იზო, ლეილა, ბარნაბა და სხვები ახალი წლისთვის ემზადებიან. ხანდაზმულთა პანსიონატის გასალამაზებლად და საახალწლო განწყობის შესაქმნელად ისინი ამ სახლის მასპინძელ თეასთან ერთად სასანთლეს ამზადებენ ნაძვის ტოტებითა და საახალწლო სათამაშოებით. ეს სახლი კი ხანდაზმულთა პანსიონატია, მას „სამეგობრო“ ჰქვია – Friendly community.
„მოგესალმებით აფხაზეთიდან, დაბადებული ქალაქ ოჩამჩირეში, იქ გავიზარდე, იქ დავამთავრე სკოლა, მაგრამ ოჯახი რომ შევქმენი სამსახური მქონდა სოხუმში და იქ ვცხოვრობდი. ეკონომისტი ვარ, მაგრამ ერთი დღე არ მიმუშავია, ვიყავი პარტიული მუშაკი საოლქო კომიტეტში, სოხუმში. ახალ წელს ვხვდებოდით ჩვენ, ჩვენი ოჯახი, ჯავახიები, მეგრელები ვიყავით და ჩვენ ჩვენი წესი და ადათი გვქონდა, წინასწარ ცოტ- ცოტა რაღაცას ვამზადებდით, ტანსაცმელს, საჭმელს. ყველაფერს მოვაწესრიგებდით, ადრე სუფრას გავშლიდით. ჩვენთან ასეთი წესი იყო, სკოლის მოსწავლეები დადიოდნენ ღამის 12 საათზე და გვიკაკუნებდნენ და მეგრულად მღეროდნენ… თან მოჰქონდათ ჯამში ხურდა ფულები, ხორბალი და ბრინჯის მსგავსი რაღაც, ანუ ხვავი ბარაქა თქვენ ოჯახსო. ჩვენ კარგაღებული ვხვდებოდით, სუფრა გაშლილი გვქონდა, ვეპატიჟებოდით ფულს ვჩუქნიდით. არაფერს ვაკლებდით სუფრას, იყო ბაჟა, ელარჯი, გებჟალია. ღვინითა და შამპანურით სავსე ჭიქებს ერთმანეთს ვუჭახუნებდით და ასე ვხვდებოდით ახალ წელს“, – იხსენებს 87 წლის ლეილა ჯავახია.
„მე გახლავართ ქიზიყიდან, ბოდბედან. ოჯახში უფროსი და და ძმა მყავს, მაშინ, რა თქმა უნდა, მშობლებიც ცოცხლები მყავდნენ და ქვევითა უბანში ცხოვრობდა მამიდაჩემი და მისი მაზლი, მაზლის სახლიდან ვიწყებდით, მერე გადავდიოდით მამიდაჩემთან, მერე ამოვდიოდით ჩემთან და გავდიოდით სოფლის ბოლოს, სადაც ბოლო სახლია. ჩემი უფროსი მამიდაშვილი სადაცაა გათხოვილი, გაჩერება გვქონდა, ყველა ოჯახს ვლოცავდით და ვხვდებოდით, როგორც შეგვეძლო. გოზინაყი აუცილებლად იყო და იმას ველოდებოდი, მონაჭრები ჩემი იყო. დედაჩემი რომ აწყობდა, თეფშზე ხომ ლამაზად უნდა დააწყო და რაც მოეჭრებოდა ზედმეტი, ის ჩემი იყო. ჩვენთან უფრო ყაურმა ვიცით, გინდა ცხვარი იყოს, გინდა ღორი, ყაურმას ვაკეთებთ, ქათამიც, ინდაურიც, ხან როგორ იყო ხან როგორ. ყველა ახალი წელი მგონია, რომ მაინც რაღაც უკეთესობისკენ შეიცვლება, იმედი გაქვს კაცს, იმედი ბოლოს კვდებაო, ნათქვამია, გგონია, რომ რაღაც გაკეთდება“, – ამბობს გიორგი აბულაშვილი, 63 წლის.
