დღეს, 19 ნოემბერს, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებისთვის წლის დასკვნითი მატჩია – ვილი სანიოლის გუნდი ჩეხეთის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება. შეხვედრა ჩეხეთში ქალაქ ოლომოუცში გაიმართება და თბილისის დროით, 23:45 საათზე დაიწყება. იმისთვის, რომ საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგის A ლიგის საგზური მოიპოვოს, დღევანდელი მეტოქე აუცილებლად უნდა დაამარცხოს.
ანდრუვ სტადიონზე გამართული მატჩისწინა ვარჯის დაწყებამდე ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა მედიასთან თქვა, რომ მთავარი არა მეტოქის თამაში, არამედ თავად ნაკრების მოტივაცია და ამბიციაა.
„არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ დაახლოებით ხუთი წლის წინ საქართველოს ნაკრები D ლიგაში ასპარეზობდა. შემდეგ კი, ორჯერ დავწინაურდით და ყოველ ჯერზე უფრო ძლიერ მეტოქეებს ვეთამაშებოდით. A ლიგაში გადასვლის შემთხვევაში თითოეული მატჩი საუკეთესო ნაკრებების წინააღმდეგ გვექნება. ახლა ნამდვილად არ ვიცი, მზად ვართ ამისთვის თუ არა, თუმცა ძალიან მინდა ძალების მოსინჯვა ასეთ დონეზე“, – განაცხადა ვილი სანიოლმა.