ავსტრიელი ფსიქოპატი, რომელიც საკუთარ ქალიშვილს 24 წლის განმავლობაში აუპატიურებდა, ფსიქიატრიული პატიმრობიდან ჩვეულებრივ ციხეში გადაჰყავთ.
ავსტრიელი ფსიქოპატი იოზეფ ფრიცლი სასამართლოს გადაწყვეტილებით ფსიქიატრიული პატიმრობიდან ჩვეულებრივ ციხეში გადაჰყავთ. ფრიცლს თავისი ქალიშვილი 24 წელი ჰყავდა ტყვეობაში და ამ ხნის განმავლობაში აუპატიურებდა, აწამებდა და მისგან შეეძინა 7 შვილიც, რომელთაგან ერთ-ერთი გარდაიცვალა.
მიუხედავად იმისა, რომ ის ჩვეულებრივ ციხეში გადაჰყავთ, სასამართლოს გადაწყვეტილებით, 88 წლის დამნაშავე რეგულარულად უნდა დაესწროს ფსიქოთერაპიას. პატიმრობიდან გათავისუფლების მოთხოვნა არ დააკმაყოფილეს, თუმცა ეს გადაწყვეტილება ფრიცლის იურიდიული გუნდისთვის მაინც გამარჯვებად ითვლება, რადგან ჩვეულებრივ ციხეში არსებული პირობები ბევრად გაუმჯობესებულია, ვიდრე ფსიქიატრიულ დაწესებულებაში არსებული მკაცრი ვითარება.
ფრიცლი, ზედმეტ სახელად “ამშტეტენის მონსტრი”, ცნობილი გახდა 2008 წელს, როცა მისი სასტიკი დანაშაული გამოაშკარავდა. მას 2009 წელს უვადო პატიმრობა მიესაჯა ინცესტის, გაუპატიურების, მონობისა და ერთ-ერთი ჩვილი ვაჟის გაუფრთხილებლობით მკვლელობისთვის. ავსტრიის ხელისუფლების ცნობით, ფრიცლის მეუღლემ, რომელიც ოჯახთან ერთად სახლის მეორე სართულზე ცხოვრობდა, სავარაუდოდ, არ იცოდა, რა ხდებოდა სარდაფში.