საქართველოს პარლამენტმა „საქართველოს საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებებს მეორე მოსმენით დაუჭირა მხარი. კანონში ცვლილება „ქართული ოცნების“ დეპუტატების მიერ არის შემუშავებული.
კანონპროექტის მიღების შემთხვევაში ბიზნესმენებს, რომლებიც აქტივებს ოფშორულ ზონებში ფლობენ, აქტივების საქართველოში გადმოტანისთვის საგადასახადო შეღავათები დაუწესდებათ.
ოპოზიციონერი დეპუტატების შეფასებით, კანონპროექტი საერთაშორისო სანქციების მიმართ გაზრდილ მოლოდინებს უკავშირდება.
„კანონი, რომელიც დღეს თქვენ გამოგაქვთ, ისევე, როგორც რუსული კანონი, არ ემსახურება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურსა და ეროვნულ ინტერესებს. ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ ივანიშვილის ოფშორული ფულის საქართველოში დაუბეგრავად გადმორიცხვის ინტერესს“, – ამბობს თინათინ ბოკუჩავა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი.
„ხომ არ ეშინია ბიძინა ივანიშვილს ეომ ეფშორებში ბევრი ფული აქვს და ამას თავადაც ამბობს. 900 მილიონი აქვს მოგება მხოლოდ წელს. ემზადება სანქციებისთვის და უნდა, რომ მისთვის საქართველოში ერთგვარი ოაზისი შექმნას“, – თქვა პაატა მანჯგალაძე, „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი.
საქართველოს საპარლამენტო ოპოზიციის ამ კრიტიკაზე კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორი, პაატა კვიჟინაძე ამბობს, რომ თუ დასავლეთმა სანქციები გაავრცელა, საქართველო ამ შემთხვევაში უძლური იქნება.
ირაკლი ზარქუა, საქართველოს პარლამენტის დეპუტატი „ქართული ოცნებიდან“ ამბობს, რომ „საქართველოს საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებები ქვეყანაში კაპიტალის მოზიდვას შეუწყობს ხელს.
„რა სანქციებზე ლაპარაკობთ, ხალხო, ამერიკამ სანქციები რომ დააწესოს საქართველო უშველის მაგას ან საქართველო დაფარავს?! ჩინეთიც კი ერიდება ამერიკისა და ევროპისგან სანქციების დაწესებას. მაშინ, როდესაც ეს ქვეყანა მეორე ეკონომიკაა ნომინალში და გამოშვებული პროდუქციით – პირველი… თუ სანქცია დაწესდა ვერაფერს გააკეთებ“, – ამბობს პაატა კვიჟინაძე.
როგორც საპარლამენტო ოპოზიციის წევრები ამბობენ, თუ ლეგალური ბიზნესი იმავე ოპერაციას განახორციელებს, რაც აღნიშნული კანონპროექტის შეღავათებითაა გათვალისწინებული დაიბეგრება, მაშინ, როცა არალეგალური ფულისა და აქტივების გათეთრება წახალისდება.
მათივე განცხადებით, ეს პირდაპირ ეწინააღმდეგება ჯანსაღი კონკურენციის პრინციპებს და ხელს უშლის ევროკავშირში გაწევრებას. კანონპროექტის განხილვა გრძელდება.