მთავარისაქართველორა შეუძლია ადამიანს…

რა შეუძლია ადამიანს…

ჯანო ძირკვაძე 6 წლის იყო, როცა პირველი მაკეტი, სამების ტაძრის მოდელი დაამზადა. სწორედ ამ ადრეულ ასაკში მძიმედ დაავადდა და ე.წ. „ვოლფრამის სინდრომი“ დაუდგინდა, შემდეგ კი  მხედველობა დაკარგა. ამის მიუხედავად, თავის გატაცებაზე უარი არ უთქვამს და მაკეტების შექმნა განაგრძო.

ახლა ჯანო 26 წლისაა და საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში მისი 15-ამდე მაკეტია გამოფენილი.

„უმეტესი მაკეტის შექმნაში მაქვს გამოყენებული მუყაოს ქაღალდი, ჯერ ვიფიქრებ, რის გაკეთებას ვაპირებ, საკუთარ გონებაში ჩამოვაყალიბებ ზომას და ყველაფერს, შემდეგ თითოეულ ზომას, დეტალს ვიღებ ხელის შეხებით, შეგრძნებით, ვჭრი სპეციალურად საკანცელარიო დანით და ვაწებებ წებოთი და გარედან განათებასა და ქვიშას ვაყრი ჩვეულებრივად. სანამ ამ ეკლესიას შევქმნიდი მანამდე ვაკეთებდი, ჩვეულებრივ 2 სართულიან ეკლესიებს, უფრო დაბალს, 1 სართულიანი გუმბათითა და ჩვეულებრივ ეკლესიებს, მაგრამ შემდეგ გამიჩნდა იდეა, რომ 1 სართული დამემატებინა. ეს იდეა საიდან გამიჩნდა, არ ვიცი, უბრალოდ მხედველობის ასაკიდან მაქვს შემორჩენილი, თუ არ ვიცი, მაგრამ 1 სართული დავამატე და გამომივიდა ასეთი მაკეტი 2-სართულიანი გუმბათითა და სამლოცველოთი“, – ამბობს მაკეტების ოსტატი ჯანო ძირკვაძე.

ჯანო ძირკვაძის დედა მაყვალა კახაძე ამბობს, რომ ჯანოს ეს ოსტატობა  ოჯახიდან მოდის.

„ჩვენი ოჯახი არის წარმოშობით, ხელოსნები, ცეხი გვაქვს, ეტყობა ეს მიდრეკილება ამ მაკეტების მიმართ გაუჩნდა და რადგან გადაწყვიტა ამ საქმის კეთება, ჩვენც ვეცდებით, რომ ხელი შევუწყოთ. პირველი მაკეტი რომ შექმნა, არ მინდოდა, ეგ რომ გაეჩუქებინა, მაინც პირველი შექმნილი, ნამდვილად ემოცია გვქონდა ამის მიმართ, წარმოიდგინეთ დედას როგორ გაუხარდება, შვილმა რომ ეს შეძლო, მე ჩემი შვილით ვამაყობ, ნამდვილად ყოველთვის“, – ამბობს ჯანო ძირკვაძის დედა, მაყვალა კახაძე.

გამოფენაზე არც უფიქრია. მუშაობდა თავისთვის, სიამოვნებითა და გატაცებით. გამოფენებიც ჰქონია და ბევრს მოსწონდა მისი ნამუშევრები. ეს ბოლო გამოფენა მისი ინგლისურის მასწავლებლის, ნინო გელანტიას, ინიციატივით შედგა.

„ერთ-ერთი პატარა თემის დაწერის დროს მომიყვა, რომ ქმნის მაკეტებს, დავინტერესდი მაკეტების შექმნის ისტორიით, რადგან ის არის საკმაოდ მონდომებული და მშრომელი, ეს მის მაკეტებსაც ეტყობა და შემდეგ უკვე გაჩნდა იდეა, რომ უფრო მეტად ფართო მასშტაბებზე გასულიყო ეს იდეა და უფრო მეტს ენახა და მოტივაცია ყოფილიყო. უმნიშვნელოვანესია მათი მხარდაჭერა, ყოველდღიური თუ არა, ასეთი პატარ-პატარა სამოტივაციო გამოფენებით, ან კონკურსებით. მაინც რადგან არ არის ჩვენს ქვეყანაში მსგავსი პროექტები, ფაქტობრივად არც ჩანან და თვითონაც აღნიშნავს ხოლმე, რომ უნდა იყოს უფრო მეტად საზოგადოებაში შემჩნეული, დაუმტკიცოს სხვებს, რომ მას შეუძლია ბევრი რამის გაკეთება და ეს ნამდვილად ასეა“, – ამბობს ინგლისური ენის პედაგოგი ნინო გელანტია.

გამოფენაზე მისული დამთვალიერებლების თქმით, ამ ნამუშევრებში განსაკუთრებით ძვირფასია ავტორის დიდი მონდომება და ძალისხმევა.

„ჩემი აზრით, ერთი კონკრეტული ნამუშევრის გამოყოფა ძალიან რთულია, რადგან ყველა ნამუშევარი გვეუბნება, თუ რამდენად ბევრი შეუძლია ადამიანს და გვეუბნება, თუ რამდენად დიდია ადამიანის მონდომება, სურვილი, ძალისხმევა. ყველაზე მეტად რომელიც მომწონს, ეს არის სამების მაკეტი, რომელშიც ძალიან დიდი შრომაა ჩადებული თავისი სიმეტრიით, დიდებულებით და ა.შ. ყველა ადამიანს მინიმუმ პატივისცემა უჩნდება ჯანოსა და სხვა მსგავსი პირების მიმართ, რომლებიც არ ნებდებიან, ყოველთვის რაღაცას ცდილობენ, სწავლობენ, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი დაბრკოლების წინაშე ხვდებიან“, – ამბობს დამთვალიერებელი სალომე ბოლქვაძე.

დაბრკოლება ბევრია, მაგალითად, უმაღლესი განათლების მიღება.

„სკოლის დამთავრების შემდეგ რამდენიმეჯერ გავედი ეროვნულ გამოცდებზე, მაგრამ გაუმართავი სისტემის გამო ვერ ვახერხებ გამოცდების ჩაბარებას. ვითხოვ რომ დამინიშნონ ასისტენტი, რომელიც წამიკითხავს მოცემულ დავალებებს და ჩემ მიერ ნაკარნახებ მასალას დაწერს, მაგრამ არ მინიშნავენ ასისტენტს, ხმოვან პროგრამას მირთავენ, უსინათლოებისთვის სპეციალურს, რომელიც მე პირადად ვერ მაგებინებს მოცემულ დავალებებს სწორად და ამის გამო მიჭირს ეროვნული გამოცდების ჩაბარება და სწავლის გაგრძელება“, – ამბობს ჯანო ძირკვაძე, მაკეტების ოსტატი.

ჯანო ძირკვაძე მაინც არ კარგავს იმედს, რომ ქვეყანაში ამ მხრივ რაიმე შეიცვლება და მისნაირი ადამიანები სწავლის გაგრძელებას შეძლებენ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend