„ორი მეტრის სიმაღლის თოვლი იდო და გარდაცვლილებს პირდაპირ თოვლში ყრიდნენ. სიცივისა და შიმშილისგან უამრავი ადამიანი დაიღუპა”.
დე-ფაქტო საზღვართან ახლოს, წითელუბანსა და შავშვებში მუსლიმი მესხების 5 ოჯახი ცხოვრობს. 18 წლის წინ რეპატრიანტის სტატუსით სამშობლოში დაბრუნებულთა უმეტესობას საქართველოს მოქალაქეობა ამ დრომდე არ მიუღია.
11 წლის დავითი და 13 წლის ალი გორიდან რამდენიმე კილომეტრის მოშორებით, სოფელ წითელუბანში ცხოვრობენ. დე-ფაქტო საზღვრისპირა ამ სოფელშიც, სხვა რეგიონების მსგავსად, ახალი წლის შესახვედრად ემზადებიან.
სოფელ შავშვებში რუსტამის, ან როგორც აქაურები ეძახიან, როსტომ ხოზრევანიძის ოჯახს ვესტუმრეთ. ევრონიუსის გადამღებ ჯგუფთან შესახვედრად, აქ, მალევე მთელი სამეზობლო შეიკრიბა – ყველა მათგანი იმ ხალხის შთამომავალია, რომელიც მე-20 საუკუნის 40-იან წლებში საბჭოთა რეჟიმმა შუა აზიაში გადაასახლა.
არომატული ჩაის დაყენება დეპორტირებულთა ოჯახებისთვის სტუმარმასპინძლობის განუყოფელი ნაწილია.
„არაფერი არ გვინდა დახმარება – ხელი და ფეხი გვაქვს, ღმერთის წყალობით, მშრომელი ხალხი ვართ, ქართველები, მესხები ვართ, სხვები არა ვართ! ჩემი ბაბუა – პაპა, ავად იყო, რომ მივდიოდი მასთან, ბოდიში სიტყვაზე, ასე მეუბნებოდა: მამაძაღლო, შენ კიდევ აქ ხარ? რატომ არ მიდიხარ სამშობლოშიო? წადი, შვილო, წადი, წადი, დედამიწაზე მიდი! ახალგაზრდა ვიყავი – 23-24 წლის, რომ ჩამოვედი აქ”, – გვეუბნება ისლამ ცაცანიძე. ის სამშობლოში სხვებზე ადრე დაბრუნდა და წლების განმავლობაში გურიაში, სოფელ ნასაკირალში ცხოვრობდა.
– დაბადებული სად ხართ?
– უზბეკეთში, სამარყანდში.
შუა აზიაში დაბადებული ისლამი მალევე, მშობლებთან ერთად საცხოვრებლად აზერბაიჯანში გადავიდა. საქართველოში დაბრუნების უფლება მაშინ ოჯახს ჯერ არ ჰქონდა, მამის სურვილი იყო, რომ სამშობლოსთან უფრო ახლოს ყოფილიყვნენ. საქართველოში დაბრუნებას ისლამის მშობლები ვეღარ მოესწრნენ.
1944 წლის ნოემბერ-დეკემბერში საბჭოთა კავშირის თავდაცვის სახელმწიფო კომიტეტის დადგენილების შესაბამისად, სამხრეთ საქართველოდან ცენტრალურ აზიაში, უკან დაბრუნების უფლების გარეშე 90 ათასზე მეტი ადამიანი გადაასახლეს.
„მამაჩემი ადიგენში იყო დაბადებული, მე აზერბაიჯანში დავიბადე. გადასახლების შემდეგ მამაჩემმა სკოლა უზბეკეთში დაამთავრა. აზერბაიჯანში გამგზავრება იმიტომ გადაწყვიტეს, რომ ჩვენს სამშობლოსთან უფრო ახლოს ვყოფილიყავით. მამაჩემი ამბობდა: ჩემს სამშობლოში პური ერთი ნაჭერიც მეყოფაო – გვიამბობს რუსტამ ხოზრევანიძე.
„მოვედით საქართველოში – ჩვენს დედამიწაზე. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ სამშობლოში ვარ. სამშობლოს ფასი არაფერი არ არის”, – ამბობს ისლამ ცაცანიძე.
„მამაჩემი ომში მონაწილეობდა, გროზნოში, ქართულ დივიზიაში იბრძოდა და ბერლინამდე ჩავიდა კაცი. ჩამოვიდა თბილისსა და სამხედრო კომისარიატში რომ მივიდა, უთხრეს, ადიგენში არ წახვიდეო. (შენი ოჯახი) შუა აზიაში გადაასახლესო. როგორო? – გაგიჟდა, კაცი მედლებით დაბრუნდა ომიდან… ადიგენში არავინ არ არის, წადი და შუა აზიაში – ყაზახეთში, ყირგიზეთში მოძებნე, იქ არის შენი ოჯახიო. კაცი ცოცხალი დაბრუნდა თავის მიწაზე და სახლში არ წახვიდეო. რა ექნა? წავიდა შუა აზიაში. იქ 5 წელი კიდევ ეძებდა ოჯახს და ბოლოს ნახა სამარყანდში. 8 შვილი ჰყავდა – 4 ბიჭი და 4 გოგო. მხოლოდ ორი გადარჩა – ერთი დედაჩემი და მეორე ჩემი ბიძა. სხვები შიმშილით დაიხოცნენ – არაფერი იყო საჭმელი, იონჯას ჭამდნენ მარტო”, – ამბობს ცაცანიძე.
სხვადასხვა ეთნიკური თუ რელიგიური ჯგუფის მშობლიური მხარიდან იძულებითი გადასახლება მხოლოდ საქართველოში არ მომხდარა. მსგავსი რამ მეორე მსოფლიო ომის პერიოდში, მთელი კავშირის მასშტაბით, სტალინური ტერორის განუყოფელი ნაწილი იყო.
საქართველოში მცხოვრები მესხების დეპორტაციის ზუსტი მიზეზები დღემდე უცნობია, თუმცა, ისტორიკოსების აზრით, თურქეთის საზღვართან ახლოს მცხოვრები ეს ხალხი საბჭოთა ხელისუფლებამ ომის პერიოდში სახიფათოდ მიიჩნია. მათი გადასახლების ოფიციალურ მიზეზად, ყველაზე ხშირად, სწორედ საზღვრების კონტროლი სახელდება. საკუთარი სახლებიდან შუაღამისას აყრილი ოჯახები საქონლის გადასაყვან ვაგონებში შერეკეს და შუა აზიის გზას გაუყენეს.
„დეპორტაციის დროს ჯარები მოვიდა – თითოეულ ოჯახში ორი ჯარისკაცი იყო (განაწილებული). ასე ეუბნებოდნენ: ჩქარა, ჩქარა გამოდით, ორ თვეში უკან დაგაბრუნებთ, ყველაფერი დატოვეთ, მალე სახლში დაბრუნდებითო. დროებით სხვა ადგილას წაგიყვანთ, აქ ომი იქნება, გერმანელები მოდიან და უსაფრთხო ადგილას გადაგიყვანთო.
14 ნოემბერს, ღამით, ახალციხეში პოლიგონზე ყველა ერთად შეაგროვეს და უთხრეს – აქ მოიცადეთო. იქ იყვნენ ერთი დღე. 15 ნოემბერს, საქონლის გადასაყვანი ვაგონებით წაიყვანეს. ერთ ვაგონში 7-8 ოჯახი შეჰყავდათ. ძალიან ციოდა, თბილი ტანსაცმლის გარეშე იყვნენ. მამაჩემი ჰყვებოდა, რომ 40 დღე გაატარეს გზაში. გზაში ბევრი ხალხი მოკვდა. 2 მეტრის სიმაღლის თოვლი იდო და გარდაცვლილებს პირდაპირ ამ თოვლში ყრიდნენ. სიცივისა და შიმშილისგან უამრავი ადამიანი დაიღუპა… ასე მოტყუებით გადაასახლეს უზბეკეთში, ყაზახეთსა და ყირგიზეთში”, – იხსენებს ხოზრევანიძე.
უკეთესი ცხოვრება დეპორტირებულებს არც შუა აზიაში ელოდათ. ტრიალ მინდორში დატოვებულ ოჯახებს, ბავშვებსა და მოხუცებს უმძიმესი შიმშილობის გადატანა მოუხდათ. შიმშილით გარდაიცვალა ისლამ ცაცანიძის პაპა, რომლის ცხედარიც, შეშის მოსატანად წასულმა დედამ მინდორში შემთხვევით იპოვა.
