უკრაინა და დასავლეთის ქვეყნები რუსეთს ადანაშაულებენ იმაში, რომ ის სასურსათო კრიზისს ერთგვარ იარაღად იყენებს. მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, მკვეთრად გაიზარდა მარცვლეულის, სასუქისა და საწვავის ფასები.
კრიზისს აღრმავებს ისიც, რომ უკრაინა ამ დრომდე ვერ ახერხებს, ექსპორტზე გაიტანოს მილიონობით ტონა მარცვლეული და სხვა აგროპროდუქტები. მძიმე ვითარებაში აღმოჩნდნენ ფერმერებიც.
ფერმერი მიხაილო პერუშენკო ამბობს, რომ ქვეყანაში ახლა რთული ვითარებაა. მართალია, მათ დაიბრუნეს მიწები, რომლებიც არ არის დანაღმული და სადაც შეუძლიათ მუშაობა, თუმცა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა თითქმის სრულად განადგურებულია.
აღჭურვილობასთან ერთად დაზიანებულია სახნავ-სათესი მიწებიც.
ტრაქტორისტ ალექსანდრ ბეზუჰლის თქმით, მიწაზე ბევრი ორმოა, ნაკვეთები სავსეა ასეთი თხრილებით. ამ რეგიონს ახლა აღარ ბომბავენ, თუმცა ზოგიერთ ადგილას მაინც არის აუფეთქებელი რაკეტები და ჭურვები. ფერმერები იძულებული არიან, ამ მიწებზე იმუშაონ.
უკრაინა მსოფლიოში ხორბლის, სიმინდისა და მზესუმზირის ზეთის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ექსპორტიორი ქვეყანაა, თუმცა რუსეთის მიერ პორტების ბლოკირებამ ექსპორტი, ფაქტობრივად, შეაჩერა, რამაც საფრთხე შეუქმნა მსოფლიო სასურსათო მომარაგებას.
გასათვალისწინებელია ისიც, რომ პორტების ძირითადი ნაწილი დანაღმულია.