NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ალიანსის წევრი სახელმწიფოების მიერ საერთო სამხედრო ბიუჯეტში მზარდი შენატანების შესახებ საუბრობს.
ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის განცხადებით, 2014 წლის შემდეგ კანადისა და რიგი ევროპული სახელმწიფოების მიერ NATO-ს სამხედრო ბიუჯეტში შენატანი 600 მილიარდი დოლარით არის გაზრდილი. გასულ წელს კი აქამდე არნახული 11-პროცენტიანი ზრდა იყო ამ მიმართულებით.
🆕 Secretary General @jensstoltenberg released NATO’s latest defence spending figures, which show an unprecedented increase across European Allies and Canada
— NATO (@NATO) February 14, 2024
”2014 წლის შემდეგ კანადამ და სხვა წევრმა სახელმწიფოებმა NATO-ს ბიუჯეტში 600 მილიარდ ამერიკულ დოლარზე მეტი მოცულობის თანხა შემოიტანეს, გასულ წელს კი აქამდე არნახული 11-პროცენტიანი ზრდა გვქონდა სამხედრო ფინანსური რესურსის თვალსაზრისით. წელს ველი, რომ 18 მოკავშირე სახელმწიფო საკუთარი წლიური ბიუჯეტის 2 პროცენტზე მეტს შესწირავს საერთო უსაფრთხოებას.
2024 წელს NATO-ს წევრი ევროპული სახელმწიფოები თავდაცვის მიმართულებით 380 მილიარდ ამერიკულ დოლარს გაიღებენ, ეს ნამდვილი პროგრესია და პირდაპირ პასუხობს ჩვენ წინაშე არსებულ გამოწვევებს. ევროპელი მოკავშირეები მეტს ხარჯავენ და სწორედ ამ საკითხზე შევთანხმდით ჩვენ ვილნიუსის სამიტზე.
უკვე 75 წელია, რაც NATO წევრი სახელმწიფოების უსაფრთხოებას იცავს წარმატებით, ეს შევძელით, რადგან ყოველთვის ნათელი იყო ჩვენი მთავარი პრინციპი, რომლის თანახმადაც, თავდასხმა ერთზე განიხილება როგორც თავდასხმა ყველაზე. ეს გზავნილი მკაფიოა დღესაც, არავის უნდა შეეპაროს ეჭვი, რომ NATO მზად არის ნებისმიერი წევრი სახელმწიფოს მიწის ყოველი გოჯის დასაცავად”, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
უკრაინაში რუსული ინტერვენციის ფონზე NATO-მ როგორც საკუთარი სამხედრო რესურსების ასევე უკრაინისთვის გადაცემის მიზნით 200 ათასი საარტილერიო ჭურვი შეიძინა. ამავე დროს, ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში დემოკრატიული და რესპუბლიკური პარტიების დაპირისპირების ფონზე უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევის დიდი წილი სწორედ ევროპულ სახელმწიფოებზე მოდის.
13 თებერვალს ამერიკელმა სენატორებმა მხარი დაუჭირეს უკრაინის, ტაივანისა და ისრაელისთვის 95 მილიარდი ამერიკული დოლარის მოცულობის სამხედრო დახმარების გაწევას, მაგრამ წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკური პარტიის თანხმობის გარეშე თანხას უკრაინული არმია ვერ მიიღებს.