18 სექტემბერს „როიტერსმა“ გერმანიის ეკონომიკის სამინისტროსთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ გერმანიამ სამართლებრივი გამოწვევების ფონზე შეაჩერა ახალი შეიარაღების ექსპორტი ისრაელში.
„გავრცელდა კიდევ რამდენიმე ცნობა, რომ გერმანიის მთავრობამ შეცვალა თავისი პოზიცია ისრაელისთვის შეიარაღების მიწოდებასთან დაკავშირებით. მარტიდან არცერთი ახალი ნებართვა არ გაცემულა, წინა თვეებში კი მნიშვნელოვნად შემცირდა ექსპორტის მაჩვენებელი და შესაძლოა საერთოდ შეჩერდეს კიდეც”, – წერს ადგილობრივი პრესა ავსტრიაში.
მიუხედავად გავრცელებული ინფორმაციისა, გერმანიის მთავრობა ამტკიცებს, რომ მას ისრაელისთვის არ შეუწყვეტია იარაღის ექსპორტის ნებართვის გაცემა.
„ისრაელისთვის იარაღის ექსპორტზე არ არსებობს არანაირი აკრძალვა და არც იქნება“, – განაცხადა გერმანიის ეკონომიკის სამინისტროს სპიკერმა.
მან ასევე დასძინა, რომ მთავრობა იარაღის ექსპორტთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს ინდივიდუალურად განიხილავს ჰუმანიტარული კანონებისა და „ჰამასსა“ და ისრაელს შორის არსებული ვითარების გათვალისწინებით.
ექსპორტის მოცულობა მიმდინარე წლის აგვისტოსთვის, წინა წელთან შედარებით, 326 მილიონი ევროდან 14,5 მილიონ ევრომდე შემცირდა.
გერმანიის უშიშროების ფედერალური საბჭო, რომელიც ფარულად იკრიბება და რომელსაც გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი ხელმძღვანელობს, ჩვეულებრივ ამტკიცებს იარაღის ექსპორტს, მათ შორის ისრაელში.
გასული წლის ოქტომბერში ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ომის დაწყებისას გერმანიამ ისრაელში 326 მილიონი ევროს ღირებულების იარაღის ექსპორტი განახორციელა.
თუმცა, როგორც ისრაელის საგამოძიებო გამოცემა „შომრიმი“ იტყობინება, 2024 წლის დასაწყისში მსგავსი მხარდაჭერა აღარ ყოფილა.
შოლცმა მხოლოდ ივლისის ბოლოს განაცხადა, რომ გერმანიას არ მიუღია გადაწყვეტილება, გააგრძელებს თუ არა ისრაელში იარაღის ექსპორტს, რადგან საერთაშორისო სასამართლოს დასკვნით, ისრაელმა დაარღვია საერთაშორისო სამართალი პალესტინის ტერიტორიაზე მიმდინარე ოპერაციების ფარგლებში.
ზაფხულში ბერლინში გამართულ პრესკონფერენციაზე შოლცმა განაცხადა, რომ იარაღის ექსპორტზე თითოეული განაცხადი ინდივიდუალურად შეფასდება.