მთავარიგადაცემებიSmart Regionsპანდემიის პრევენცია - ევროკავშირის პროექტი ინფექციური დაავადებების კვლევას აფინანსებს

პანდემიის პრევენცია – ევროკავშირის პროექტი ინფექციური დაავადებების კვლევას აფინანსებს

ევროკავშირის პროექტი PerForM-REACT-ი აფინანსებს ორ კვლევით ინსტიტუტს გერმანიაში, რათა უახლესი ტექნოლოგიების საშუალებით შეისწავლონ ვირუსების ქცევები და ხელი შეუწყონ მომავალში პოტენციური პანდემიის აღკვეთას. 

მართალია, კოვიდის პანდემია უკან დარჩა, მაგრამ ვირუსი არსად წასულა. მაინც როგორი იქნება შემდეგი პანდემია? ან როგორ უნდა მოვემზადოთ მის უკეთ დასახვედრად? ერთი ევროპული პროექტი სწორედ ამ საკითხების მოგვარებაზე მუშაობს. გერმანიაში მიუნხენისა და აუგსბურგის კვლევითი უნივერსიტეტები ტექნოლოგიის ბოლო მიღწევებს იყენებენ, რათა ვირუსების ქცევა შეისწავლონ.

„პანდემია აუცილებლად განმეორდება. სავარაუდოდ, მას ჰაერწვეთოვანი გზით გავრცელებული ვირუსები გამოიწვევს,“ – განმარტავს კლაუდია ტრაიდლ-ჰოფმანი, აუგსბურგის  უნივერსიტეტის გარემოსდაცვითი სამედიცინო ინსტიტუტის დირექტორი. „ამიტომ ჩვენ ახლა ვცდილობთ, წინასწარი შეტყობინების მექანიზმი დავნერგოთ და თან გავარკვიოთ, თუ როგორ ვრცელდება ვირუსები ოთახში, თვითმფრინავის სალონსა თუ ავტობუსში, რათა მომავალი პანდემიის დროს აღარ მოგვიხდეს გამოკეტვა. სიცოცხლე უნდა გაგრძელდეს“.

კლაუდია ტრაიდლ-ჰოფმანი, აუგსბურგის  უნივერსიტეტის გარემოსდაცვითი სამედიცინო ინსტიტუტის დირექტორი – Euronews

როგორ უწყობს  ევროკავშირი ხელს ინფექციური დაავადებების კვლევას?

ჯანმოს ინფორმაციით,  კოვიდ 19-ის პანდემიამ 6 მილიონ 900 ათასი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, 771 მილიონი კი დაინფიცირდა. ევროკავშირის პროექტ  PerForM-REACT-ის დახმარებით მიუნხენში  ჰელმჰოლცის ცენტრის გარემოსდაცვით სამედიცინო ინსტიტუტში მაღალი ტექნოლოგიების აპარატურა შეიძინეს. პროექტის მიზანი ავადმყოფობის მიმდინარეობის ადრეულ ეტაპზე შეკავებაა.

„არსებობს ვირუსთა ისეთი ჯგუფები, როგორებიცაა კორონავირუსები და ფლავივირუსები. ჩვენ მათ ზედმიწევნით ვაკვირდებით. ახლა გვაქვს ინსტრუმენტებიც და საკომუნიკაციო პლატფორმაც, რათა უკეთ მოვემზადოთ და დროზე შემოვკრათ განგაშის ზარს,“ – ამბობს გრეგორ ებერტი, „ჰელმჰოლც მიუნხენის“ წარმომადგენელი.

გრეგორ ებერტი, „ჰელმჰოლც მიუნხენის“ წარმომადგენელი – Euronews

აქ მოქმედებს მესამე დონის ბიოუსაფრთხოების ლაბორატორია, რომელიც აღჭურვილია დალუქული ოთახებით, უარყოფითი წნევის ოთახებით, ვირუსის თერმული აქტივირების სისტემითა და სხვა ინსტრუმენტებით. მათ შორის არის მიკროსკოპი, რომელსაც ვირუსის მოლეკულურ დონეზე შესწავლისთვის იყენებენ.

„ჩვენ ვაკვირდებით, რამდენად შესაძლებელია, რომ სარს-კოვ-ორის ვირუსმა დააინფიციროს  ამ სამგანზომილებიანი უჯრედული სისტემის მოდელების სხვადასხვა ტიპის უჯრედები და ნაწილები,“ – განმარტავს დან კაემენა, მოლეკულური გენეტიკის სპეციალისტი.

მათი კვლევის შედეგებს უზიარებენ აუგბსბურგის კლინიკური უნივერსიტეტის ლაბორატორიასაც, რომელიც ასევე ჩართულია პროექტში. ამ ლაბორატორიაში იკვლევენ, თუ როგორია სხვადასხვა ვირუსს შორის კავშირი და კლიმატის ცვლილების, მტვრისა და გარემოს დაბინძურების გავლენა ვირუსების გავრცელებაზე.

საიდან მოდის დაფინანსება?

პროექტ PerForM-REACT-ის საერთო ბიუჯეტი, რომელიც ორ კვლევას აფინანსებს, 18.5 მილიონი ევროა. ამ პროექტს მთლიანად ევროკავშირის რეგიონული განვითარების პოლიტიკის პროგრამა აფინანსებს.

კვლევა დიდი ნაბიჯებით მიიწევს წინ.  დოქტორანტი კორინა ჰოლეცკეკი მუშაობს რობოტზე, რომელსაც შეუძლია წინასწარ გამოიცნოს, რამდენად ძლიერი იქნება ინფექცია დაინფიცირებულ პაციენტში, რომელსაც ჯერ სიმპტომებიც კი არ აღენიშნება.

დოქტორანტი კორინა ჰოლეცკეკი – Euronews

„ამ რობოტის დახმარებით შეგვიძლია წინასწარ გამოვიცნოთ ინფექციის მიმდინარეობა. ასე რომ, იმედია მომავალში, თუ ტესტირების ცენტრში მიხვალ და ვირუსი დაგიდასტურდება,  მაშინვე შეძლებ ამ საპროგნოზო ტესტის მიღებას და  ექიმისთვის გადაგზავნას. ექიმები შეძლებენ გაგიშვან საავადმყოფოში, სადაც დაგაკვირდებიან, რათა დაავადების მძიმე ფორმა აგარიდონ თავიდან,“ – განმარტავს კორინა.

ავტორი: ავრორა ველესი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend