ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების სპიკერი ჯონ კირბი ეხმიანება ცნობებს იმის თაობაზე, რომ ჩრდილოეთკორეელი ჯარისკაცები რუსეთში არიან მობილიზებული.
„თუ ის სიმართლეა, რომ სამხრეთ კორეის ჯარისკაცები უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომს უნდა შეუერთდნენ, ამას მოჰყვება მოვლენების სახიფათო განვითარება. ამის თაობაზე გასულ კვირასაც ვისაუბრე. მოკავშირეებთან და პარტნიორებთან კონსულტაციებს გავდივართ. ეს პუტინის მზარდი სასოწარკვეთილებისა და იზოლაციის კიდევ ერთი დემონსტრირებაა. მას დახმარების მისაღებად უწევს, მიმართოს ჩრდილოეთ კორეას. ახლოდან ვაკვირდებით, თუ როგორ განვითარდება მოვლენები”, – განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა, ჯონ კირბიმ.
ჩრდილოეთკორეელი ჯარისკაცების რუსეთში მობილიზების თაობაზე მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც უკრაინელმა ოფიციალურმა პირებმა გაავრცელეს ვიდეო, რომელშიც ჩანს, როგორ იკრიბებიან რუსული სამხედრო აღჭურვილობის შესაგროვებლად ჩრდილოეთკორეელი ჯარისკაცები.
„ვალუტის გაძლიერებისა და ომის ეკონომიკის შენარჩუნების მიზნით, პუტინი რადიკალურ ნაბიჯებს დგამს. ბრძოლის ველზე რუსეთის არმიის ბრძოლისუნირიანობის შენარჩუნების მიზნით, მას მკვეთრი ნაბიჯების გადადგმა უწევს. ის ცდილობს ბრძოლის ველზე კიდევ უფრო მეტ, თუნდაც მცირე წარმატებას მიაღწიოს. ეს ნაბიჯები გულისხმობს უპილოტო თვითმფრინავებისა და უპილოტო ტექნიკის ირანიდან, ხოლო საარტილერიო ჭურვები ჩრდილოეთ კორეიდან მიღებას. ახლა კი ვრცელდება ინფორმაცია ჩრდილოეთკორეელი ჯარისკაცების რუსეთში განლაგების შესახებ”, – განაცხადა ჯონ კირბიმ.
მომხდართან დაკავშირებით სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის ელჩი დაიბარეს. სამხრეთი კორეა რუსეთს მოუწოდებს, რუსეთის ტერიტორიიდან დაუყოვნებლივ გაიყვანონ ჩრდილოეთ კორეის ჯარები, რომლებიც, მათი ინფორმაციით, უკრაინის წინააღმდეგ ომში ჩართვისთვის ემზადებიან.
წინააღმდეგ შემთხვევაში სეული ყველა საჭირო ზომას მიიღებს. „ნიუსვიკის“ ცნობით, სამხრეთი კორეა განიხილავს, უკრაინაში გაგზავნოს სამხედრო და სადაზვერვო პერსონალი. კიევსა და სეულს მიაჩნიათ, რომ სამხედრო მოქმედებებისთვის ჩრდილოეთკორეელი ჯარისკაცები მზად ნოემბრისთვის იქნებიან.
ამ საკითხთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმაც. იგი დასავლელ პარტნიორებს შესაბამისი რეაგირებისკენ მოუწოდებს.
„ჩვენ პარტნიორების გადამწყვეტი ქმედებები გვჭირდება, განსაკუთრებით იმის ფონზე, რაც რუსეთის მხარდამჭერის, ჩრდილოეთ კორეის, ახალი როლის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია. აშკარაა, რომ პუტინს მშვიდობის ეშინია. ამიტომ ის მუდმივად ეძებს გზებს, რათა აგრესია არ შეწყდეს და ფრონტის ხაზზე ჩრდილოეთი კორეაც ჩართოს. მსოფლიოსთვის ნათელია უკვე, თუ ვის სურს ომი“, – განაცადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ჩრდილოეთ კორეისა და რუსეთის სამხედრო თანამშრომლობა ნატოსა და დასავლელ მოკავშირეებს შორის დიდი ხანია შეშფოთებას იწვევს. ალიანსის გენერალური მდივნის განცხადებით, ჩრდილოეთკორეელი სამხედროების ომში ჩართვა კონფლიქტის ესკალაციას გამოიწვევს.
თუმცა რუსეთი ამ ინფორმაციას არ ადასტურებს. ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედია კი ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს.