მთავარისაქართველო„შეერთებული შტატები სანქციების დაწესებაზე არ იყოყმანებს“ - მეთიუ მილერი

„შეერთებული შტატები სანქციების დაწესებაზე არ იყოყმანებს“ – მეთიუ მილერი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი მეთიუ მილერი ე.წ. „გამჭვირვალობის“ კანონის შესახებ კვლავ საუბრობს და აცხადებს, რომ ამ კანონმა შესაძლოა ქვეყანაში შეზღუდოს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება. მისი განმარტებით, არსებობს სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზაციის რისკი.

მეთიუ მილერი კვლავ საუბრობს შეერთებული შტატების სანქციებზე იმ პირების მიმართ, ვინც საქართველოში სადავო კანონის მიღებას შეუწყო ხელი, თუმცა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერს ინდივიდუალური სანქციების შესახებ განცხადება არ გაუკეთებია. მილერი განმარტავს, რომ ეს ინფორმაცია საჯარო არ არის.

„შეშფოთებული ვართ, რადგან კანონი ცვლის საქართველოს დემოკრატიულ ტრაექტორიას, მოახდენს სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზაციას და ჩაახშობს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას. ეს ნაბიჯები აშშ-საქართველოს ურთიერთობებს ფუნდამენტურად ცვლის. სწორედ ამიტომ, დავიწყეთ ჩვენი ურთიერთობების გადახედვა. ჩვენ საქართველოს ხელისუფლების საპასუხო ქმედებას განვიხილავთ”, – განაცხადა მეთიუ მილერმა.

სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის ამბობს, რომ შეერთებული შტატები სანქციების დაწესებაზე არ იყოყმანებს.

„სახელმწიფო მდივანმა საქართველოსთან დაკავშირებით გამოაცხადა ჩვენი პოლიტიკის სიღრმისეული გადახედვის შესახებ, რამაც შესაძლოა საფრთხის ქვეშ დააყენოს აშშ-ის დახმარება საქართველოსთვის. ეს არის ასობით მილიონი დოლარი, რომელსაც საქართველო შეერთებული შტატებისგან დახმარების სახით იღებს. ჩვენ ასევე გამოვაცხადეთ ახალი სავიზო შეზღუდვების პოლიტიკა, სადაც შეერთებული შტატების მხრიდან კონკრეტულ ნაბიჯებს უნდა ველოდოთ. ამიტომ, მიმაჩნია, რომ სახელმწიფო მდივნის დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ საკმაოდ ნათელია“, – განაცხადა მეთიუ მილერმა პრესკონფერენციაზე.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა საქართველოსთან ურთიერთობების გადახედვასა და მაღალი თანამდებობის პირებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის სანქციების დაწესებაზე 2024 წლის 23 მაისს განაცხადა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend