შეერთებულმა შტატებმა უკრაინას რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლის ველზე გამოსაყენებლად ფარულად გადასცა შორ მანძილზე მოქმედი ATACMS-ის რაკეტები.
პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რაკეტების მიწოდების საკითხი თებერვალსა და მარტში დაამტკიცა. გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინამ ეს რაკეტები უკვე ორჯერ გამოიყენა.
აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი ჯეიკ სალივანი ამბობს, რომ აშშ-მა რამდენიმე რაკეტა უკვე გაუგზავნა უკრაინას. ახლა უფრო მეტს გააგზავნიან, რადგან აქვთ ამის როგორც დამატებითი უფლებამოსილება, ისე ფინანსები.
ჯეიკ სალივანს ოპერაციული მიზეზებიდან გამომდინარე, კონკრეტულ ციფრებზე არ უსაუბრია თუმცა დარწმუნებულია, რომ ამ შეიარაღებით ბრძოლის ველზე ვითარება შეიცვლება.
ჯეიკ სალივანმა განაცხადა, რომ უკრაინისთვის ATACMS-ის რაკეტების გადაცემის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან ბალისტიკური რაკეტები შეიძინა. თავის ყოველდღიურ მიმართვაში ვოლოდიმირ ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა პრეზიდენტ ბაიდენსა და ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესს 61 მილიარდი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტის დამტკიცებისთვის. იგი მადლიერია ასევე ყველასი, ვინც აცნობიერებს, რომ საჭიროა პუტინის შეჩერება და არა მორჩილება. მისი აზრით, ასე ნაკლები საფრთხე შეექმნება თავისუფლებას.
Today, I addressed representatives of partner countries and international organizations in Ukraine, as well as our diplomats.
We have specific intelligence data indicating that Russia not only wants to disrupt the Peace Summit, but also has a specific plan for how to do so,… pic.twitter.com/aAPi8JzdWR
— Volodymyr Zelenskyy / Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) April 24, 2024
როგორც ზელენსკიმ პლატფორმა „იქსზე“ განაცხადა, კიევს აქვს ინფორმაცია, რომ რუსეთი ეცდება მშვიდობის სამიტის ჩაშლას, რომელიც ივნისში შვეიცარიაში უნდა გაიმართოს. მისი თქმით, მოსკოვს აქვს კონკრეტული გეგმა, როგორ შეამციროს მონაწილე ქვეყნების რაოდენობა.
შვეიცარიაში არ განუცხადებიათ, რომელი ქვეყნები დაესწრებიან ორდღიან ღონისძიებას, მხოლოდ ის აღნიშნეს, რომ რუსეთი, სავარაუდოდ, არ მიიღებს მონაწილეობას სამიტში.