ახლა, როცა მოლდოვა ელოდება, როდის დაიწყებს მოლაპარაკებებს ევროკავშირში გაწევრების თაობაზე, ქვეყანაში ადგილობრივი არჩევნები ჩატარდა. მთელი წინასაარჩევნო პერიოდი ქვეყნის ხელისუფლება ცდილობდა, რომ ამ არჩევნებზე გავლენა ვერ მოეხდინა რუსეთს. თუმცა ზოგიერთი დამკვირვებელი ამბობს, რომ რუსეთის გავლენა ზოგიერთ რეგიონში ჯერაც არ აღმოფხვრილა. ამას ადასტურებს ზოგიერთი ამომრჩევლის პასუხი კითხვაზე, გრძნობთ თუ არა რუსეთის გავლენას.
„მე ხმას ობიექტურად ვაძლევ, თუმცა ვფიქრობ, რომ არის კონკრეტული სტრუქტურები, რომლებიც ერევიან ხმის მიცემის პროცესში იმისთვის, რომ რაღაც შეცვალონ. თუმცა ვფიქრობ, ყველა ხვდება იმას, თუ სად არის ბოროტება და რომ ჩვენ უნდა გავაკეთოთ სწორი არჩევანი“,- ამბობს ამომრჩეველი ალექსანდრუ.
„ საწყალი ხალხი, როგორც რუსულ ანდაზაშია, ვფიქრობ რუსები ამას გაიგებენ. თითოეული ადამიანი საკუთარ ქმედებაზე პასუხს აგებს, ნუ გგონიათ, რომ ყველა სულელია. ფული ყველაფერს გაკეთებინებს, ეს ბრძოლაა ფულისთვის“, – გვეუბნება პენსიონერი ანატოლ მოშანუ.
„ ეს ადგილობრივი არჩევნებია, მე ადამიანების მჯერა და არა პოლიტიკის. არ აქვს მნიშვნელობა მხარს რუსეთს უჭერენ თუ ევროპას. მთავარი ის არის, რომ ადამიანები ადამიანებად დარჩნენ და აკეთონ თავისი საქმე“, – ამბობს ევგენი, ამომრჩეველი.
მოლდოვაში ჩატარებული ადგილობრივი არჩევნების წინასწარი შედეგებით, ოლქების ნაწილში მეორე ტური ჩატარდება. მათ შორის სავარაუდოდ, არ იქნება დედაქალაქი კიშინევი, სადაც წინასწარი მონაცემებით, პირველივე ტურში იმარჯვებს მოქმედი მერი, კომუნისტური და სოციალისტური პარტიების ყოფილი წევრი იონ ჩებანი. მეორე ადგილზეა პრეზიდენტ მაია სანდუს პროევროპული პარტიის „მოქმედება და სოლიდარობა“ კანდიდატი ლილიან კარპი.
არჩევნებში მონაწილეობა ვერ მიიღო პრორუსულმა პარტია „შანსმა“. არჩევნებამდე ორი დღით ადრე მოლდოვის პრემიერ-მინისტრმა დორინ რეჩინმა პარტიის კანდიდატებს მონაწილეობა აუკრძალა. ეს მას შემდეგ, რაც მოლდოვის ეროვნულმა სადაზვერვო სამსახურმა გამოაქვეყნა დოკუმენტი, რომლის თანახმადაც რუსეთი ცდილობს, მოლდოვის არჩევნებზე გავლენის მოხდენას.