მთავარისაქართველოქართულ-ამერიკული სამხედრო სწავლებების ისტორია

ქართულ-ამერიკული სამხედრო სწავლებების ისტორია

სამხედროები ხშირად ამბობენ: „მშვიდობის დროს სწავლებისას დახარჯული ენერგია უკუპროპორციულია საომარი სიტუაციის დროს დაღვრილი სისხლისა“. შესაბამისად, სამხედრო წვრთნები პირდაპირ უკავშირდება უსაფრთხოების მაღალ სტანდარტს. წლების განმავლობაში საქართველოს თავდაცვის ძალები ჩართული იყვნენ როგორც ნატოს, ისე ამერიკის შეერთებული შტატების ეგიდით გამართულ წვრთნებში. დღევანდელ მიმოხილვაში ვისაუბრებთ ქართულ-ამერიკულ სამხედრო სწავლებაზე. მათ შორის იმ წვრთნაზე, რომელიც აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მიერ განუსაზღვრელი ვადით გადაიდო.

საერთაშორისო, მათ შორის, ამერიკის შეერთებული შტატების ორგანიზებით გამართული წვრთნები საქართველოში დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ იმართება. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კი სწორედ NOBLE PARTNER – „ღირსეული პარტნიორი“ იყო.

ეს წვრთნები საქართველოში 2015 წლიდან იმართებოდა. მასში საქართველოსა და აშშ-ის სამხედროების გარდა მონაწილეობდნენ ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნები, მაგალითად, თურქეთი, რუმინეთი, ლიეტუვა, პოლონეთი, გერმანია, დიდი ბრიტანეთი და უკრაინა.

მონაწილე სამხედროების რაოდენობა წლების განმავლობაში იცვლებოდა, თუმცა საშუალოდ 3000 ქვეითი იყო ჩართული შესაბამისი ტექნიკითა და აღჭურვილობით.

სწავლებას ხელმძღვანელობდნენ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო და აშშ-ის არმია.

სწავლება „ღირსეული პარტნიორის“ ძირითადი მონაწილეები ამერიკის შეერთებული შტატების არმიის ქვედანაყოფები იყვნენ. სწორედ ამ სწავლების ფარგლებში გამართულ საველე ოპერაციებში საქართველოში პირველად ჩამოიყვანეს ამერიკის არმიის დამრტყმელი შვეულმფრენი „აპაჩი“. მასში ასევე აქტიურად მონაწილეობდნენ ქვეითთა ამერიკული საბრძოლო მანქანები „სტრაიკერები“ და „აბრამსის“ ტიპის ტანკები. ამ სწავლებაზე ქართველმა სამხედროებმა ისეთი შეიარაღება გამოცადეს, როგორიცაა, მაგალითად, „ჯაველინი“. ასევე გახსნის ღონისძიებებზე ტრადიციად ჰქონდათ ამერიკული სატრანსპორტო თვითმფრინავიდან სამხედრო დანაყოფების ჰაერიდან დესანტირება.

სამხედრო თვალსაზრისით ეს სწავლება გარდა იმისა, რომ ხაზს უსვამდა სამხედრო პარტნიორობის მნიშვნელობას ტაქტიკურ დონეზე, სხვა მხრივაც ძალიან საინტერესო იყო. უცხოური დანაყოფები ჯერ დამოუკიდებელ მომზადებას გადიოდნენ, შემდეგ კი ერთობლივ საჩვენებელ ოპერაციაში მონაწილეობდნენ. იხვეწებოდა ურთიერთთავსებადობა და მაღლდებოდა მზადყოფნის ხარისხი.

როგორც აშშ არმიის ევროპისა და აფრიკის სარდლობის ოფიციალურ ვებგვერდზე წერია, 2018 წლიდან სწავლება ორწლიან რეჟიმზე გადავიდა. მაგალითად, თუ 2018 წელს საქართველომ „ნობელ პარტნერს“ უმასპინძლა, მომდევნო წელს სხვა ასევე ქართულ-ამერიკული სწავლება უნდა გამართულიყო. ამ რეჟიმის მიხედვით, 2024 წელი „ღირსეული პარტნიორის“ წელი იყო. თუმცა გაურკვეველი ვადით გადაიდო. როგორც აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი იუწყება, მიზეზი საქართველოს მთავრობის ცრუ ბრალდებებია შეერთებული შტატებისა და სხვა დასავლური სუბიექტების მიმართ, თითქოს ისინი ზეწოლას ახდენდნენ საქართველოზე, გაეხსნა მეორე ფრონტი რუსეთის წინააღმდეგ უკრაინაზე ზეწოლის შესამსუბუქებლად, მეორე მიზეზი კი ისაა, რომ თითქოს მათ ორჯერ სცადეს საქართველოს ხელისუფლების გადატრიალება.

მომდევნო 2025 წელი სხვა სწავლების, „მტკიცე სულის“ (Agile spirit), წელია. როგორც აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი იუწყება, ის ჯერჯერობით არ არის გაუქმებული. როგორც წესი, წვრთნების დაგეგმვის კონფერენციები ერთი წლით ადრე იმართება. შესაბამისად, უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი მისი ბედიც.

„მტკიცე სული“ უფრო ძველი სწავლებაა. იგი 2013 წლიდან იმართება. მონაწილე ქვეყნების ბირთვი თითქმის იგივეა, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ მასში ამერიკის მხრიდან ძირითადად საზღვაო ქვეითთა კორპუსი მონაწილეობს.

პირადი შემადგენლობის რიცხვიც დაახლოებით იგივეა. 2018 წლამდე ეს სწავლებაც ყოველ წელს იმართებოდა, თუმცა შემდეგ მას „ღირსეული პარტნიორი“ ჩაენაცვლა. თუკი NOBLE PARTNER-ის წვრთნების ძირითადი მიმართულება აღმოსავლეთი საქართველო იყო, „მტკიცე სული“ დასავლეთ საქართველოს ქვედანაყოფებს ეხებოდა ძირითადად და სწავლებაც ორფოლოს პოლიგონზე იმართებოდა.

წვრთნებს მთლიანად აშშ აფინანსებდა. აქვე საყურადღებოა, რომ საქართველოს 1997 წლიდან აშშ-ის საგარეო სამხედრო დაფინანსების ფარგლებში მიღებული აქვს 445 მილიონზე მეტი აშშ დოლარი, ხოლო 2022 წელს საქართველომ მიიღო 35 მილიონი აშშ დოლარი. ეს თანხები თავდაცვის ძალების შესაძლებლობების განვითარებას ხმარდებოდა, სწავლებაც ამ მიზნით იმართებოდა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend