მთელი მსოფლიოს ყურადღება ახლა დონალდ ტრამპისკენ არის მიმართული. ყველას აინტერესებს, როგორი იქნება დონალდ ტრამპის საგარეო თუ საშინაო პოლიტიკა, რა ნაბიჯებს გადადგამს მისი ადმინისტრაცია უკრაინასთან დაკავშირებით და როგორ დაუპირისპირდება ის რუსეთის, ჩინეთისა და ირანის მზარდ გავლენას. ამ კითხვებზე პასუხის სრულყოფილად გაცემა ჯერჯერობით შეუძლებელია, თუმცა ბევრი რამ იმაზეა დამოკიდებული, თუ ვინ იქნებიან დონალდ ტრამპის კაბინეტის წევრები.
პრეზიდენტის კაბინეტის ოთხ ყველაზე მნიშვნელოვან წევრად მოიაზრება სახელმწიფო მდივანი, ხაზინის მდივანი, თავდაცვის მდივანი და გენერალური პროკურორი. თანამდებობის ოთხივე პირს აშშ-ის პრეზიდენტი ნიშნავს, შემდეგ სენატი განიხილავს და საბოლოოდ ამტკიცებს.
თავად ტრამპი ამბობს, რომ მას უკვე გადაწყვეტილი აქვს, ვის წარადგენს ამა თუ იმ თანამდებობაზე. აგრეთვე, სოციალურ ქსელში მან გაავრცელა ინფორმაცია, რომ კაბინეტში არ მიიწვევს აშშ-ის ყოფილ ელჩს გაეროში და სამხრეთ კაროლინის გუბერნატორს, ნიკი ჰეილისა და აშშ-ის ყოფილ სახელმწიფო მდივანს, მაიკ პომპეოს.
ცნობილია, რომ თეთრი სახლის აპარატის ხელმძღვანელი 67 წლის სუზი უაილზი იქნება. იგი აშშ-ის ისტორიაში პირველი ქალია, რომელიც ამ თანამდებობას დაიკავებს. დონალდ ტრამპი აღნიშნავს, რომ სუზი უაილზმა 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მის გამარჯვებაში უდიდესი წვლილი შეიტანა. თეთრი სახლის აპარატის ხელმძღვანელი პასუხისმგებელია პრეზიდენტის განრიგზე. აპარატის ხელმძღვანელი მუდმივად თანამშრომლობს ყველა დეპარტამენტთან და ზედამხედველობს აშშ-ის პრეზიდენტის ყველა აქტივობას.
აგრეთვე, ცნობილია, ვინ იქნება გაეროში აშშ-ის ელჩი. ამ თანამდებობაზე დონალდ ტრამპმა აშშ-ის წამომადგენელთა პალატის წევრი, ელის სტეფანიკი, წარადგინა. როგორც სტეფანიკი მედიასთან აცხადებს, მან ტრამპის შემოთავაზება უკვე მიიღო.
წინასაარჩევნო კამპანიის დროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი მიგრაცია იყო. დონალდ ტრამპი ამომრჩეველს ამ პრობლემის გადაჭრას დაჰპირდა. მან პირადად დაადასტურა, რომ საზღვრის უსაფრთხოების საკითხებს თომას ჰომანი ჩაიბარებს. პირველი ვადის დროს ტრამპმა ის მიგრაციისა და საბაჟო აღსრულების დეპარტამენტის დირექტორად დანიშნა. თომას ჰომანის თქმით, ის იქნება პასუხისმგებელი უკანონოდ ჩამოსული მიგრანტების დეპორტაციაზე.
პრეზიდენტის კაბინეტში მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, რომელიც ვიცე-პრეზიდენტის შემდეგ თანამდებობის უმაღლესი პირია. სახელმწიფო მდივანი საზღვარგარეთ აშშ-ის წარმომადგენელია და ხშირად მას საგარეო საქმეთა მინისტრთანაც აიგივებენ.
ზუსტი ინფორმაცია, თუ ვის წარადგენს ტრამპი, უცნობია, თუმცა, წინასწარი ინფორმაციით, ეს ფლორიდის სენატორი და სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი, 53 წლის მარკო რუბიო იქნება.
ამ თანამდებობაზე მარკო რუბიოს დანიშვნა დონალდ ტრამპის საგარეო პოლიტიკურ კურსზე მეტყველებს და ის შესაძლოა რუსეთისთვის, ჩინეთისა და ირანისთვის დიდი პრობლემა იყოს, რადგან ფლორიდის სენატორი ავტორიტარული სახელმწიფოების წინააღმდეგ ხისტი პოლიტიკის გატარების მომხრეა.
ასევე უცნობია, ვინ დაიკავებს თავდაცვის მდივნის თანამდებობას. თავდაპირველად, მედია 60 წლის მაიკ პომპეოს მოიაზრებდა, თუმცა ეს ინფორმაცია დონალდ ტრამპმა თავადვე უარყო. გაზეთ „POLITICO”-ს აზრით, თანამდებობაზე ტრამპი არკანზასის სენატორის, ტომ კოტონის დანიშვნას ფიქრობს. ის წარსულში ერაყისა და ავღანეთის სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობდა და, მარკო რუბიოს მსგავსად, ჩინეთისა და ირანის მოწინააღმდეგეა.
აშშ-ის პრეზიდენტის მრჩევლად ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ფლორიდელი მაიკ უოლცი მოიაზრება. უოლცი გამოირჩევა ჩინეთის საწინააღმდეგო ხმამაღალი განცხადებებით. ამავდროულად, ის სკეპტიკურად იყო განწყობილი და არ უჭერდა მხარს უკრაინისთვის მეტი იარაღის მიწოდებას.
აშშ-ის ხაზინის მდივანს დიდი პასუხისმგებლობა ეკისრება. მას მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ეკონომიკური პრობლემების გადაჭრა ევალება. დონალდ ტრამპი, მიგრაციის კრიზისის აღმოფხვრის გარდა, მოქალაქეებს ინფლაციის დაძლევას, ფასების დაწევასა და ეკონომიკურ სტაბილურობასაც დაჰპირდა. აშშ-ის მოქალაქეები, სავარაუდოდ, ყველაზე მეტად ტრამპის ადმინისტრაციის ამ მიმართულებით მუშაობას დააკვირდებიან. სწორედ ამიტომ დონალდ ტრამპი კანდიდატს დიდი სიფრთხილით შეარჩევს. ამერიკულ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია სკოტ ბესენტზე, რომელიც ახლად არჩეული ვიცე-პრეზიდენტის, ჯეი დი ვენსის ახლო მოკავშირეა და ტრამპის სიმპათიასაც იმსახურებს იმის გამო, რომ მისი ეკონომიკური პროგნოზები ხშირად მართლდება.
ეს არასრული ჩამონათვალია იმ თანამდებობებისა, რომლებზეც დონალდ ტრამპმა საკუთარი კანდიდატები უნდა წარადგინოს. ეს სია საბოლოო არ არის, მაგალითად, უცნობია, ვის მოიაზრებს ტრამპი გენერალურ პროკურორად, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი თანამდებობაა განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ტრამპის წინააღმდეგ სასამართლოში ამდენი სარჩელია.
წარდგენილი კანდიდატურები ჯერ სენატმა უნდა განიხილოს და შემდეგ დაამტკიცოს. თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ სენატში უმრავლესობა რესპუბლიკურმა პარტიამ მოიპოვა, დონალდ ტრამპისთვის ეს დიდი დაბრკოლება არ უნდა იყოს.