საქართველოში ახალი წლის დადგომას 14 იანვარს „ძველი სტილითაც“ ზეიმობენ. ზოგიერთ კუთხეში კი, ამ დღეს განსაკუთრებული სამზადისია. მაგალითად გურიაში, ახალი წელი სწორედ 14 იანვარს დგება და მათთვის კალანდა ყველაზე მნიშვნელოვანი დღესასწაულია. კალანდას ტრადიციულად ბევრი რიტუალი ახლავს, მაგრამ პანდემიამ ამ რიტუალებსაც უცვალა სახე. კალანდობა წელს ტრადიციულად ვერც ერქომაიშვილების ოჯახში აღნიშნეს, თუმცა მათთვის ამ დღის სურვილები უცვლელია.
ერქომაიშვილებთან კალანდის სუფრას წელს მხოლოდ ოჯახის 2 წევრი მიუჯდა. უჩვეულოა, მაგრამ მათ სახლს წელს პირველად არ ამშვენებს ჩიჩილაკი – პანდემიის გამო ვერ შეიძინეს. თუმცა გურული ღვეზელის გარეშე მაინც ვერ ჩაივლის დღესასწაული. ანზორ ერქომაიშვილს ბავშვობის საუკეთესო მოგონებად სოფელ მაკვანეთში, გურული კალანდობის ტრადიცია შემორჩა.
„ჩემს ბავშვობაში კალანდის დადგომასთან ერთად, ოჯახის უფროსი საწნახელიდან ღვინოს წამოიღებდა და კარს მოადგებოდა. ხელში ეკავა დიდი გობი, მახარობელს კი ღვინო. კართან მოსული იტყოდა – კარი გამიღეთ! დიასახლისი უპასუხებდა – რა მოგაქვთ? ის კი ეტყოდა – ხორაგი, რაც კი ძვირფასი არსებობს – ღვინო, საკვები… ამის შემდეგ მეორედ იტყოდა – კარი გამიღეთ! დიასახლისი კვლავ ჰკითხავდა – რა მოგაქვთ? ოჯახის უფროსი უპასუხებდა – ქვეყნად მშვიდობა, ბედნიერება სიხარული… კარი გამიღეთ! დიასახლისი მესამედაც კითხავდა – რა მოგაქვთ? ის კი ეტყოდა, ხალხთა მშვიდობა, სიხარული, სიცოცხლე, ქორწილი ზეიმი… კარი გამიღეთ! ამის შემდეგ გაუღებდა დიასახლისი კარს“, – იხსენებს ლოტბარი და ფოლკლორისტი ანზორ ერქომაიშვილი.
მოზეიმეები აუცილებლად გადაინაცვლებდნენ მარანში და იქ აგუნას რიტუალი იწყებოდა. საწნახელთან იკრიბებოდნენ და ღვინის ღმერთს, აგუნას, ყურძნის ბარაქიან მოსავალს სთხოვდნენ.
„ორჩხუში და ორკოპე გადმეიტანეო – იწყებოდა მარანში. ორჩხუში და ორკოპე არის ჭურის ამოსარეცხი და ღვინის ამოსაღები, გურულად ასე ეძახიან. ჩვენს მამულში ყურძენიო, მტრის მამულში ფურცელიო… აგუნა, აგუნა, ვიო – ბოლოს დაიძახებდა ყველა ერთად და უბრაგუნებდნენ საწნახელს კომბალს, რომელიც დიდ ხმას გამოსცემდა“, – ამბობს ანზორ ერქომაიშვილი.
პანდემიის გამო, წელს კალანდობის ტრადიციამ ერქომაშივლებთანაც იცვალა ფერი. თუმცა მასპინძელს იმედი აქვს, რომ ამ დღეს მომავალში ისევ ისე აღნიშნავს, როგორც სოფელ მაკვანეთში, დიდ ოჯახთან ერთად ზეიმობდა.
ავტორი: ნანუკა მეშველაშვილი