„არაფერი ჰქონდათ სახლში საჭმელი, დაანება ოჯახს თავი და წავიდა, ბებერი კაცი… მოკვდა და ტურებმა შეჭამეს…
მუშაობდნენ მარტო კუჭისთვის – ფულს არ უხდიდნენ მუშაობაში. ბრიგადები მიდიოდნენ, აჭმევდნენ და ისევ სამუშაოდ ბრუნდებოდნენ. იქვე მინდორში ეძინათ. დედაჩემი ამბობდა ასე”, – იხსენებს ცაცანიძე.
წითელუბანსა და შავშვებში მცხოვრები ეს ოჯახები საქართველოში 2007 წელს, რეპატრიანტის სტატუსით დაბრუნდნენ. სამშობლოდან გადასახლებულთა დაბრუნების ვალდებულება საქართველომ 1996 წელს, მას შემდეგ აიღო, რაც ევროპის საბჭოს 41-ე წევრი გახდა. ეს ვალდებულებები დაბრუნებისთვის საკანონმდებლო ბაზის მომზადებასა და 12 წლის განმავლობაში პროცესის დასრულებასაც გულისხმობდა, თუმცა ვალდებულებების მხოლოდ მცირე ნაწილი შესრულდა. 2007 წელს, ყოფილი სსრკ-ის მიერ XX საუკუნის 40-იან წლებში საქართველოს სსრ-იდან იძულებით გადასახლებულ პირთა რეპატრიაციის შესახებ კანონის მიღების შემდეგ, 2000-მდე მაძიებლიდან, მოქალაქეობაზე განაცხადი სულ 500-მდე პირმა შემოიტანა. მათ უმრავლესობას, რეპატრიანტის სტატუსით საქართველოში მრავალწლიანი ცხოვრებისა და არაერთი მცდელობის მიუხედავად, საქართველოს მოქალაქეობა ამ დრომდე არ მიუღია. მიუხედავად იმისა, რომ მათი შვილები საქართველოს სკოლებში სწავლობენ, სკოლის დამთავრების შემდეგ ვერ იღებენ საშუალო განათლების ატესტატებს, ვერ მსახურობენ ჯარში და ვერ აბარებენ უმაღლეს სასწავლებლებში.
„ძალიან მიყვარს მე საქართველო. ჩემი სამშობლოა ეს. ჩემი დედა და მამა საქართველოს მთავრობამ ჩამოიყვანა და არაფერზე იზრუნა, არ დაეხმარა არაფრით. ოთხი ბავშვი გავზარდე აქ და ძალიან ძნელია. სკოლა დაამთავრეს, უნდათ რომ ატესტატი აიღონ და ინსტიტუტში წავიდნენ, მაგრამ (პირადი) ნომერი არ არის და როგორ წავიდეს? მერე ჯარის დრო მოვა. გინდა ექიმი იყოს, გინდა წამალი – ყველაფერი ორმაგი ღირს ჩვენთვის. ჩვენთვის ყველაფერი ძნელია. ხომ უნდა ცხოვრება ადამიანსა?” – გვეკითხება ფახრია ალეზაროვი.
„რაც მე სამშობლოში მოვედი, 18 წელი წავიდა, კიდევ როგორც უცხო კაცი, ისე ვცხოვრობ – არა ვარ უცხო. ეს მიწა ჩვენი სამშობლოა, ჩვენ მესხები ვართ! დედამიწაა ესა!” – ამბობს რუსტამ ხოზრევანიძე.
კიდევ რამდენ ხანს მოუწევთ დედა მიწაზე, ანუ მშობლიურ მიწაზე დაბრუნებულ ამ ოჯახებს მოქალაქეობის გარეშე ცხოვრება, გაურკვეველია. მაგრამ, აქ, დე-ფაქტო საზღვართან ახლოს, სადაც ჭიშკარზე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დროშაა გაკრული, იმედს მაინც არ კარგავენ, რომ ერთ დღესაც, სამშობლო მათთვის ნამდვილი სახლი გახდება.