„მე ვარ გარე კახელი, საგარეჯოდან, კაკაბეთიდან. დავიბადე ძალიან ღარიბ, 5-შვილიან ოჯახში. მართალია, ღარიბები ვიყავით, მაგრამ ყველა ოჯახს ჰყავდა ძროხა და ამავე დროს საახალწლოდ გოზინაყი რომ კეთდებოდა ოჯახში, თონეში ცხვებოდა მჭადები, ასევე იკვლებოდა ღორი. მყავდა 3 და და 2 ძმა, მე ვიყავი ყველზე უფროსი. ღვინოც იყო, ყველას ჰქონდა თავისთვის ვენახი, ღორის მწვადები და ა.შ. ღორი რომ იკვლებოდა, იმას მოჰყვებოდა ყველაფერი, მერე დანარჩენი, ქეიფი და მხიარულება, ბავშვების ჟრიამული, რა თქმა უნდა. თოვლის პაპას ჩვენ თვითონ ვაკეთებდით თოვლისაგან, ძალიან ლამაზად გამოგვდიოდა. იმ დროს არც ტელევიზორი იყო, არაფერი არ იყო და ძირითადად, უბანში ჟრიამული იყო ხოლმე ბავშვების, რადგან არაფერი იყო სხვა”, – იხსენებს თინა ოქრომჭედლიშვილი, 88 წლის.
„მე ვარ ჭიათურიდან, სოფელი უსახელო, ვარ 68 წლის. ბაბუის სახელი მქვია, ბავშვობაში მიყვარდა თოვლის მოსვლა, ახალი წელი იყო, თუ რა იყო, არ ვფიქრობდი, ვიყავი სულ გარეთ, ვსრიალებდი. ახალ წელს ველოდებოდი, იყო სავსე მაგიდა, ღორის თავი ვიცოდით, დოქი ღვინო და ხილი იყო. თოვლის ბაბუა არ ვიცოდით მაშინ რა იყო, თოვლის ბაბუას ჩვენით ვაკეთებდით ეზოში. ვათენებდით, ვსრიალებდით ბავშვები, ვერ ვხვდებოდით, რომ ახალი წელი მოვიდა, ვერთობოდით სრიალში, გვიხაროდა“, – ამბობს ბარნაბა პაპიძე.
„ტრადიცია არ გვქონდა, ჩვეულებრივად აჭარულს აცხობდნენ, ხაჭაპურები ფენა-ფენა იყო დაწყობილი. ზოგს ყველი ჰქონდა, ზოგს დაფშვნილი რაღაცები და ისეთი გემრიელი იყო, ბავშვები ვიპარავდით, მახსოვს, რომ ვიპარავდი. ლამაზად უნდა ჩაგეცვა, ცეკვა უნდა გცოდნოდა. რომ დაიწყებოდა ჭამა ან ამის მსგავსი, ტაშს უკრავდნენ, მოლხენა იწყებოდა. იყვნენ მოხუცები, ახალგაზრდები, მაგრამ მოხუცები უფრო აქტიურობდნენ. გრძელი კაბები ეცვათ, ზოგს თეთრი, შავი, მაგრამ უფრო შავი, ამ კაბებში ჩვენ ვიმალებოდით, ნელ-ნელა მივუახლოვდებოდით, შევძვრებოდით ხოლმე და ატყდებოდა წივილ-კივილი, ესეც მახსოვს”, – ამბობს იზო შეროზია, 89 წლის.
ხანდაზმულთა პანსიონატის ბენეფიციარებს ამ ახალი წლისთვისაც განსხვავებული სურვილები აქვთ. ზოგს უნდა, რომ პენსია მოემატოს. ზოგს უნდა, შვილიშვილებს მოესწროს, ზოგი სიმშვიდეს ნატრობს, ზოგს კი უნდა, რომ კვლავ დამოუკიდებლად შეძლოს ქალაქში სეირნობა.
„ქართველ ერს ვუსურვებ ერთიანობას, სიყვარულს, სითბოს, სიკეთეს და იმ ახალგაზრდებს, რომლებიც დღეს აქ იმყოფებიან, დაბრუნებულიყოს აფხაზეთი“, – ამბობს ლეილა ჯავახია.
