ევრონიუსი ევროპის საინვესტიციო ბანკის ახლად დანიშნულ პრეზიდენტ ნადია კალვინოს ესაუბრა იმის შესახებ, თუ როგორ აპირებს ევროპა დააჩქაროს მის მიერ 2050 წლისთვის დასახული მიზნების განხორციელება ნახშირბადის გამონაბოლქვის მოცულობის შემცირებასთან დაკავშირებით და როგორ შეუწყობს ხელს უკრაინის აღმშენებლობის პროცესს.
ევროპის საინვესტიციო ბანკი ყველაზე მსხვილი მრავალმხრივი საფინანსო ინსტიტუტია მსოფლიოში, რომელიც აფინანსებს ე.წ. მწვანე პროექტებს და არ დებს ინვესტიციებს წიაღისეულ საწვავში, აფინანსებს უკრაინის რეკონსტრუქციას, მხარს უჭერს ინოვაციებსა და ევროპის კონკურენტუნარიანობის ზრდას არა მხოლოდ ევროპის არამედ მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
„ევრონიუსის“ კორესპონდენტი სტეფან გრობი ესაუბრა ევროპის საინვესტიციო ბანკის პრეზიდენტს, ესპანეთის ყოფილ ვიცე-პრემიერმინისტრს ნადია კალვინოს. „გლობალური საუბრების“ ბოლო ეპიზოდში.
სტეფან გორბი, ევრონიუსი: სულ რამდენიმე კვირაა რაც ევროპის საინვესტიციო ბანკის პრეზიდენტის ოფისი ექვსი წლით ჩაიბარეთ და უკვე უამრავი საქმე გაქვთ. მინდა ერთ პრიორიტეტს გავუსვა ხაზი – უკრაინის რეკონსტრუქციას ვგულისხმობ. აშკარაა, რომ ამ უზარმაზარ პროექტს ევროპის დიდი მხარდაჭერა სჭირდება. მაინტერესებს, როგორ აპირებთ ამ პროცესის მართვას, ვგულისხმობ, როგორ უნდა დააფინანსოთ პროექტები, რომლებიც შესაძლოა ისევ გაანადგუროს ომმა?
ნადია კალვინო, ევროპის საინვესტიციო ბანკის პრეზიდენტი: „ჩვენი ბანკი დიდი ხანია უკრაინაში მოღვაწეობს, ომის დაწყების დღიდან 2 მილიარდი ევროს ინვესტიცია ჩავდეთ უკრაინაში. ძალიან კარგი სიახლეა ის, რომ გასულ კვირაში ლიდერები შეთანხმდნენ განაახლონ უკრაინის დახმარება. ეს უფრო მეტ გარანტიას და სტიმულს აძლევს ევროპის საინვესტიციო ბანკს, რომ განაგრძოს უკრაინის დახმარება და ჩადოს იქ ინვესტიციები როგორც კი ომი დასრულდება, ეს კი იმედია, რაც შეიძლება მალე მოხდება.“
ევროპის საინვესტიციო ბანკი კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ
სტეფან გორბი, ევრონიუსი: ევროპის საინვესტიციო ბანკი ცნობილია, როგორც ე.წ. მწვანე ბანკი. თუ შეიძლება უფრო დეტალურად გვითხარით რა ხდება ამ მხრივ პროექტების, მრეწველობისა და სტატისტიკის თვალსაზრისით. ინვესტორები ისევ ხალისით დებენ ფულს?
ნადია კალვინო, ევროპის საინვესტიციო ბანკის პრეზიდენტი: აბსოლუტურად. მაგალითად გასულ წელს 49 მილიარდი ევრო ჩავდეთ მწვანე ეკონომიკაზე გადასვლის პროცესში. ამიტომ მიმაჩნია რომ ეს კარგია. ნამდვილად სწორად უწოდებენ ჩვენს ბანკს კლიმატის ბანკს. ჩვენ კიდევ უფრო განვამტკიცეთ საკუთარი ბრენდი და მთელ ციკლს ვაფინანსებთ. ეს ეხება მწვანე ეკონომიკაზე გადასვლას – იქნება ეს კვლევა-განვითარების პროექტები, ქსელის განმტკიცების ტექნოლოგიები, თუ მძიმე მრეწველობის დეკარბონიზაცია, ენერგოეფექტურობა და ნულოვან გამონაბოლქვზე ორიენტირებული ტექნოლოგიები. ჩემი აზრით სწორედ ეს არის გარდამავალი პერიოდისთვის შესაფერისი მხარდაჭერა.
სტეფან გორბი, ევრონიუსი: თუმცა ახლა ისეთი ვითარებაა, რომ მაგალითად ავტომწარმოებლებმა გადაავადეს ახალი ელექტრომობილების მოდელების ჩვენება. მოიმატა ფერმერების პროტესტმა გარემოსდაცვით რეგულაციებთან დაკავშირებით, პოპულისტები კი უფრო მეტად უყრუებენ ყურს კლიმატის პოლიტიკას. რამდენად უქმნის ეს ყველაფერი საფრთხეს ევროპის მწვანე შეთანხმებას?
ნადია კალვინო, ევროპის საინვესტიციო ბანკის პრეზიდენტი: „ჩვენ გარდამავალ ეტაპზე ვართ, ამიტომ ცვლილებებს მოჰყვება გარკვეული ზიანი და ხარჯი. სწორედ ამიტომ საჯარო სექტორი – როგორც პოლიტიკოსები ასევე ევროპის საინვესტიციო ბანკის ჯგუფიც უნდა დავეხმაროთ ამ სექტორებს. უნდა დავეხმაროთ აგრარულ სექტორს, რათა საჭირო ინვესტიციები ჩაიდოს. უნდა დავეხმაროთ მძიმე მრეწველობას მოერგოს ცვლილებებს. მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს მწვანე ტექნოლოგია. ჩვენი ვალია, რომ განვმარტოთ რაც საჭიროა, რომ დავეხმაროთ ჩვენს ეკონომიკასა და საზოგადოებას, რომ შევავსოთ ინვესტიციის დეფიციტი და ყველაფერი გავაკეთოთ, რათა ხელიდან არ გავუშვათ მწვანე და ციფრულ ეკონომიკაზე გადასვლის შესაძლებლობა.
სტეფან გორბი, ევრონიუსი: ევროპის საინვესტიციო ბანკის ანგარიში აჩვენებს, რომ ევროპულმა კომპანიებმა გაზარდეს ინვესტიციები ისეთი მიმართულებით როგორიცაა ინოვაცია, ენერგოეფექტურობა და მიწოდების ჯაჭვის დივერსიფიცირება. ეს ძალიან კარგია, მაგრამ ანგარიში ასევე გვაფრთხილებს, რომ არსებობს კორპორაციული ევროპის გახლეჩის რისკი. რა ხდება ამ კუთხით?
ნადია კალვინო, ევროპის საინვესტიციო ბანკის პრეზიდენტი: აშკარაა, რომ კომპანიები კარგად უნდა დაფიქრდნენ, სანამ ზოგიერთ აუცილებელ ინვესტიციას განახორციელებენ. ძალიან ბუნდოვანია გარემო, გეოპოლიტიკური დაძაბულობაც ზღუდავს აპეტიტს, კორპორაციების აპეტიტს რისკის მიმართ. სწორედ ამიტომაა ევროპის საინვესტიციო ბანკის როლი მნიშვნელოვანი ინვესტირების რისკის შესამცირებლად. როდესაც ჩვენ ინვესტიციას ვდებთ მწვანე წყალბადის ტექნოლოგიაში ან ცირკულარული ბატარეების საწარმოში, ჩვენ ამით ამ პროექტის რეალურად განხორციელებას ვუწყობთ ხელს, რადგან ჩვენ მოგვყვებიან სხვა – როგორც საჯარო ისე კერძო – ინვესტორებიც, რომლებიც ხედავენ, რომ ჩვენი ბანკი ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტია რისკის შემცირებისა და ტექნიკური ანალიზის ჩატარების თვალსაზრისით. ჩვენი ჩარევა გარკვეულწილად არის დასტური იმისა, რომ ეს პროექტი სიცოცხლისუნარიანია. რომ ის კარგი პროექტია და კერძო ინვესტიციებს იზიდავს.
სტეფან გორბი, ევრონიუსი: თქვენ გეოპოლიტიკური დაძაბულობა ახსენეთ. ბრიუსელსა და ევროკავშირის დედაქალაქებში ძალიან ბევრი ადამიანი შიშობს, რომ თეთრ სახლში დონალდ ტრამპი დაბრუნდება. თქვენც მათ შორის ხართ?
ნადია კალვინო, ევროპის საინვესტიციო ბანკის პრეზიდენტი: 2024 ძალიან მნიშვნელოვანი წელია იმ თვალსაზრისით, რომ მთელ მსოფლიოში მილიარდობით ადამიანი წავა საარჩევნო უბანზე, მისცემს ხმას და გადაწყვეტს, თუ როგორი მომავალი სურს საკუთარი თავისა და შვილებისთვის, მათ შორის ევროკავშირშიც. მალე ევროკავშირში არჩევნები გვექნება და ყველა არჩევნები რასაკვირველია დიდი გავლენას მოახდენს ჩვენს ცხოვრებაზე. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემი აზრით ის არის, რომ ევროპის არჩევნებმა ევროპელები მტკიცე ერთობამდე მიიყვანს, რომ მათ მტკიცე ვალდებულება აიღონ იმისა, რომ იქნებიან ერთად და ერთად გასცემენ პასუხს ყველა არსებულ გამოწვევა, ერთად და უყოყმანოდ იმოქმედებენ. იმიტომ რომ როგორც ისტორიამ აჩვენა, სწორედ ეს არის წინსვლის ნაცადი და სწორი გზა.“
ევროპის საინვესტიციო ბანკი და კაპიტალის ბაზრების კავშირი
სტეფან გორბი, ევრონიუსი: ბრიუსელისა და ევროპის პოლიტიკურ დღის წესრიგში ერთ-ერთი საკვანძო საკითხია კონკურენტუნარიანობა. ამიტომ ნება მოეცით გავიხსენო ევროკავშირის ძველი მაგრამ კარგი ამბიცია, რომელიც დიდი ხანია თაროზე დევს – კაპიტალის ბაზრების კავშირს ვგულისხმობ. რამდენიმე დღის წინ ევროპული საბჭო და პარლამენტი შეთანხმდნენ, რომ საბაზრო ინფრასტრუქტურის რეგულაციებს გადახედავენ. დარწმუნებული ხართ, რომ ეს ამბავი წლის ბოლომდე დასრულდება?
ნადია კალვინო, ევროპის საინვესტიციო ბანკის პრეზიდენტი: ეს ხომ ის სფეროა, რომელშიც მრავალი წელია ვმუშაობ. მე ფინანსურ რეგულაციებთან და კაპიტალის ბაზრებთან მუშაობის დიდი ხნის გამოცდილება მაქვს. ეს კავშირი ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი ჯერ კიდევ 10-15 წლის წინ იყო. ამიტომ მე ნამდვილად დიდი იმედი მაქვს, რომ მომავალი მანდატის პერიოდში ამ კუთხით განახლებული საკანონმდებლო ჩარჩო გვექნება. თუმცა მანამდე, როგორც ევროპის საინვესტიციო ბანკის პრეზიდენტმა საკუთარ ოფისში უკვე ჩავატარე ამ მიმართულებით სამუშაოები, რათა ვნახო, თუ რამდენად შეგვიძლია ვიყოთ პირველები და ავამოქმედოთ ისეთი ფინანსური ინსტრუმენტები, რომლებიც კაპიტალის ბაზრების კავშირის სამშენებლო ბლოკებად გამოდგება.
სტეფან გორბი, ევრონიუსი: როგორც უკვე აღვნიშნე, თქვენ ახლახან შეუდექით საქმიანობას ევროპის საინვესტიციო ბანკში ლუქსემბურგში. როგორ გგონიათ, სად იქნება ევროპა ექვსი წლის შემდეგ?
ნადია კალვინო, ევროპის საინვესტიციო ბანკის პრეზიდენტი: „ეს მართლაც რთული კითხვაა, რადგან ვინ იცის რა მოხდება მომავალ 6 წელიწადში. უკან რომ ვიხედები და ვფიქრობ რაც გავიარეთ პანდემიის, ომისა თუ ინფლაციის გამო. დიდი იმედი მაქვს, რომ მომავალში ეფექტურად გავცემთ პასუხს იმ გამოწვევებს, რომლებიც აუცილებლად შეგვხვდება. იმედი მაქვს, რომ აღვადგენთ მშვიდობას ჩვენს საზღვრებთან და ამის მერე როცა უკან მოვიხედავთ გავიფიქრებთ, რომ ევროკავშირის ირგვლივ ომი და ნგრევა მხოლოდ მცირე ხნით იყო და რომ მომავალში ვიხილავთ ევროკავშირის უფრო მტკიცე ერთობას, ღრმა, უფრო ინტეგრირებულ ეკონომიკასა და საზოგადოებას, ასევე კეთილდღეობას, ბედნიერებას ჩვენი შვილებისა და შვილიშვილებისთვის.
ავტორი: სტეფან გრობი