„ეს ნამდვილად იქნება ამერიკის ოქროს ხანა” – განაცხადა დონალდ ტრამპმა მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ წინასწარი შედეგებით, ყოფილი პრეზიდენტი ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნების გამარჯვებულია. მან ამერიკელ ხალხს მადლობა გადაუხადა და თქვა, რომ თითოეული მოქალაქისა და ოჯახისთვის იბრძოლებს. დონალდ ტრამპმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა იმ გადაუწყვეტელ შტატებს, რომელთა შედეგებიც უკვე ცნობილია და სადაც გამარჯვება რესპუბლიკელმა კანდიდატმა მოიპოვა.
„მინდა მადლობა გადავუხადო ამერიკელ ხალხს ქვეყნის 47-ე და ასევე 45-ე პრეზიდენტად არჩევის უდიდესი პატივისთვის. მოქალაქეებო, მე ვიბრძოლებ თქვენთვის, თქვენი ოჯახებისთვის, თქვენი მომავლისთვის. თქვენთვის ყოველ დღე ვიბრძოლებ. ვიბრძოლებ ბოლო ამოსუნთქვამდე და არ გავჩერდები, ვიდრე არ გვექნება ძლიერი და უსაფრთხო ამერიკა, რომელსაც ჩვენი შვილები და თქვენ იმსახურებთ. ეს ნამდვილად იქნება ამერიკის ოქროს ხანა.
გულწრფელად მჯერა, რომ ეს იყო ყველა დროის ყველაზე დიდებული პოლიტიკური მოძრაობა ამ ქვეყანაში და შეიძლება მის მიღმაც. ახლა ის მნიშვნელობის თვალსაზრისით ახალ დონეს მიაღწევს, რადგან ჩვენ ჩვენს ქვეყანას განკურნებაში დავეხმარებით. ჩვენს ქვეყანას დახმარება სჭირდება, თანაც ძალიან. ჩვენ მოვაწესრიგებთ საზღვარს, მოვაწესრიგებთ ყველაფერს, რაც ჩვენს ქვეყანას ეხება. დღეს ისტორია გარკვეული მიზეზით დავწერეთ. ჩვენ დავძლიეთ დაბრკოლებები, რომელთა დაძლევაც ვერავის წარმოედგინა. ცალსახაა, რომ ჩვენ მივაღწიეთ ყველაზე წარმოუდგენელ პოლიტიკურ გამარჯვებას”, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.