“ადამიანის უფლებები ბუნებრივი კატასტროფების პირისპირ” არის დოკუმენტი, რომელიც ეხმიანება 2023 წელს რაჭასა და გურიაში მომხდარ ტრაგედიებს და დასმულია შეკითხვები სახელმწიფო უწყებების მიმართ, რომლებმაც პასუხი უნდა გასცენ იმას, თუ რა იყო სტიქიური მოვლენების გამომწვევი მიზეზი და ასევე თუ რამდენად ეფექტიანად ჩატარდა სამაშველო ოპერაციები. დოკუმენტი “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ” წარადგინა.
„პირველ ეტაპზე, რაც ჩანს და იკვეთება არის ის, რომ საქართველოში კანონმდებლობა სტიქიური მოვლენების პრევენციისა და რეაგირებისთვის არ არის სათანადოდ ჩამოყალიბებული და ის არ პასუხობს იმ საერთაშორისო სტანდარტებს, რისი ხელმომწერიც საქართველო არის და რასაც უნდა პასუხობდეს და კარგი პრაქტიკა, რაც მიანიშნებს, რეაგირების დროს დაშვებული იყო თუ არა რაიმე ტიპის გადაცდომები, რამაც ადამიანური მსხვერპლი გამოიწვია, ეს არის გამოძიების საკითხი და ამ დროისთვის გამოძიებაც არ მიმდინარეობს ჩვენი ინფორმაციით ეფექტიანად, მათ შორის სწორი კვალიფიკაციით არ მიმდინარეობს და თვითონ საქმის მასალებზე წვდომა ამ დრომდე შეზღუდული აქვთ უფლებადამცველებს, რომლებიც ამ საქმეებში მონაწილეობენ და იმ პირებს, რომლებიც დაზარალებულებს წარმოადგენენ. ამიტომ ეს საკითხი ჩვენი დღის წესრიგიდან არ უნდა მოიხსნას მანამ, სანამ პასუხი არ გაეცემა იმ კითხვას, რომელიც მათ შორის ამ დოკუმენტში საზოგადოებას აქვს”,– ამბობს ნონა ქურდოვანიძე, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე.
დოკუმენტის თანახმად, უნდა მოხდეს რისკების გამოვლენა და შეფასება, ასევე მოქალაქეების დროულად ინფორმირება. მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, არსებობს თუ არა სპეციალური საევაკუაციო გეგმა, ან როგორ დაიცვან თავი, როცა ბუნებრივი კატასტროფების წინაშე აღმოჩნდებიან.
რა არის ამ დოკუმენტის მიზანი?
„ამ დოკუმენტის მიზანი არის ის, რომ ერთის მხრივ გამოვაქვეყნოთ ის შინაარსი, რომელი შინაარსითაც ჩვენ საჯარო ინფორმაციების გამოსათხოვი განცხადებებით მივმართეთ უწყებებს და ეს არსებითია იმიტომ, რომ საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის ხარისხი მკვეთრად არის გაუარესებული ქვეყანაში და ამით გვინდა, რომ მათ შორის საზოგადოებრივი ყურადღება ამ თემის ირგვლივ გავზარდოთ და გავზარდოთ უწყებების ანგარიშვალდებულება იმიტომ, რომ ამ შეკითხვებზე პასუხი არსებითი იქნება, როგორც ერთის მხრივ სიმართლის დადგენის მიზნებისთვის რაჭასა და გურიაში განვითარებულ მოვლენებთან მიმართებით, ასევე სამომავლოდ მსგავსი ტიპის საფრთხეების ეფექტიანად ასარიდებლად“,- ამბობს „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ადამიანის უფლებების დაცვის პროგრამის დირექტორი თამარ ონიანი.
„პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ იურისტი ანა თავხელიძე ამბობს, რომ შოვის ტრაგედიის შემდეგ დროულად არ ჩატარებულა საგამოძიებო მოქმედებები. მისივე თქმით, სახელმწიფო ადამიანის უფლებებს უხეშად არღვევს.
“მიუხედავად იმისა, რომ ამ საქმეში ერთი პირის ინტერესებს ვიცავთ, ის საკითხები, რომლებზეც ვდავობთ ჩვენ როგორც პროკურატურაში და ასევე ვიდავეთ სასამართლოში, ეხება ყველა დაზარალებულს, როგორც გარდაცვლილს ასევე გადარჩენილს, საქმე შეეხება ეფექტური გამოძიების წარმოებას, რომ დროულად არ იყო ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები, ყველა გარდაცვლილთან მიმართებით არ ჩატარდა სამედიცინო ექსპერტიზები, ჩვენ ვითხოვდით, რომ მათ შორის გადარჩენილებს მინიჭებოდათ დაზარალებულის სტატუსი იმიტომ, რომ ამ ადამიანებს ძალიან მძიმე ფიზიკური ზიანი და კიდევ უფრო მძიმე ფსიქოემოციური ზიანი მიადგათ, რაც სახელმწიფოს მხრიდან აღიარებას საჭიროებს, შესაბამისი სერვისებით უზრუნველყოფას და მათ შორის კომპენსაციის გაცემასაც, რასაც ამ დრომდე სახელმწიფო არ აკეთებს და სწორედ ამიტომ ამ ნაწილშიც ცალკე აღებული უხეშად ირღვევა ადამიანის უფლებები“,- ამბობს „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“ იურისტი ანა თავხელიძე.
და მაინც, რა შესაძლო ურთიერთკავშირი შეიძლება იყოს რაჭასა და გურიაში მიმდინარე საქმიანობებსა და ბუნებრივ კატასტროფებს შორის? დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ ბუნებრივი კატასტროფების განვითარებას ხელს უწყობს ადამიანის ჩარევა გარემოში. სხვადასხვა ინფორმაციის მიხედვით, რაჭაში მათ შორის, ყველაზე დიდი რაოდენობით ონის მუნიციპალიტეტში მიმდინარეობდა ხე-ტყის გაჩეხა, რაც თავის მხრივ, ხელს უწყობს მეწყრული პროცესების განვითარებას.
2023 წლის 3 აგვისტოს შოვის სტიქიას 32 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 8 სექტემბერს კი გურიაში ძლიერი წვიმის შედეგად გამოწვეულმა მეწყერმა და წყალდიდობამ სამი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, მათ შორის 2 არასრულწლოვანი იყო.