ბუკინგემის სასახლის ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზ III-ს სიმსივნე დაუდგინდა. მეფემ მკურნალობა უკვე დაიწყო.
სამეფო ოჯახის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ სიმსივნე მეფის ბოლოდროინდელ მკურნალობასთან არ არის დაკავშირებული. მათ ჯერჯერობით არ უთქვამთ, თუ რისი ან რომელი სტადიის სიმსივნე აქვს 75 წლის მონარქს.
ტახტზე ასვლიდან 18 თვის შემდეგ მეფე ჩარლზი საჯარო საქმიანობას დროებით შეაჩერებს. თუმცა ის სახელმწიფო საქმიანობის გაგრძელებას აპირებს და მმართველობას სხვას არ გადასცემს.
მონარქის ჯანმრთელობის მდგომარეობას ბრიტანეთის პოლიტიკური ლიდერებიც გამოეხმაურნენ.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა ჩარლზ მესამეს გამოჯანმრთელება და საჯარო საქმიანობაში დაბრუნება სოციალური მედიის საშუალებით უსურვა. მონარქს მიმართა დიდი ბრიტანეთის თემთა პალატის სპიკერმაც.
Wishing His Majesty a full and speedy recovery.
I have no doubt he’ll be back to full strength in no time and I know the whole country will be wishing him well. https://t.co/W4qe806gmv
— Rishi Sunak (@RishiSunak) February 5, 2024
„ვიცი, მთელ პალატას სურს, შემომიერთდეს. მინდა, ჩვენი თანაგრძნობა გამოვხატოთ მისი უდიდებულესობის მიმართ. ამ საღამოს ახალი ამბის გაგების შემდეგ გამუდმებით მეფესა და მის ოჯახზე ვფიქრობთ. ყველას გვსურს, მას წარმატებული მკურნალობა და სწრაფი გამოჯანმრთელება ვუსურვოთ“, – განაცხადა თემთა პალატის სპიკერმა, ლინდსი ჰოილიმ.
ბუკინგემის სასახლის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ჩარლზ III-ს სურდა, მისი დიაგნოზის შესახებ საზოგადოებასაც სცოდნოდა. ამით მან თავიდან აიცილა სპეკულაციები.
მეფე იმედოვნებს, რომ ინფორმაციის საჯაროდ გამოტანა ხელს შეუწყობს სიმსივნესთან დაკავშირებული ცნობიერების ამაღლებასაც.