მთავარისაქართველოდუხობორები საქართველოში

დუხობორები საქართველოში

დუხობორები ნელ-ნელა მიდიან საქართველოდან. გასული საუკუნის 90-იან წლებამდე ჯავახეთის 8 სოფელი მთლიანად ამ თემით იყო დასახლებული, დღეს კი, ამ რეგიონში მხოლოდ ათობით დუხობორი თუ დარჩა. მაგალითად, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ორლოვკაში დუხობორების სულ ერთი ოჯახი დარჩა: იური, მისი ცოლი სვეტლანა, შვილები – ნინა, დარია და 10 წლის ილია. იური ამბობს, რომ ბევრჯერ უფიქრია წასვლაზე, თუმცა სირთულეებს ერევა, რათა წინაპართა საფლავებს მოუაროს და დუხობორების ტრადიციებს გაუფრთხილდეს.

იური სტრუკოვის სახლი სოფელ ორლოვკაში, საქართველო, 4 მაისი, 2024 წელი Copyright AP Photo/Kostya Manenkov

„როცა აქ ჩამოვედით, პრაქტიკულად მთელი სოფელი ჩვენ ვიყავით – დუხობორები. შემდეგ დროთა განმავლობაში რამდენიმე მასობრივი გადასახლება იყო რუსეთის სხვადასხვა ადგილას, ასევე იყო ინდივიდუალური გადასახლებებიც… და ადგილობრივმა მოსახლეობამ ჩაანაცვლა ჩვენი ხალხი”, – ამბობს ორლოვკის მცხოვრები იური სტრუკოვი.

46 წლის იური სტრუკოვი თავის ფერმაში ძროხას წველის, სოფელი ორლოვკა, საქართველო, 4 მაისი, 2024 წელი Copyright AP Photo/Kostya Manenkov

წარსულში სულ დუხობორებით დასახლებულ ჯავახეთის სოფლებში ახლა უმეტესად ეთნიკურად ქართველები და ქართველი სომხები ცხოვრობენ. ზოგი წავიდა და დაბრუნდა, ზოგმაც სამუდამოდ დატოვა ჯავახეთი. ამ შორეულ სოფლებში ცხოვრება არ არის მარტივი. ზამთარი მკაცრია – ზაფხულში კი გვალვა იცის, უახლოესი ქალაქი სამი საათის სავალზეა. ამ მიდამოებში პირუტყვის მოვლაც რთული საქმეა და მიწაც არ არის ბარაქიანი.

ორლოვკაში დუხობორების სასაფლაოა. იქ ხშირად მიდიან ადგილობრივი დუხობორები წინაპართათვის პატივის მისაგებად. სწორედ ეს არ ეთმობა იურისა და მის ოჯახს. ამბობენ, რომ აქაურობა მათი წინაპრების ლოცვით, სისხლითა და ოფლით არის გაჟღენთილი.

ნინა სტრუკოვა, დარია სტრუკოვა, ილია სტრუკოვი და მათი დედა სვეტლანა სასაფლაოსკენ მიდიან, საქართველო, 5 მაისი, 2024 წელი Copyright AP PHoto/Kostya MAnenkov

„სხვათა შორის აქ (სასაფლაოზე) დუხობორების პირველი დასახლება იყო. ისინი აქ მიწურებში ცხოვრობდნენ, რადგან ნოემბრის თვეში გადმოასახლეს… აქ კი ნოემბერში უკვე თოვლი და სრული სიცარიელეა”, – ამბობს სვეტლანა, იური სტრუკოვის მეუღლე.

დუხობორების ტრადიციული სამოსი, სოფელი ორლოვკა, საქართველო. 5 მაისი, 2024 წელი Copyright AP Photo/Kostya Manenkov

მისტიკურ-რაციონალური მიმდინარეობა – დუხობორები რუსეთში მე-18 საუკუნის მეორე ნახევარში ჩამოყალიბდა. მათი რწმენა ძალადობის უარყოფაზე დგას… ისინი უარს ამბობდნენ იმპერატორის არმიაში წასვლაზე, არ აქვთ ჯვრები, ხატები და არ ჰყავთ შუამავლები ღმერთთან. აქვთ ტრადიციები, რომლებიც შთამომავლობით ზეპირსიტყვიერად გადაიცემა. სწამთ, რომ ადამიანის სული ღმერთის ნაწილია და რეინკარნაციის სჯერათ… ამიტომაც, მათი ადგილი რუსეთის იმპერიაში არ იყო… იდევნებოდნენ, ან თავად ტოვებდნენ მშობლიურ მიწას. ასე აღმოჩნდნენ დუხობორები აქ, საქართველოში…

საბჭოთა რეჟიმის დროსაც კი, ჯავახეთის დუხობორებით დასახლებულ სოფლებში არც ერთი კვირა არ ყოფილა ლოცვის გარეშე. რეგიონში მოწინავე კოლმეურნეობაც მათ ჰქონდათ. ოჯახებით ათასობით დუხობორი ცხოვრობდა ჯავახეთის 8 სოფელში. 90-იანების დასაწყისი და ეკონომიკური კრიზისი ისედაც ცივილიზაციას მოწყვეტილი სოფლებისთვის, კიდევ უფრო მძიმე ასატანი აღმოჩნდა. მერე დუხობორებმა წასვლა დაიწყეს. საქართველოში მხოლოდ ათობით მათგანი დარჩა. ახლა ისინი უვლიან აქ, ჯავახეთში, წინაპართა საფლავებს.

(წყარო: AP)

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend