მაინც რატომ არ კრძალავენ გლიფოსატს? ამ კითხვით მიმართავენ გლიფოსატით დაზარალებულები პოლიტიკსოებს იმ დროს, როცა ევროკომისიამ ამ ჰერბიციდის ავტორიზაცია კიდევ 10 წლით გაახანგრძლივა.
გლიფოსატი – ეს ჰერბიციდი ძალიან ეფექტურად ებრძვის სარეველას. ეს შხამქიმიკატი 1974 წელს შემოვიდა ბაზარზე და მაშინ არავინ დაეჭვებულა, რომ ის ჯანმრთელობისთვის მავნე იყო.
2023 წლის ნოემბერში ევროკავშირში მისი ავტორიზაცია კიდევ 10 წლით გაახანგრძლივეს.
ქალაქი კიბრონი საფრანგეთის ჩრდილო-დასავლეთით მდებარეობს. სწორედ იქ ცხოვრობს 52 წლის ლუდოვიკ მოჟე, რომელიც ლანდშაფტის დიზაინერი იყო, სანამ გლიფოსატი ცხოვრებას დაუნგრევდა.
2020 წლის შემდეგ ლუდოვიკის სიცოცხლე ყოველდღიური ბრძოლაა არსებობისთვის. მან ინტენსიური თერაპიის 6-თვიანი და ქიმიოთერაპიის 12 კურსი წარმატებით ჩაიტარა.
„ეს 20 წლის წინ ხდებოდა, თითქმის ყველგან გვხვდებოდა ეს ნივთიერება, არ იყო გამონაკლისები, როგორც ახლა,“ – აუხსნა ლუდოვიკმა „ევრონიუსს.“ „ჩვეულებრივი ზურგზე მოკიდებული შესაწამლი აპარატით ვასხამდით, ტანზე მხოლოდ მაისური გვეცვა, მის ქვეშ კი არაფერი დამცავი არ გვქონდა. და მას შემდეგ ასე პირდაპირ ხელით ვეხებოდით, არც ნიღაბი გვეკეთა, არც ხელთათმანები – საერთოდ არაფერი.
შხამქიმიკატები იმდენად ძლიერი ნივთიერებაა, რომ შესაწამლი აპარატის დაბეჭდილ სახურავსაც კი ჭამს და ჟონავს. ამიტომ ხშირად ზურგი გვისველდება.
როდესაც ავად გავხდი, ეს გლიფოსატთან არც დამიკავშირებია. მანამდე, სანამ სისხლის ანალიზმა არ აჩვენა, რომ სისხლი გლიფოსატით მქონდა მოწამლული.“
ბოლო გამოკითხვის მიხედვით, ევროპის მოქალაქეთა ორი-მესამედი გლიფოსატის მსგავსი პესტიციდების სრულ აკრძალვას ითხოვს. ასე ფიქრობენ არასამთავრობო ორგანიზაციები და ასობით მოქალაქე, რომლებიც ქუჩებში გამოდიან, რათა ყველამ დაინახოს. ერთი მათგანია ჯოაო, აგრარული ბიზნესის მკვლევარი.
ჯოაო კამარგო, მკველვარი:
„ჩვენ უნდა განვაგრძოთ გლიფოსატის წინააღმდეგ ბრძოლა, რადგან ამ საწამლავის დამტკიცება და მისი კიდევ ათი წლის განმავლობაში დაშვება მიუღებელია. საქმე ჯანმრთელობას, სოფლის მეურნეობასა და მომავალს ეხება. უნდა შევწყვიტოთ ამ საწამლავის გავრცელება“.
პესტიციდის ლობირება – რამდენად ვაცნობიერებთ საფრთხეს, რომლის წინაშეც ვდგავართ?
ლუდოვიკს აღარ შესწევს სამართლებრივ დავაში ჩართვის ძალა აგროქიმიურ კომპანია Monsanto-სთან, რომელიც გლიფოსატზე დამზადებულ ქიმიკატებს წარმოებდა. თუმცა დღესდღეობით გერმანულმა გიგანტურმა კომპანია Bayer-მა, რომელმაც 2018 წელს Monsanto იყიდა, მრავალი ასეთი დავა წააგო მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
ფრანსუა ლაფორგი სწორედ ასეთ დავებში გაწაფული ადვოკატია. მან პირველმა შეამჩნია კავშირი თავისი კლიენტების პათოლოგიასა და ჰერბიციდებისა თუ პესტიციდების გამოყენებას შორის. სწორედ მან მოუგო პირველი სარჩელი Monsanto-საც.
„ჩვენ საქმე გვაქვს პესტიციდების ნამდვილ ლობირებასთან, როდესაც ცდილობენ, დაფარონ პესტიციებთან დაკავშირებული საფრთხეები, რათა ფერმერებმა და მათმა მუშახელმა განაგრძონ მისი გამოყენება,“ – განმარტავს ლაფორგი. „ეს ლობი ყველა დონეზეა ჩარეული. ამ ჩარევის პირველი ეტაპი ევროპულ დონეზე ხდება, როდესაც ამ აქტიური ნივთიერებას ამტკიცებენ. ის კვლევები, რომელთა საფუძველზეც ხელახლა დაამტკიცეს ნივთიერება, არ არის დამაჯერებელი. გარდა ამისა, ის კვლევები, რომლებიც მხედველობაში უნდა მიეღოთ და რომლებიც აჩვენებს, თუ რა საფრთხის შემცველია ეს აქტიური ნივთიერებები, ევროკავშირის ხელისუფლებამ უსაფუძვლოდ მიიჩნია“.
ევროპარლამენტში შევხვდით საფრანგეთის უკიდურესი მემარჯვენე პარტიის Le Rassemblement National-ის დეპუტატს ჟილ ლებრეტონს. მისი პარტია გლიფოსატის დაშვებას ემხრობა, თუმცა მხოლოდ 5 წლით. გლიფოსატის მავნებლობას ეს დეპუტატიც აღიარებს.
ჩვენ ვკითხეთ, თუ რამდენად დასაშვებია, რომ ეკონომიკური საკითხი საზოგადოების ჯანმრთელობაზე წინ იდგეს.
„არა, ჩემთვის პრობელმა ასე არ დგას,“ – გვიპასუხა პარლამენტარმა. „რადგან ეს მხოლოდ ეკონომიკური საკითხი არ გახლავთ, ეს სასურსათო უსაფრთხოების პრობლემაცაა. ჩვენ საკმარისი მარცვლეული უნდა ვაწარმოოთ, რომ მოსახლეობა გამოვკვებოთ. და გლიფოსატთან დაკავშირებით, ფაქტობრივად, პრობლემაც ეს არის.“
„ჩემი აზრით, რეალურად პასუხისმგებლობა აგრარულ პოლიტიკაზე პასუხისმგებელ ხალხს ეკისრება, რომლებიც წლების განმავლობაში სოფლის მეურნეობას ინდუსტრიალიზაციისკენ უბიძგებდა“ -დაამატა ჟილ ლებერტონმა.
გლიფოსატით გამოწვეული ორსულობის პათოლოგია
ვენიდან რამდენიმე კილომეტრის მოშორებით, დედა-შვილმა – საბინე გრატალუპმა და მისმა ვაჟმა თეომ, დიდი გამარჯვება იზეიმა. საფრანგეთში პირველად აღიარეს, რომ გლიფოსატი ორსულ ქალს ნაყოფს უზიანებს.
„ეს საჯირითო არენაა, სადაც ცხენებზე ვჯირითობდით და სადაც მე გლიფოსატის შხამქიმიკატს ვიყენებდი. იმ დროს ამ პესტიციდს რეგულარულად ვიღებდი, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, თურმე ფეხმძიმობის პირველ თვეშიც ვიყენებდი, როდესაც ნაყოფი ძალიან პატარა იყო“, – უთხრა საბინემ „ევრონიუსს.“
საბინეს მაშინ წარმოდგენაც არ ჰქონდა, თუ რა საფრთხეში იგდებდა თავს.
„ძალიან რთული მდგომარეობა იყო, რადგან დაბადების დროს შეიძლებოდა მოვმკვდარიყავი“, – ამბობს თეო გრატალუპი. „მას შემდეგ უამრავი ოპარეცია გადავიტანე. სულ 54-ჯერ გამიკეთდა საერთო ანესთეზია“.
ეს ახალგაზრდა კაცი თვეში კომპენსაციის სახით 1000 ევროს იღებს მას შემდეგ, რაც საფრანგეთის საკომპენსაციო ფონდმა აღიარა, რომ არსებობს კავშირი თეოს საჭმლის მომნელებელი სისტემის, ტრაქეისა და ხორხის პათოლოგიებსა და დედამისის მიერ გლიფოსატის გამოყენებას შორის. თეო ახლაც მხოლოდ ტრაქეოტომიის საშუალებით სუნთქავს.
საბინეს ვკითხეთ, თვლის თუ არა, რომ კომპანია Monsanto-მ იცოდა არსებული საფრთხის შესახებ.
„არ მინდა, რამე სისულელე ვთქვა, მაგრამ „მონსანტოს“ გახმაურებული სასამართლოს ამბავი, მგონი, 2017 წელს იყო. ჩვენ აღმოვაჩინეთ ყალბი დამოუკიდებელი კვლევები, რომლებიც გლიფოსატის სასარგებლოდ იხრებოდა. ელექტრონულ ფოსტაზე შემოგვდიოდა ისეთი შინაარსის წერილები, რომლებშიც აღიარებდნენ, რომ, მაგალითად, შეამოწმეს მხოლოდ გლიფოსატი და არა სრული ფორმულა. შესაბამისად, პროდუქტის ავტორიზაცია მოხდა ისეთი ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც, სულ მცირე, მიკერძოებული იყო…მიზანმიმართულად იყო მიკერძოებული,“ – გვიპასუხა საბინემ.
„თავად პროდუქტი რომ საშიშია, ეგ ერთი. მაგრამ მაგაზე გულის ამრევია ის, თუ როგორ ხდება მისი მართვა. ის ფაქტი, რომ ამდენი ხანი სჭირდება მის აკრძალავს, ძალიან სამწუხაროა,“ – დაასრულა სათქმელი თეომ.
ავტორი: ევრონიუსი