მთავარიამერიკამექსიკამექსიკის კურორტ აკაპულკოს ქარიშხალი ,,ოტისი" დაატყდა თავს

მექსიკის კურორტ აკაპულკოს ქარიშხალი ,,ოტისი” დაატყდა თავს

„ოტისი“ პატარა ტროპიკული ქარიშხლიდან მე-5 კატეგორიის მძლავრ ქარიშხლამდე ძალიან მცირე დროში გადაიქცა და დიდი ზიანი მიაყენა კურორტს

მექსიკის ერთ-ერთ კურორტ აკაპულკოს ქარიშხალი ოტისი დაატყდა თავს, რომელმაც 27 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
გადარჩენილებსა და დაზარალებულებს იმედი აქვთ, რომ მექსიკის მთავრობა რაც შეიძლება მალე გააგზავნის დახმარებას სტიქიის ადგილზე.

,,მაშველთა დასახმარებლად, სტიქიის ზონაში, მექსიკის არმიიდან 4800 ჯარისკაცი ჩამოვიყვანეთ. სამუშაოები, რომელსაც ამ წუთისთვის ჯარები ახორციელებენ, უმეტესად რელიეფის გაწმენდასა და ნამსხვრევების გატანას ემსახურება“, -ამბობს ჰოსუე ბარონი, მექსიკის არმიის პოლკოვნიკი.

ქარიშხალი „ოტისი“ მოულოდნელად დაატყდა თავს აკაპულკოს სანაპიროებს. „ოტისი“ პატარა ტროპიკული ქარიშხლიდან მე-5 კატეგორიის მძლავრ ქარიშხლამდე ძალიან მცირე დროში გადაიქცა და დიდი ზიანი მიაყენა კურორტს.

ათიათასობით მაცხოვრებელი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი, რამაც შეიძლება დაღუპულთა რიცხვი გაზარდოს.

,,ძალიან მოულოდნელი იყო. ქარიშხლის დროს სასტუმროში ვიყავით და გვეგონა, რომ შენობა მთლიანად ჩამოინგრეოდა. საბედნიეროდ, დაცვა ადგილზე იყო და ისინი დაგვეხმარნენ. ახლა მშვიდად ვართ, რადგან სასტუმრო გვეხმარება, დენიც გვაქვს, წყალიც და საკვებიც“, -ამბობს მარია დე ლა ლუზ სალინასი, დაზარალებული.

აკაპულკოში მუნიციპალური სანიაღვრე სისტემაც გამოვიდა მწყობრიდან. მექსიკის პრეზიდენტმა  ლოპეს ობრადორმა, რომელიც აკაპულკოში სტიქიის ადგილზე ჩავიდა განაცხადა, რომ პრიორიტეტი ამ წუთისთვის ელექტროენერგიის აღდგენაა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend