მთავარიკუბიინტერნეტში 95 ათასზე მეტი ქართველი მომხმარებლის პერსონალური ინფორმაცია გავრცელდა

ინტერნეტში 95 ათასზე მეტი ქართველი მომხმარებლის პერსონალური ინფორმაცია გავრცელდა

ინტერნეტსივრცეში 500 მილიონზე მეტი მომხმარებლის,  მათ შორის ქართველების, პირადი ინფორმაცია გავრცელდა.

როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, ფეისბუკმომხმარებლების პირადი მონაცემები ძველია. ფეისბუკის ადმინისტრაცია თავის ოფიციალური წერილში ამბობს, რომ კომპანიამ ინფორმაციის გაჟონვის შესახებ 2019 წელს შეიტყო.

პირადი მონაცემების გასაჯაროებასთან დაკავშირებული ინფორმაცია პირველად საინფორმაციო გამოცემა „ბიზნეს ინსაიდერმა“ გაავრცელა. მათი ცნობით, ფორუმზე განთავსებულია  106 ქვეყნის მოქალაქეთა პირადი მონაცემები, მათ შორის ტელეფონის ნომრები, ფეისბუკის იდენტიფიკატორები, სრული სახელები, დაბადების წლები და ელექტრონული ფოსტების მისამართები.

ფეისბუკი უკვე მრავალი წელია, იბრძვის პირადი ინფორმაციის უსაფრთხოების დასაცავად. 2018 წელს სოციალურმა ქსელმა გააუქმა ფუნქცია, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევდა, ერთმანეთი ტელეფონის ნომრით მოეძებნათ. ფუნქციის გაუქმების მიზეზი კი ის იყო, რომ ფეისბუკის საშუალებით, პოლიტიკურ ფირმას, „კემბრიჯ ანალიტიკას“,  87 მილიონი ადამიანის პირად ინფორმაციაზე მათი თანხმობის გარეშე ჰქონდა წვდომა.  ფირმა „კემბრიჯ ანალიტიკა“ მონაცემებს 2013-2016  წლებში აგროვებდა. ფეისბუკი აცხადებდა, რომ უსაფრთხოების საკითხთან დაკავშირებული პრობლემები მოაგვარა.

როგორც ცნობილია, საქართველოდან 95,193 მომხმარებლის მონაცემები გასაჯაროვდა. ამასთან, „ინსაიდერის“ მკვლევარი იუწყება, რომ გავრცელდა თავად მარკ ცუკერბერგის პირადი ინფორმაციაც, მათ შორის ტელეფონის ნომერი, ქორწინების მოწმობა და დაბადების წელი. თუმცა ამის შესახებ ინფორმაცია ფეისბუკზე არ დაუდასტურებიათ.

კიბერუსაფრთხოების სპეციალისტის, ანდრო გოცირიძის თქმით, ფეისბუკი არ გვაიძულებს არამედ გვთავაზობს პირადი ინფორმაციის გავრცელებას და ამასთან დაკავშირებით მომხმარებელი ყურადღებით უნდა იყოს.

„უნდა ვიცოდეთ,  რომ არ გავაზიაროთ ის ინფორმაცია, რომელიც შეიძლება ჩვენს საწინააღმდეგოდ გამოიყენონ: ასეთია სახლის მისამართი, მობილური ტელეფონის ნომერი, სკოლის ნომერი, რომელშიც ბავშვი სწავლობს. ეს არ არის ჩვენი ექაუნთიდან წაღებული ინფორმაცია, ეს არის ფეისბუკის ბაზის გატეხვის შედეგად მიღებული ინფორმაცია, სადაც ამ მონაცემებს ჩვენივე ნებით ვაზიარებთ. ვაზიარებთ მაშინ, როდესაც ამას ფეისბუკი არ გვაძალებს, უბრალოდ გვთავაზობს“, – აღნიშნავს სპეციალისტი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend