ევროკავშირი ღაზის სექტორში ჰუმანიტარული პაუზის დაუყოვნებლივ გამოცხადებას ითხოვს.
ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც 27 წევრისგან შემდგარი ბლოკი დაპირისპირებულ მხარეებს ომის შეწყვეტისკენ ოფიციალურად მოუწოდებს.
ამავდროულად, ევროკავშირი გმობს „ჰამასის” ტერორისტულ თავდასხმას ისრაელზე და მოითხოვს მძევლების გათავისუფლებას, თუმცა აცხადებს, რომ ისრაელმა პატივი უნდა სცეს საერთაშორისო ჰუმანიტარულ ნორმებს.
Strong and unified statement of EU leaders on the Middle East at #EUCO tonight!
The EU calls for an immediate humanitarian pause leading to a sustainable ceasefire.
Full & safe humanitarian access into Gaza is essential to provide the civilian population with life-saving…
— Charles Michel (@CharlesMichel) March 21, 2024
“ჩვენ ვთანხმდებით, რომ გაეროს პალესტინელების დახმარების სააგენტოს როლი უმნიშვნელოვანესია. ისრაელს მოვუწოდებთ, არ დაიწყოს სახმელეთო ოპერაცია რაფაჰში, რადგან ჩვენ კარგად გვესმის, რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ამას. ჩვენ ვითხოვთ საერთაშორისო ნორმების პატივისცემას, მათ შორის, დასავლეთ სანაპიროზე”, — აცხადებს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი.
ორდღიანი სამიტის გახსნისას ევროპის ლიდერებმა ასევე ისაუბრეს, როგორ შეიძლება მიაწოდონ უკრაინას დამატებითი ფინანსები, რათა ქვეყანამ რუსეთისგან თავის დაცვა შეძლოს. ლიდერები მსჯელობენ რამდენიმე სხვადასხვა საშუალებაზე, მათ შორის ევროპის საინვესტიციო ბანკის ჩართულობასა და გაყინული რუსული აქტივების გამოყენებაზე.
“ძლიერი მხარდაჭერა აქვს წინადადებას, რომ გამოყენებული იყოს გაყინული აქტივები უკრაინისათვის სამხედრო საშუალებების მისაწოდებლად. მე განვაცხადე, რომ თუ ამ ინიციატივას სწრაფად განვახორციელებთ, ივლისში უკვე პირველი მილიარდის გამოთავისუფლებას შევძლებთ”, — ამბობს ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი.