26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებული დავები საკონსტიტუციო სასამართლოში გრძელდება. უმაღლეს სასამართლო ინსტანციაში პირველი სარჩელის ავტორი საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილია. ხმის მიცემის ფარულობა და საყოველთაობა – დავის საგანი არჩევნებისას ამ ორი კონსტიტუციური პრინციპის დარღვევაა. პრეზიდენტი აცხადებს, რომ არ აქვს საქართველოს მართლმსაჯულების სისტემისადმი ნდობა, თუმცა ვალდებულებად მიაჩნია ქვეყნის შიგნით არსებული ყველა სამართლებრივი მექანიზმის გამოყენება.
„ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ამ ქვეყანაში არცერთი ინსტიტუტი აღარ არის დამოუკიდებელი, თუმცა ჩვენ მაინც უნდა ვცადოთ. ეს არის ჩემი სარჩელის მიზანი – ბოლომდე გამოვცადოთ იმ მოსამართლეების სინდისი, რომლებიც დადგებიან იმ არჩევანის წინაშე, თუ როგორი ქვეყანა გვინდა“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 18 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე.
საკონსტიტუციო სასამართლოში მოსარჩელის, ანუ საქართველოს პრეზიდენტის, პოზიციას იურისტი ეკა ბესელია დაიცავს. მისი შეფასებით, სამართლებრივად საკონსტიტუციო სარჩელის განხილვის დასრულებამდე პარლამენტმა ახალი მოწვევის დეპუტატების უფლებამოსილება არ უნდა ცნოს.
„ამ სარჩელში ორი ძირითადი კონსტიტუციური უფლების დარღვევაზეა საუბარი: პირველი – ეს არის საყოველთაობის დარღვევა, რაც გამოიხატა იმაში, რომ ქვეყნის გარეთ მყოფი ჩვენი მოქალაქეებისთვის კონსტიტუციური უფლებით სარგებლობის შესაძლებლობა არა მხოლოდ შეიზღუდა, არამედ აეკრძალათ კიდეც. მეორე უმნიშვნელოვანესი პრინციპი – ეს არის ხმის ფარულობის დაცვა. არაერთი მტკიცებულებაა, რომ ხმის ფარულობა დაირღვა, რაც კონსტიტუციური სტანდარტის დარღვევაა“, – განაცხადა იურისტმა და საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის ინტერესების დამცველმა ეკა ბესელიამ.
სასამართლოში პრეზიდენტის უფლებადამცველის პოზიციას იზიარებს კონსტიტუციონალისტების ნაწილი და სამართლებრივი პროცედურების ვადებს განმარტავენ. მათი თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრების მექანიზმი, რომლის ამოქმედებასაც პრეზიდენტი გეგმავს, მაქსიმუმ 30 დღეში უნდა ჩაეტიოს. პარლამენტის პირველი სხდომის ჩატარების თარიღად კი ხელისუფლებამ 25 ნოემბერი დაასახელა.
„მაქსიმალური ვადაა 30 დღე, თუმცა, შესაძლოა, საკონსტიტუციო განხილვა უფრო მალეც დასრულდეს. ვფიქრობ, დავის სირთულიდან გამომდინარე, სასამართლოს გადაწყვეტილების მისაღებად 2-3 კვირა მაინც უნდა დასჭირდეს.
იყო საუბარი, რომ ჩვენ მაინც შევიკრიბებით. შეკრებით, პარლამენტი შეიკრიბება, მის კარს სასამართლო ვერ „აჭედავს“, დეპუტატები დარბაზშიც შევლენ და სხდომაც გაიხსნება, უბრალოდ, როდესაც აღმოჩნდება, რომ 150-ვე წევრის უფლებამოსილება სასამართლოშია გასაჩივრებული, პარლამენტი ვალდებულია, შეწყვიტოს საქმიანობა და მხოლოდ დავის დასრულების შემდეგ განაახლოს.
ტექნიკურად შეუძლებელია, პარლამენტმა საკუთარი უფლებამოსილება ცნოს მანამ, სანამ ამ სარჩელთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება არ გვეცოდინება“, – განაცხადა კონსტიტუციონალისტმა ვახუშტი მენაბდემ.
პრეზიდენტის საკონსტიტუციო სარჩელს მმართველ პოლიტიკურ გუნდში გამოეხმაურნენ. „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ საქართველოს კონსტიტუცია არ ითვალისწინებს ისეთ ნორმას, რომლის მიხედვითაც, პრეზიდენტი პარლამენტის საქმიანობას შეაფერხებს. ხელისუფლებაში მიიჩნევენ, რომ სალომე ზურაბიშვილის სამართლებრივი ნაბიჯის თვითმიზანი „საზოგადოების მოტყუებაა“.
„მე-11 მოწვევის პარლამენტის შეკრების შეფერხების სამართლებრივი რეგულაცია საქართველოს კონსტიტუციასა და ქართულ კანონებში ამ შემთხვევაში განსაზღვრული არ არის. სალომე ზურაბიშვილს არ შეუძლია, შეაფერხოს საქართველოს ახლად არჩეული პარლამენტის საქმიანობა. ასეთი ნორმა კანონმდებლობაში არ არის. ჯერ გვითხრან, რომელ ნორმას გულისხმობენ და ამაზეც პასუხს გავცემთ. რადგან მათ ასეთი ნორმა ჯერ არ დაუსახელებიათ, ჯერ პასუხს ვერ გავცემთ, მაგრამ თუ მიზანია, რომ შეაფერხოს ახლად არჩეული პარლამენტის შეკრება, უფლებამოსილების ცნობა, ასეთი ნორმა ქართულ კანონმდებლობაში არ არსებობს.
არსებობს მხოლოდ გარკვეული ჩანაწერები, რომლებიც გარკვეულ ინდივიდუალურ საკითხებს შეეხება. ნორმა, რომელიც ზოგადად, პარლამენტის საქმიანობას შეაფერხებს და უფლებამოსილების ცნობის საკითხს, არ არსებობს. საკონსტიტუციო სასამართლოში საჩივრდება კონსტიტუციისა და კანონების მიხედვით ნორმა, ან ნორმის ნორმატიული შინაარსი და არჩევნები ამ ნორმიდან გამომდინარე“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.
საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებით ეს სასამართლო დავების პირველი შემთხვევა არაა. 26 ოქტომბრის კენჭისყრის დღის შემდეგ უბნების ბათილობის მოთხოვნითა და ხმის მიცემის ფარულობის პრინციპის დარღვევის მიზეზით რაიონულ, საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებს ოპოზიციურმა კოალიციებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა არაერთი სარჩელით მიმართეს. გარდა ერთი გამონაკლისისა, სხვა სარჩელები სასამართლოს არცერთი ინსტანციის მიერ არ დაკმაყოფილდა. ასევე საარჩევნო პროცესში ჩართული მხარეების სარჩელებიდან მხოლოდ 15% დააკმაყოფილეს საოლქო კომისიებმა.