მთავარისაქართველოფესტივალზე „შემოდგომის თბილისი“ მსმენელის წინაშე წარდგა პიანისტი ნელსონ გოერნერი

ფესტივალზე „შემოდგომის თბილისი“ მსმენელის წინაშე წარდგა პიანისტი ნელსონ გოერნერი

ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ ცენტრში  გრძელდება საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი „შემოდგომის თბილისი“.  ფესტივალის ფარგლებში მსმენელის წინაშე წარდგა მსოფლიოში ცნობილი პიანისტი ნელსონ გოერნერი. არგენტინელი პიანისტი ხშირად უკრავს ლონდონის ფილარმონიის, პარიზის, ლოს-ანჯელესის თეატრის გამორჩეულ ორკესტრებთან. ამჯერად მან თბილისის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად შეასრულა სერგეი რახმანინოვის მესამე საფორტეპიანო კონცერტი.

„თბილისში  გამოსვლა და დაკვრა ძალიან სასიამოვნო იყო. ამ კონცერტზე გამოსვლას დიდი ხანია ველოდებოდი. საქართველოში ჩამოსვლა ძალიან მიყვარს. ახლა კი მომეცა შესაძლებლობა არა მხოლოდ ოჯახთან ერთად, არამედ პროფესიული საქმიანობის შესასრულებლად კონცერტზე დასაკრავად ჩამოვსულიყავი. ამას დიდი ხანი ველოდებოდი და როგორც იქნა, ეს მომენტიც დადგა. კონცერტმა ძალიან კარგად ჩაიარა. გამორჩეული და დასამახსოვრებელი იყო მუსიკოსებთან, ორკესტრსა და მაესტროსთან თანამშრომლობა. ძალიან კმაყოფილი ვარ. შევასრულეთ რახმანინოვის მესამე საფორტეპიანო კონცერტი, რომელიც ვთვლი, რომ ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი საფორტეპიანო კონცერტია. ის ერთ-ერთი ჩემი საყვარელი ნაწარმოებია, რომელსაც უკვე 30 წელზე მეტია ვასრულებ”, – ამბობს ნელსონ გოერნერი.

მაესტრო ვახტანგ კახიძის ხელმძღვანელობით თბილისის სიმფონიურმა ორკესტრმა, რომელსაც წელს 30 წელი შეუსრულდა, შეასრულა სერგეი რახმანინოვის მეორე სიმფონია. „შემოდგომის თბილისის“ ფარგლებში 12 ოქტომბერს გამართული კონცერტი სწორედ სერგეი რახმანინოვის დაბადებიდან 150 წლისთავს მიეძღვნა.

„მთელი კონცერტი მიეძღვნა გენიალური კომპოზიტორის სერგეი რახმანინოვის მუსიკას, რომელსაც წელს 150 წელი შეუსრულდა. მთელი მსოფლიო ამას აღნიშნავს. ბრწყინვალე პიანისტი გვყავდა ნელსონ გოერნერი, რომელმაც მესამე საფორტეპიანო კონცერტი არაჩვეულებრივად შეასრულა. ასევე მინდა იუბილარ ორკესტრს მივულოცო, 30 წლის ორკესტრს, რომელმაც არაჩვეულებრივად დაუკრა, როგორც სიმფონია ისე აკომპანემენტი. ასე რომ ძალიან კმაყოფილები ვართ“, – ამბობს სიმფონიური ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორი ვახტანგ კახიძე.

ფესტივალი „შემოდგომის თბილისი“  17 სექტემბერს დაიწყო. ფესტივალის ფარგლებში თბილისის სიმფონიური ორკესტრი მსმენელის წინაშე კიდევ ერთხელ წარდგება. 21 ოქტომბერს კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს სახელმწიფო საგუნდო კაპელა, სოლისტი გაბრიელ ჩომახაშვილი, ქალთა ვოკალური კვარტეტი და ვაჟთა ვოკალური ანსამბლი. მსმენელს კი ვახტანგ კახიძის „რეკვიემის“ მოსმენის შესაძლებლობა ექნება. მაესტროს ეს ნაწარმოები 18 ნოემბერს ბელგიაში „ევროპალია-საქართველოს“ პროგრამის ფარგლებშიც შესრულდება.

თორნიკე კოპლატაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend