გერმანიის თავდაცვის მინისტრი ბორის პისტორიუსი კრემლის მიერ ბუნდესვერის ოფიცრების საუბრის ჩანაწერის გამოქვეყნებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს არა სისტემური ჩავარდნის, არამედ კონკრეტული პირების დაუდევრობის შედეგია. მისი განმარტებით, გერმანელმა სამხედრო მაღალჩინოსანმა სინგაპურის სასტუმროში ყოფნისას გამოიყენა დაუცველი ხაზი, რომელიც მოგვიანებით გატეხეს რუსულმა სპეცსამსახურებმა. კრემლის პროპაგანდისტული მედიის მიერ გავრცელებულ ჩანაწერში გერმანიის ბუნდესვერის ოთხი მაღალჩინოსანი გერმანული წარმოების სარაკეტო შეიარაღების კიევისთვის გადაცემისა და მისი რუსული სამიზნეების წინააღმდეგ გამოყენებასთან დაკავშირებით საუბრობს.
“ჩვენს საკომუნიკაციო სისტემაში არავის შეუღწევია და ეს არც არასოდეს არ მოხდება. ჩვენ ვიყენებთ WebEx-ის სისტემას და კონფიდენციალურობის განსაზღვრულ ფორმატს იძლევა. ამ სისტემის გამოყენება ყველას შეუძლია და ეს სისტემა ოფიციალური უწყებების მიერ გამოყენებისთვის ნებადართულია. მიზეზი თუ რატომაც შეძლეს ბუნდესვერის ოფიცრის საუბრის ჩაწერა, თავად ამ ოფიცრის მიერ წესდების დარღვევაა. ყველა თანამშრომელი არ იცავდა უსაფრთხოების გათვალისწინებულ სტანდარტებს”, – განაცხადა ბორის პისტორიუსმა, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრმა.
ამ ჩანაწერის გავრცელებამდე რამდენიმე დღით ადრე გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა კიევს სარაკეტო შეიარაღებას არ გადასცემდა. ამავე საუბარში გერმანელმა ოფიცრებმა გაამხილეს უკრაინაში მყოფი ბრიტანელი და ფრანგი სამხედროების შესახებ ინფორმაცია, რამაც მოკავშირეების კრიტიკა გამოიწვია.