უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსული თავდასხმები განსაკუთრებით ინტენსიურია დონეცკის მიმართულებით.
ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ვლადიმერ პუტინი დეკემბრის პირველ ნახევარში აპირებს გამოაცხადოს სიახლეები 2024 წელს დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით, მანამდე კი მისი მთავარი მიზანი რაც შეიძლება მეტი ადამიანის დახოცვაა, რათა მოსახლეობას ომში წინსვლა აჩვენოს.
,,რუსული თავდასხმები ძალიან ინტენსიურია, განსაკუთრებით დონეცკის რეგიონში. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ პუტინს მხოლოდ ერთი კონკრეტული პოლიტიკური მიზანი აქვს, დახოცოს რაც შეიძლება ბევრი ადამიანი, რადგან დეკემბრის თვის პირველ ნახევარში უნდა აჩვენოს თავისი ტაქტიკებისგან მიღებული შედეგი და თან სწორედ მაშინ გამოაცხადებს არჩევნებს. რუსეთი ავდიივკას მახლობლად უფრო მასშტაბურად კარგავს ჯარისკაცებსა და აღჭურვილობას, ვიდრე ბახმუტთან.
ძალიან რთულია ასეთ შეტევებს გაუძლო, ამიტომ ჩვენი თითოეული ჯარისკაცი უდიდეს დაფასებასა და პატივისცემას იმსახურებს. ისინი ნამდვილი გმირები არიან. რაც უფრო მეტი რუსული ჯარი განადგურდება ახლა ავდიივკას მახლობლად, მით უფრო უარესი იქნება მტრის საერთო მდგომარეობა”, -აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.