მთავარისაქართველოთბილისური "მაკნატუნა"

თბილისური “მაკნატუნა”

მაკნატუნას როგორც ბალეტის ისტორია მეცხრამეტე საუკუნიდან იწყება.

გამოქვეყნების დღიდან ერნსტ ჰოფმანის ზღაპარმა „მაკნატუნა და თაგვების მეფემ“ სასცენო ადაპტაციებისთვის არაერთხელ იცვალა სახე. სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ქვეყანაში, სხვადასხვა სტილის კოსტიუმებსა და მუსიკაზე დადგმული “მაკნატუნა” ყოველთვის ჯადოსნურია. თუმცა, ალბათ, არაფერი სჯობს ნაცნობ გარემოში გაცოცხლებულ კლასიკურ ბალეტს.

ეს ჩვენებური “მაკნატუნაა”.

მოქმედება დადიანების ოჯახში ვითარდება, მთავარი გმირები ლევანი და ბარბარე არიან. სწორედ ბარბარეს სიზმარში ვხვდებით მაკნატუნას, თაგვების მეფესა და ფერად თოჯინებს.

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის დასის წევრები მორიგი დადგმისთვის რეპეტიციას გადიან.

ნინო ანანიაშვილი, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასის სამხატვრო ხელმძღვანელი: “ალბათ, “მაკნატუნას” წარმატება პირველ რიგში არის ეს მუსიკა, რომელიც ნამდვილად არაჩვეულებრივია. დაწერილი საახალწლო ზღაპარი, რომელიც მართლა ძალიან პოპულარული გახდა, ალბათ, ყველაზე პოპულარული ბალეტია მთელს მსოფლიოში, რომელიც საახალწლოდ იდგმება ხოლმე. ასეთი ტრადიციაა, რომ მარტო საახალწლოდ იდგმება, შეიძლება ბალანჩინიმ დაიწყო თავის დროზე ამერიკაში. სხვაგან სპექტაკლი იყო რეპერტუარში, მაგრამ მერეც მიდიოდა, არამარტო იანვარში და დეკემბერში. ახლა კი იმდენად წარმატებულია, რომ მთელი სეზონის ფული შემოაქვს ხოლმე ამ “მაკნატუნებ” უცხოეთში. მიხარია, რომ ჩვენც გვაქვს ჩვენი ლამაზი, ქართული “მაკნატუნა”. მე დიდი ხანი მინდოდა ამ ისტორიის გადაკეთება და ვერ ვბედავდი. მაგრამ ახლა ვთვლი, რომ ძალიან საინტერესოდ და კარგად გამოგვივიდა, რადგან არაჩვეულებრივი დეკორაციები გვაქვს დავით პოპიაშვილის, კოსტიუმები ანკა კალატოზიშვილის. ისტორია გადმოვიტანეთ თბილისში და გავაქართულეთ. გავაქართულეთ, რომ ჩვენმა პატარა მაყურებლებმა იცნონ მთაწმინდა, ძველი თბილისი და თან ამავე დროს ზღაპრულ სამყაროში მოხვდნენ.

ეს არის ის სამყარო რაც ჩვენ შევქმენით სცენაზე, ამ დეკორაციების ატმოსფერო და ის ფანტაზია, რაც სიზმარში ხდება ხოლმე. “მაკნატუნას” კიდევ ერთი უპირატესობა ისაა, რომ ძალიან ბევრი გმირია თოჯინების სახით. ამიტომ დასის ყველა წევრს აქვს შესაძლებლობა, რომ სოლოპარტიები იცეკვონ. ესეც წარმატებაა ამ სპექტაკლის, რომ სხვადასხვა პატარ-პატარა როლებითა და თოჯინებით გაახალისოს მაყურებელი, არა მარტო ბავშვები, არამედ უფროსებიც კი”.

მიუხედავად იმისა, რომ “მაკნატუნა” ერთ-ერთი ყველაზე რთულად შესასრულებელი ბალეტია, თეატრში საახალწლო განწყობა არ წყდება. დადგმის ტექნიკურ მხარეებთან ერთად დასის წევრები თავიანთ პერსონაჟებსა და მაყურებელზე ფიქრობენ.

ნინო მახაშვილი, ბალერინა: “ტექნიკურად არის ძალიან რთული, მაგრამ გამართული უნდა იყო. ემოციურადაც ძალიან რთულია, სპექტაკლის დროს ძალიან იხარჯება ყველა ჩვენგანი. გვიხსნიან, რა უნდა გავაკეთოთ, იმიჯურად, სტილის თვალსაზრისით, ხელი, ფეხი… ვემზადებით, გვეხმარებიან როგორც მასწავლებლები, ისე ქალბატონი ნინო და მივდივართ სასურველ შედეგამდე. ჩემი პერსონაჟი მოღიმარი, ესპანური თოჯინაა, რომელიც მაყურებელს დადებით ემოციებს აძლევს”.

მარიამ ელოშვილი, ბალერინა: “საახალწლო განწყობა ისევ გრძელდება ჩვენს თეატრში. ძალიან მოხარულები ვართ, რომ ამდენი ხალხი ესწრება სპექტაკლს და ასეთი დიდი მოთხოვნა იყო “მაკნატუნაზე”. გვაქვს ახალი ვერსია, სადაც ისტორია ხდება თბილისში. ვფიქრობ, რომ ესეც ერთ-ერთი ფაქტორია, რაც კიდევ უფრო მეტად იზიდავს ქართველ მაყურებელს. მე ვასრულებ ფერია დრაჟეს პარტიას ზღაპრული სამყაროდან. ჩემთვის ერთ-ერთი საყვარელი პარტია არის ნამდვილად და ერთ-ერთი რთული შესასრულებელიც. ყველაზე სასიამოვნო არის სპექტაკლის შემდეგ მაყურებლის ემოციის დანახვა და აპლოდისმენტების მოსმენა და მიღება. ყველაზე დიდი სიამოვნება მოცეკვავისთვის რაც შეიძლება იყოს, მხოლოდ ეს არის”.

ერთ საუკუნეზე მეტის წინ, რუსი კომპოზიტორის მუსიკაზე, ფრანგი ქორეოგრაფის დადგმული გერმანული ზღაპარი დღეს მთელი მსოფლიოს საბალეტო თეატრების უცვლელი საახალწლო ტრადიციაა. თითოეული მათგანი ცდილობს კლასიკურ ბალეტს თავისებური ხიბლი მიანიჭოს.

ქართველი მაყურებლები კი 2024 წელს თბილისურ “მაკნატუნასთან” ერთად ხვდებიან.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend