მთავარიევროპაუკრაინაუკრაინა ახალი შეიარაღების მოლოდინში

უკრაინა ახალი შეიარაღების მოლოდინში

უკრაინელი სამხედროები ახალ დახმარებას ელიან. როგორც არაერთხელ გაცხადდა, ყველაზე მეტად ფრონტის ხაზზე საარტილერიო ჭურვების ნაკლებობაა, რაც ხელს უშლის უკრაინელებს აქტიურ საბრძოლო მოქმედებაში.

მაგრამ აშშ-ის კონგრესმა უკრაინისთვის უკვე დაამტკიცა დახმარების ახალი პაკეტი, რომელსაც პრეზიდენტ ბაიდენის თქმით, უახლოეს მომავალში მოეწერება ხელი.

უკრაინის პრეზიდენტის პარტიაში ამბობენ, რომ ტყვია-წამალი უკრაინის ფრონტისკენ მალე გაიგზავნება. უკრაინის რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე დავით არახამია იმედოვნებს, რომ ლოგისტიკა იმ დონეზეა დახვეწილი, რომ ახალი შეიარაღება უკრაინაში უკვე მომდევნო კვირის დასაწყისში იქნება.

„სამხედრო დახმარების პირველი ნაწილი უკვე მზადაა და გაგზავნის მოლოდინშია. ისინი უბრალოდ ელიან მწვანე შუქს, როდესაც პროცედურები მთლიანად დასრულდება. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ეს ამ კვირის ბოლომდე მოხდება და დაიწყება ტრანსპორტირების პროცესი. საბედნიეროდ, ლოგისტიკა საკმაოდ კარგად არის ორგანიზებული და ფრონტზე მაქსიმუმ 48 საათში მიაღწევს. ფრონტზე მებრძოლებს სჭირდებათ როგორც სხვადასხვა კალიბრის ჭურვი, ისე საავიაციო ბომბები, მართვადი ბომბები და მსგავსი საშუალებები. რუსები ახალი იერიშისთვის ემზადებიან და მათ შესაჩერებლად ჩვენ მასიური შეიარაღება გვჭირდება“, განაცხადა უკრაინის რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარემ დავით არახამიამ.

უკრაინის ხელისუფლების ოპოზიცია ფიქრობს, რომ ლოგისტიკისა და ბიუროკრატიის გამო იარაღის ფრონტზე მიწოდების პროცესი შესაძლოა რამდენიმე თვეც კი გაიწელოს. გარდა საარტილერიო ჭურვებისა, უკრაინისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებები. უკრაინა აცხადებს, რომ მათ სჭირდებათ ასევე შორი მოქმედების სარაკეტო სისტემები. დასავლეთი ასეთი შეიარაღების მიწოდებისგან თავს იმიტომ იკავებდა, რომ მისი საშუალებით რუსეთის სიღრმეშიც იყო შესაძლებელი იერიშების მიტანა. როგორც უკრაინის პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი ვადიმ ივჩენკო საუბრობს, ერთ-ერთი მთავარი ამოცანა ფრონტის ხაზის გამაგრებაა.

„შემდეგი ნაბიჯები კი მას შემდეგ გადაიდგმება, როდესაც მივიღებთ მთელ საბრძოლო მასალასა და დახმარებას… ამ პერიოდისთვის, როდესაც ფრონტი გამაგრებული გვექნება, ახალი სტრატეგიაც შემუშავდება, შეტევითი ოპერაციები დაიგეგმება და, სავარაუდოდ, ზაფხულის ბოლოს გარკვეულ ცვლილებებს ვიხილავთ, ვგულისხმობ უკრაინის არმიის შეტევით წინსვლას“, აცხადებს რადას დეპუტატი ვადიმ ივჩენკო.

ბევრი ექსპერტი თვლის, რომ უკრაინაც და რუსეთიც დაიღალნენ ამ ომით. შესაბამისად, ახალი შეტევის დაგეგმვასა და მომზადებას ორივე მხარე დიდხანს მოანდომებს. მიუხედავად ამისა, რუსეთი მეთოდურად ნელი ნაბიჯებით წინ მიიწევს 1000-კილომეტრიანი ფრონტის გარკვეულ უბნებში. ამისთვის იგი მიმართავს სატანკო იერიშებს, იყენებს დიდი რაოდენობით ცოცხალ ძალასა და სხვადასხვა ტიპის საავიაციო ბომბს.

რუსეთის ომი უკრაინაში გრძელდება. ახალი სამხედრო დახმარება უკრაინაში მალე ჩავა. შესაბამისად, უკრაინელი სამხედროები ფრონტის ხაზზე ცვლილებებს ელიან.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend