ამერიკული ბალეტის თეატრი ათწლიანი პაუზის შემდეგ ჩინეთში ბრუნდება. კომპანიის 85-მა მოცეკვავემ შანხაიში კლასიკური და თანამედროვე ქორეოგრაფიის ნაზავი შეასრულა.
სუზან ჯაფი, ამერიკული საბალეტო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი: ,,ბალეტი უნივერსალური ენაა. ხელოვნების ამ ფორმით საკუთარ ემოციებს, მშვენიერებისა და სიყვარულის განცდებს გადმოვცემთ. ვფიქრობ, ამერიკელებისა და ჩინელებისთვის ერთმანეთთან საკუთარი გრძნობებისა და კულტურის გაზიარება ძველი ჭრილობების მოშუშებას უწყობს ხელს, რაც უფრო ხშირად ჩამოვა ამერიკული ბალეტის თეატრი ჩინეთში, მით უფრო გაუმჯობესდება ჩვენი ურთიერთობა“.
შანხაიში ოთხი კონცერტის გამართვის შემდეგ ამერიკული ბალეტის თეატრი გადაინაცვლებს პეკინში, სადაც მსოფლიოში აღიარებულ კლასიკურ ბალეტ ,,ჟიზელს“ შეასრულებს.
ქსიაოდინ ჟანგი, შანხაის დიდი თეატრის გენერალური მენეჯერი: ,,პანდემიური სამი წლის შემდეგ მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ბალეტის თეატრის აქ ყოფნა ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა. ჩვენი ურთიერთობა ამერიკის ბალეტის თეატრთან 2000 წელს, ახალი საუკუნის დასაწყისში დაიწყო. ვიმედოვნებთ, რომ შევძლებთ ამ ურთიერთობის გაგრძელებას“.
ამერიკული ბალეტის თეატრის ტურნე ჩინეთში ამ ორ ქვეყანას შორის განახლებულ ორმხრივ კულტურულ ურთიერთობებზე მეტყველებს. თეატრთან ერთად ჩინეთში ტურნეს იწყებს ფილადელფიის ორკესტრიც, რომელიც ქვეყანაში პირველად 1973 წელს ჩავიდა.
წლების განმავლობაში აშშ-სა და ჩინეთს შორის ურთიერთობები უსაფრთხოების, ვაჭრობისა და ადამიანების უფლებების საკითხების გამო დაიძაბა. თუმცა ორივე ქვეყანა აცხადებს, რომ საკუთარ მოსახლეობას შორის გაღრმავებული კავშირები სურს.
აქამდე ამერიკული ბალეტის თეატრმა ჩინეთში კონცერტი ბოლოს 2013 წელს გამართა.