მეცნიერ ქალთა საერთაშორისო დღე გაერომ 2011 წელს დააწესა. ორგანიზაციის მიზანია ხელი შეუწყოს ყველა იმ ქალს, რომელთაც აინტერესებთ მეცნიერება, უყვართ სწავლა და კვლევა. გაერო იმედოვნებს, რომ მეცნიერებაში სქესთა შორის განსხვავება აღმოიფხვრება და თანაბრად ხელმისაწვდომი გახდება.
ლინა ბაქრაძე პროფესიით ქიმიკოსია. ახლა გლობალურ საკითხებზე მუშაობს, იგი გეოეკოლოგიურ და გარემოს დაცვის პრობლემებს იკვლევს. 2014 წელს ელინას დოქტორის აკადემიური ხარისხი მიენიჭა. მას გამოქვეყნებული აქვს 45-ზე მეტი სამეცნიერო სტატია და ნაშრომი. მრავალ სხვა დამსახურებასთან ერთად, 2018 წელს ქიმიკოსს წლის საუკეთესო ახალგაზრდა მეცნიერის ჯილდოც მიენიჭა.
„სკოლაში ჩემთვის ყველაზე საინტერესო საგნები ქიმია და ბიოლოგია იყო. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, გამოვსულიყავი ქიმიკოსი. მაინტერესებს ყველაფერი, რაც კვლევებს უკავშირდება. რა თქმა უნდა, საკმაოდ რთული გზაა, თუმცა ჩემთვის იმდენად საინტერესოა ეს პროცესი – ყოველი ახალი მიგნება, ინოვაციების ძიება, შემდეგ კი ამ ყველაფრის სხვებისათვის გაზიარება, რომ ეს ყელაფერი უაღრესად სასიამოვნო ხდება“, – ამბობს ელინა.
23 წლის ქეთუნა დანელია აშშ-ში გასამგზავრებლად ემზადება. მან ფიზიკის საბაკალავრო პროგრამა ცოტა ხნის წინ დაამთავრა. მომავალი წლიდან კი ნიუ-იორკის სირაკუზის უნივერსიტეტში სადოქტორო პროგრამაზე აშშ-ის დაფინანსებითა და სტიპენდიით გააგრძელებს სწავლას. გარდა ამისა, ქეთუნას საუკეთესო აპლიკაციის წარდგენისათვის უნივერსიტეტმა გრანტიც გადასცა.
„მესამე კურსამდე არ მეგონა, თუ ოდესმე წარმატებას მივაღწევდი. ძალიან ბევრს ვშრომობდი, თუმცა შედეგი მაინც არ ჩანდა. მაინც ვერ ვიღებდი კარგ ქულებს, ზოგიერთი საგნის სწავლაც მიჭირდა, მაშინ, როდესაც ჩემი სხვა ჯგუფელები წარმატებით აბარებდნენ საგნებს. ის დღეც მახსოვს, როდესაც შუალედურისათვის ვემზადებოდი და უცბად ჩემი შრომის შედეგიც დავინახე. თითქოს ეს ყველაფერი შეიკრა, საკუთარი თავის რწმენა და თავდაჯერებულობა მოვიპოვე“, – ამბობს ქეთუნა.
მეცნიერ ქალთა დღის აღნიშვნის მთავარი მიზანია, რომ თანამედროვე სამყაროში მეცნიერების სხვადასხვა დარგის არჩევისას სქესი არ იყოს განმსაზღვრელი. მათ სურთ, რომ თანასწორუფლებიანი გარემო შეიქმნას. რა სიტუაციაა ამ მხრივ საქართველოში, ამის შესახებ „ევრონიუს ჯორჯიას“ რუსთაველის ფონდის გენერალური დირექტორი ჯაბა სამუშია ესაუბრა.
„რუსთაველის ფონდს ამ კუთხით რამე განსაკუთრებული რეგულაცია არ გააჩნია, ვინაიდან საქართველოში ეს გამოწვევა არ არსებობს. ჩვენთან ევროკავშირის მიერ დაფინანსებული კვლევა მიმდინარეობს. კვლევის მიხედვით, საქართველოში ქალების ჩართულობა მეცნიერებაში საკმაოდ მაღალია. მათ შორის ისეთი მიმართულებებითაც, როგორებიცაა ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები“, – განაცხადა ჯაბა სამუშიამ.
„11 თებერვლის ინიციატივის“ ავტორები იმედოვნებენ, რომ წარმატებული ქალი მეცნიერები მომავალში მაგალითს მისცემენ გოგონებს, რაც მათ სამეცნიერო საქმიანობის არჩევისას მოტივაციასაც გაუძლიერებს.
ნინი დვალიშვილი