გერმანიის თავდაცვის მინისტრის ბორის პისტორიუსის განცხადებით, უკრაინაში „ტაურუსის“ რაკეტების შესაძლო მიწოდების შესახებ ფარული აუდიოჩანაწერი ერთ-ერთი ოფიცრის მიერ დაუცველი სატელეფონო კავშირის გამოყენების შედეგად გავრცელდა.
სამხედროთა სატელეფონო საუბარი რუსმა ჰაკერებმა გაავრცელეს. ინციდენტის გამო გერმანიის მთავრობა ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდა, რუსეთთან დაძაბულობა კი უფრო გამწვავდა.
სამხედრო ინფორმაციის გაჟონვის შემდეგ გერმანიას რეაგირებისკენ მოუწოდებენ
გერმანიის თავდაცვის მინისტრი ბორის პისტორიუსი ამბობს, რომ საჰაერო ძალების რიგებში სატელეფონო საუბარი გარკვეული ადამიანების შეცდომის შედეგად ჩაიწერა. მათ არ დაიცვეს უსაფრთხოების დადგენილი წესები.
არსებული ინფორმაციით, საუბარი სინგაპურში მყოფი ერთ-ერთი ოფიცრისგან გავრცელდა, რადგან იგი კავშირზე არაავტორიზებული, ფაქტობრივად, ღია ქსელის მეშვეობით გამოვიდა.
ინფორმაციის გაჟონვამ დებატები გამოიწვია გერმანიის შიგნითაც. საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედი „ტაურუსის“ რაკეტების გადაცემას მოითხოვს.
თუმცა კანცლერი ოლაფ შოლცი ჯერჯერობით უარზეა და ფიქრობს, რომ ამ შეიარაღების უკრაინისთვის გადაცემა მისი ქვეყნის ომში ჩართვის რისკებს შექმნის.
გავრცელებულმა ინფორმაციამ რუსეთის გაღიზიანება გამოიწვია. კრემელის სპიკერმა მარია ზახაროვამ ბერლინისგან ბოდიშის მოხდა მოითხოვა. მან ინციდენტი დესტრუქციულ ქმედებად შეაფასა და პასუხისმგებლობა გერმანიას დააკისრა.