მთავარიმსოფლიოEUROPEAN UNIONევროპული საბჭოს სამიტი

ევროპული საბჭოს სამიტი

21 და 22 მარტს ევროპული საბჭოს სამიტი იმართება. ორდღიანი სამიტის განმავლობაში ევროკავშირის ლიდერები განიხილავენ რუსული აგრესიის ფონზე ბლოკის მხრიდან უკრაინის განგრძობით მხარდაჭერას, ისევე როგორც ევროკავშირის უსაფრთხოებისა და თავდაცვითი შესაძლებლობების გამყარების აუცილებლობას. ლიდერები ასევე ისაუბრებენ ახლო აღმოსავლეთში არსებულ მდგომარეობაზე, ბლოკის გაფართოების პერსპექტივაზე, მიგრაციასა და სხვა სადავო საკითხებზე.

მთავარი საკითხი, რასაც ევროკავშირის ლიდერები მიმდინარე სამიტზე განიხილავენ, არის უკრაინისთვის სასწრაფო სამხედრო დახმარების გაწევა.

ეს საკითხი სულ უფრო და უფრო მნიშვნელოვანი და საჩქარო ხდება იმის ფონზე, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან 2 წლის გასვლის შემდეგ ევროკავშირის წევრმა ბევრმა ქვეყანამ უკვე ამოწურა ის რესურსი, რისი გაღებაც შეეძლო უკრაინის დასახმარებლად. მეტიც, მიუხედავად იმისა, რომ შეიარაღების წარმოება ევროპაში მნიშვნელოვნად აღემატება გასული წლის მაჩვენებელს, ბლოკმა ვერ მიაღწია მიზანს, მარტამდე მიეწოდებინა უკრაინისთვის ერთი მილიონ ჭურვი.

თუმცა ევროკავშირი გააგრძელებს უკრაინისთვის პოლიტიკური, ფინანსური, ეკონომიკური, ჰუმანიტარული, სამხედრო და დიპლომატიური მხარდაჭერის გაწევას მანამ, სანამ ეს საჭირო იქნება. ამ დრომდე ევროკავშირმა უკრაინისთვის 138 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გაწია, ხოლო აქედან 33 მილიარდი იყო სამხედრო დახმარების სახით.

მიმდინარე სამიტზე ევროკავშირის ლიდერები ყურადღებას გაამახვილებენ ბლოკის უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხებზეც.

უნგრეთის პრემიერი ვიქტორ ორბანი და იტალიის პრემიერი ჯორჯა მელონი ევროპული საბჭოს სამიტზე ბრიუსელში, 21 მარტი, 2024 წელი Copyright AP Photo/Geert Vanden Wijngaert

ორდღიან სამიტზე ევროკავშირის ლიდერები განიხილავენ ბლოკის გაფართოების პოლიტიკასაც, მათ შორის განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ბოსნია და ჰერცეგოვინას, უკრაინისა და მოლდოვას ევროინტეგრაციის პროცესის განხილვას.

აღსანიშნავია, რომ ევროკავშირში გაწევრების პროცესი აღარ მიმდინარეობს იმავე ტემპით, როგორც ეს ხდებოდა ადრე, უკრაინაში ომის დაწყებამდე. თუმცა მას შემდეგ, რაც რუსეთი შეიჭრა უკრაინის ტერიტორიაზე, ევროკავშირის გაფართოებას ახალი ბიძგი მიეცა.

გაწევრებაზე განაცხადის შეტანის შემდეგ უკრაინასა და მოლდოვას სულ რაღაც 4 თვეში მიენიჭათ კანდიდატის სტატუსები და სულ ცოტა ხნის წინ ევროკავშირმა უკვე წარადგინა ორივე ქვეყანასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების ჩარჩოხელშეკრულებები. ეს ხელშეკრულებები გულისხმობს მოლაპარაკებების მარეგულირებელ პრინციპებს, შინაარსსა და პროცედურას. იმ შემთხვევაში, თუ ამ მონახაზებს დაამტკიცებს ევროკავშირის წევრი ყველა ქვეყნის ლიდერი, ეს უკვე იქნება უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების ფორმალური დასაწყისი.

მიუხედავად ამისა, ევროკავშირის არაერთი ლიდერის აზრით, ეს არ არის საკმარისი და ისინი მოუწოდებენ ბლოკს, დააჩქაროს გაწევრიანების პროცესი უკრაინისთვის. ისინი ამბობენ, რომ უკრაინამ უპრეცედენტოდ მძიმე პირობებში შეძლო, რომ გაეტარებინა ის რეფორმები, რომლებსაც მისგან მოელოდა ევროკომისია და ახლა ჯერი ბლოკზეა, გააკეთოს ყველაფერი იმისათვის, რომ რაც შეიძლება მალე გახდეს უკრაინა ევროკავშირის წევრი ქვეყანა.

ელენე ცუცქირიძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend