნებას. ეს ნიშნავს, რომ პარლამენტის მინიმუმ 100 წევრი იდენტიფიცირებულია ცესკოს მიერ წარმოდგენილი შემაჯამებელი ოქმით. პარლამენტი შეიკრიბება, თუ მის სხდომას ესწრება მინიმუმ 76 დეპუტატი. „ქართულ ოცნებას“ 89 მანდატი გვაქვს, შევიკრიბებით და ვცნობთ მინიმუმ 100 დეპუტატის უფლებამოსილებას. კონსტიტუცია მკაცრად განსაზღვროს, რომ პარლამენტი უნდა შეიკრიბოს არაუგვიანეს მე-10 დღისა, იდენტიფიცირებულები არიან დეპუტატები, მათი უფლებამოსილების ცნობა მოხდება, შესაბამისად, დამაბრკოლებელი გარემოება არ არსებობს“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
ცესკოს მონაცემების თანახმად, მე-11 მოწვევის პარლამენტში „ქართულ ოცნებას“ 150-დან 89 მანდატი ექნება, ხოლო ოთხ ოპოზიციურ პლატფორმას ჯამში 61.
ანა ალელიშვილი