„2025 წლის სურვილი ის არის, რომ სიმშვიდეს, ჯანმრთელობასა და კარგად ყოფნას ვუსურვებ. მინდა, დავდიოდე, აი, ისე თუ ვერ გავივლი, უამისოდ რომ ვიარო, ამას ვნატრობ“, – ამბობს ბარნაბა პაპიძე.
„მინდა, რომ შვილიშვილებს მოვესწრო. მეტი არაფერი დიდი საოცნებო და სანატრელი არ მაქვს, უფრო მეტი მოტივაცია მექნება, რომ მეტი ვიმუშაო, გავაკეთო და შვილიშვილები გავახარო, ბავშვები მიყვარს საერთოდ ძალიან. მე მინდა რომ გამიშვან, ჩემი ხელით ვიშოვო საშოვარი,სხვისი არც პენსია მინდა და არც მოცემული. ეს მინდა გულახდილად, რომ გითხრათ“, – ამბობს გიორგი აბულაშვილი.
„89 წლის ვხდები მალე, ბევრი აღარ დამრჩენია, არავინ იცის, ვის რა უწერია. 3 შვილიშვილი მყავს – ბიჭები. მათი კარგად ყოფნა მშობლებთან ერთად მინდა, მინდა მშვიდობა ქვეყანაზე. ჯანმრთელობა მინდა, მართლა არაფერი მინდა მატერიალური. მგონი მსოფლიოს განვითარებულ ყველა ქვეყანაში, ყველას მეტი პენსია აქვს, ჩვენ მაგ მხრივ ცოტა დაჩაგრული ხალხი ვართ საქართველოში. პენსია გვქონდეს ცოტა ნორმალური, რომ ადამიანებმა საკუთარ ჯანმრთელობაზე უფრო მეტად იფიქრონ. მარტო კვება ხომ არ არის არა? სხვა ბევრი ინტერესი აქვს ადამიანს და კარგი პენსია რომ ექნება, უფრო მეტად მიხედავს თავის თავს, კვების გარდა ბევრი სხვა სურვილები არის, რა თქმა უნდა“, – ამბობს თინა ოქრომჭედლიშვილი.
„ბევრი წელი გამოვიარე, წინააღმდეგობა, კარგი ამბებიც იყო, ცუდი ამბებიც, მაგრამ მე მოვაღწიე და მოვედი, მეც მიკვირს, მაგრამ მოვედი 89 წლამდე. ვისურვებდი მშვიდობას, სიწყნარეს ქვეყნად, ვისურვებდი ყველა ოჯახს ჰქონდეს საკუთარი მე, რას ნიშნავს? რომ იცხოვროს ისე, როგორც მას უნდა. მე თუ მშვიდად ვიცხოვრებ, შენ თუ მშვიდად იცხოვრებ, ნიშნავს ქვეყნის სიმშვიდეს”, – ამბობს იზო შეროზია.
„უკვე მესამე წელია ნაძვისხეს ვრთავთ… სხვადასხვა აქტივობით ვართ დაკავებულები, ვაკეთებთ ხელნაკეთ ნივთებს და ახალი წლის დღეს ჩვენ ცოტა ადრე ვხვდებით, რადგან ხანდაზმულები 12-1 საათამდე ვერ ჩერდებიან. ყოველ წელს გვაქვს გალავახშამი, სადღესასწაულო საღამოს 8 საათზე. აუცილებლად ბევრი ტკბილეული და ყველაფერი გვაქვს სუფრაზე, ერთი საერთო მაგიდის გარშემო ვსხდებით და ერთად ბედნიერად აღვნიშნავთ ახალ წელს. 2025 წელს მინდა, იყოს მშვიდობა ქვეყანაში და მინდა, რომ ხანდაზმულები იყვნენ უფრო მეტად დაფასებულები“, – ამბობს თეა გურული, ხანდაზმულთა პანსიონატის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი.
Friendly community-ს ტკბილეულით ხელდამშვენებულმა ხანდაზმულმა იზო შეროზიამ საქართველოს ბედნიერი ახალი წელი უსურვა…