მთავარისაქართველოპოლიტიკური ოკუპაციის მორიგი რაუნდი - აფხაზეთში კვლავ ვნებათაღელვაა

პოლიტიკური ოკუპაციის მორიგი რაუნდი – აფხაზეთში კვლავ ვნებათაღელვაა

უკრაინის განგრძობადი ოკუპაციის პარალელურად მოსკოვი საქართველოს ოკუპირებულ ზღვისპირა რეგიონში პოლიტიკური გავლენების გასამყარებლადაც იცლის. აფხაზეთში ბოლო ერთ წელიწადში მეორედ განიხილავენ კანონს, რომლის მიხედვითაც, რუსეთის მოქალაქეები ბინებისა და სასტუმროების ფლობას ახლა უკვე „კანონიერი“ მეთოდებით შეძლებენ.

„პირველ რიგში, ეს არის, რა თქმა უნდა, პრობლემა საქართველოსთვის, რადგან რეგიონში ათასობით რუსი მოქალაქის ჩასახლებით რუსეთი აფხაზეთის კოლონიზაციას ახდენს. ეს არის მიზანი, რომელიც არის შენიღბული, თითქოს სოციალურ-ეკონომიკური ფაქტორებით. შესაძლოა, მართლაც, იყოს გარკვეული ინვესტიციები, თუმცა ეს არის დასაწყისისთვის და მას სამომავლოდ მოჰყვება კოლონიზაცია – რაც რუსეთმა წინა საუკუნეებშიც გააკეთა, ფაქტობრივად, იგივე მეორდება. [რუსეთის] მთავარი მიზანი არის, გააძლიეროს საკუთარი გავლენა აფხაზეთში, მათ შორის, რეგიონის ტერიტორიაზე სოციალურ-ეკონომიკური სივრცეების ათვისებითაც“, – აცხადებს „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის” დამფუძნებელი უჩა ნანუაშვილი.

შარშანდელი სახალხო პროტესტის გამო თაროზე შემოდებული „აპარტოტელებისა და აპარტამენტების სამართლებრივი სტატუსის რეგულირების შესახებ“ კანონის რედაქტირებული ვერსია აფხაზეთის სეპარატისტულმა რეჟიმმა წელს კვლავ დღის წესრიგში დააბრუნა. ის 150 ჰექტარ ფართობზე მშენებლობას და საპილოტედ 10 ათასი ნომრის აშენებას ითვალისწინებს. ამჯერად, დე-ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია კანონის მიღებას „ოჩამჩირის, ტყვარჩელისა და გალის რაიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების, სიღარიბისა და უმუშევრობის დაძლევის“ აუცილებლობით ხსნის. ოკუპირებული რეგიონის დე-ფაქტო „პრეზიდენტი“ საქართველოს ხელისუფლებასა და რუსეთს შორის დამთბარი ურთიერთობის ფაქტორსაც უსვამს ხაზს. რუსეთის მოქალაქეებისთვის ისედაც უკანონოდ მიტაცებული საკუთრების თითქოს „ლეგალურად“ გადაცემაში ვერანაირ საფრთხეს ვერ ხედავენ ვერც მისი მხარდამჭერი ე.წ „დეპუტატები“.

„ჩვენ გარშემო პოლიტიკური კონტექსტი იცვლება. უმჯობესდება ურთიერთობები საქართველოსა და რუსეთს შორის. საქართველოს ხელისუფლება ცდილობს პოზიციონირებას როგორც ნეიტრალური, უბლოკო ქვეყანა – კარგი ურთიერთობებით რუსეთთან. ამ პირობებში ვერ მოვახდენთ ჩვენი პოლიტიკური და დიპლომატიური შესაძლებლობების იგნორირებას“, – 17 ივლისს ე.წ „პარლამენტში“ გამოსვლისას განაცხადა აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ.

„ბჟანიას აქვს საკუთარი ინტერესი, რადგან მომავალ წელს არის ე.წ „საპრეზიდენტო არჩევნები“ და მას სურს რუსეთის მხარდაჭერა, ამიტომ ის ყველაფერს აკეთებს. მეორე მხრივ, ის ფაქტორი, რომ საქართველოს ხელისუფლება და რუსეთი დაახლოებულნი არიან და საქართველო, ფაქტობრივად, რუსულ ორბიტაზეა გადართული, ეს ბევრს არაფერს ცვლის. შეიძლება ითქვას, რუსეთი და საქართველო რომც შეთანხმდნენ რამეზე, იქ ნაკლებად იქნება გათვალისწინებული აფხაზეთისა და მისი დე-ფაქტო „ხელისუფლების“ პოზიციები“, – თქვა „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის” დამფუძნებელმა უჩა ნანუაშვილმა.

„ფაქტია ის, რაც ჩვენ გარშემო ხდება და შორეულ პერსპექტივაში ჩვენ წინააღმდეგაა, სინქრონშია იმასთან, რომ რუსული პოლიტიკა ძლიერდება ჩვენს ქვეყანაში და ილუზიას გვიქმნიან, თითქოს ქართულ-რუსული პოლიტიკის დაახლოება საქართველოს შესაძლებლობას მისცემს, დაიბრუნოს ოკუპირებული ტერიტორიები, რაც აბსოლუტურად საწინააღმდეგო მაჩვენებელია“, – ამბობს კონფლიქტოლოგი ზურაბ ბენდიანიშვილი.

როგორც ჩანს, ადგილობრივების პროტესტი აფხაზეთის ე.წ „მმართველობისთვის“ არაფრის მანიშნებელია. სეპარატისტულმა რეჟიმმა მათსა და სამოქალაქო პირებს შორის რკინის მესერი აღმართა, ხოლო დამატებითი უსაფრთხოებისთვის სპეცრაზმი ჩააყენა.
ამჟამად უცნობია, რით დასრულდება აფხაზეთის პოლიტიკური ოკუპაციის მორიგი რაუნდი, ან როგორ გამოეხმაურება მოვლენებს საქართველოს ხელისუფლება, თუმცა ფაქტია, რომ აქამდე კრემლის ეტაპობრივ ანექსიას, მისთვის წარმატებული, თბილისისთვის კი მძიმე შედეგები მოჰყვა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend