მთავარისაქართველოკონგრესი “MEGOBARI”-ის განხილვას იწყებს - პოლიტიკოსები შესაძლო სანქციების თაობაზე საუბრობენ

კონგრესი “MEGOBARI”-ის განხილვას იწყებს – პოლიტიკოსები შესაძლო სანქციების თაობაზე საუბრობენ

ვაშინგტონში აცხადებენ, რომ საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებულ ქმედებებზე აშშ-ის პასუხს განიხილავენ. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის თქმით,  აშშ-მა სანქციების ახალი პოლიტიკის შესახებ განაცხადა, თუმცა ინდივიდუალური სანქციები ჯერ არ გამოუცხადებია.

„ჩვენ საკმაოდ შეშფოთებულები ვართ ზუსტად იმ საკითხით, რაც ახსენეთ, კერძოდ იმით, რომ ეს კანონი საქართველოს დემოკრატიული კურსიდან აშორებს და შეიძლება სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზაცია, გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლების აღკვეთა გამოიწვიოს. ეს ქმედებები რადიკალურად ცვლის აშშ-ის ურთიერთობას საქართველოსთან, რის გამოც ჩვენი ურთიერთობების გადახედვა დავიწყეთ და საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებულ ქმედებებზე ჩვენს პასუხს განვიხილავთ“, – განაცხადა მეთიუ მილერმა.

სანქციებზე საუბრისას ხელისუფლების ოპონენტების აზრით მნიშვნელოვანია, რომ ამერიკის სავიზო შეზღუდვის პარალელურად, ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა ინდივიდუალურადვე მიიღონ ასეთი გადაწყვეტილებები.

„რაც შეეხება ინდივიდუალურ სანქციებს, ესაა ძალიან მნიშვნელოვანი ბერკეტი, რომელსაც მეგობარი სახელმწიფოები იყენებენ ინდივიდუალურად იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც ძირს უთხრიან ქართულ დემოკრატიას და ახდენენ ჩვენი ქვეყნის ატლანტიკური მომავლის საბოტაჟირებას“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

„ამერიკის სახელმწიფო მდივნის განცხადება, რომელიც გულისხმობს იმას, რომ კონგრესის და სენატის საკანონმდებლო ინიციატივებთან ერთად, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტს აქვს უფლებამოსილება და ვალდებულება კონკრეტული ადამიანების წინააღმდეგ დააწესოს სანქციები, ძალაშია. გუშინ ეს მეთიუ მილერის განცხადებით დადასტურდა, რომელმაც თქვა, რომ ასეთი პაკეტი არსებობს. რა თქმა უნდა, შესაძლებელია ყველა ადამიანი მოხვდეს სანქციებში და მოხვდება კიდეც. ეს ეხება სავიზო რეჟიმის შეზღუდვას, ფინანსურ სანქციებს. პირველ ეტაპზე ჩემი ინფორმაციით, ეს არის სავიზო შეზღუდვა. ეს ეხება სხვადასხვა მიმართულებით მათ შორის, ადამიანის უფლებების დამრღვევი კონკრეტული პოლიციის მაღალჩინოსნების სანქციებს“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

მმართველ გუნდში კი ფიქრობენ, რომ სანქციებზე საუბარი არასერიოზულია. მათივე შეფასებით, თუ ვინმე საუბრობს, ეს არის კონტრპროდუქტიული სწორედ იმ სუბიექტებისთვის, რომლებიც ამაზე საუბრობენ.

„სანქციებზე ლაპარაკი არასერიოზულია. საქართველოს ხელისუფლებას არაფერი გაუკეთებია ისეთი, რომ დასანქცირება იყოს საჭირო. საუბარი თუ იმაზეა, რატომ მივიღეთ კანონი, პარლამენტი იმისთვის არის და მოსახლეობის უმრავლესობამ იმიტომ დაუჭირა მხარი „ქართულ ოცნებას“, რომ მისი პირდაპირი ვალდებულებაა, კანონები მიიღოს, გაითვალისწინოს ქვეყნის ინტერესი, ეროვნული ინტერესი და ამ ქვეყანაში მცხოვრები ადამიანების ინტერესები. ზოგადად, გამჭვირვალობა არის ძალიან მნიშვნელოვანი და შეუძლებელია, ეს ეწინააღმდეგებოდეს ევროპას, ევროპულ ღირებულებებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ამასობაში კი აშშ-ის კონგრესში 4 ივნისს, გვიან ღამით „MEGOBARI აქტის“ განხილვა დაიწყება.

აქტის თანახმად, ერთი მხრივ, პასუხი უნდა აგონ იმ პირებმა, რომლებიც საქართველოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებაზე ან შესაძლო ამოქმედებაზე არიან პასუხისმგებელნი, ხოლო მეორე მხრივ, ის საქართველოს მიერ დემოკრატიული, დასავლური კურსის გამყარების შემთხვევაში, ქვეყანას გაძლიერებულ მხარდაჭერას ჰპირდება.

ანა ალელიშვილი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend