ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, კოვიდ-19-ის პანდემიის დროს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები მეორე პანდემიად იქცა. ექიმები ამბობენ, რომ ამ პრობლემამ განსაკუთრებით იჩინა თავი 18-დან 29 წლამდე ახალგაზრდებში. რა ვითარებაა საქართველოში ამ თვალსაზრისით, „ევრონიუს ჯორჯია“ შეეცადა ეს გაერკვია.
24 წლის მარიამისთვის პანდემიით გამოწვეულ სირთულეებთან გამკლავება განსაკუთრებით რთული აღმოჩნდა. სამუშაო რეჟიმის შეცვლა, მეგობრებისა და ოჯახის წევრებისაგან დისტანცირება, მუდმივი ნერვიულობა მოხუც და ქრონიკული დაავადებების მქონე ახლობლებზე. ამაზე მუდმივი ფიქრისა და წუხილის გამო, მარიამს შფოთვა და პანიკის შეტევები დაეწყო.
„განსაკუთრებით რთული აღმოჩნდა ის, რომ თუ მანამდე მენტალურ გამოწვევებს ჩემი ძალებითა და სოციალიზაციით ვებრძოდი, ეგ ყველა შესაძლებლობა გაქრა და პროფესიონალის დახმარება დამჭირდა. ეს ყველაფერი კი ფულთანაა დაკავშირებული. სამწუხაროდ, არც ერთი სადაზღვეო კომპანია მენტალურ ჯანმრთელობაზე დახმარებას არ ითვალისწინებს. პანდემიის დროს, ეს პრობლემაც განსაკუთრებებით გამწვავდა.“ – ამბობს მარიამი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები მეორე პანდემიად იქცა. ფსიქიატრ ქეთი სილაგაძის თქმით, ვირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები, განსაკუთრებით მტკივნეულად ახალგაზრდებზე აისახა. მათ ნაწილს დეპრესიისათვის დამახასიათებელი სიმპტომები გამოუვლინდა.
„ბოლო თვეების განმავლობაში ჩვენთან მომართვიანობა გაიზარდა,რაც იმას ნიშნავს, რომ ახალგზარდების ცნობიერება ამაღლდა და მათ არ სცხვენიათ მიმართონ ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტს – იქნება ეს ფსიქოთერაპევტი, კლინიკური ფსიქოლოგი თუ საჭიროების შემთხვევაში, ფსიქოთერაპევტი.“ – განუცხადა „ევრონიუს ჯორჯიას“ ქეთი სილაგაძემ.
საფრანგეთის საერთაშორისო ტექნიკური დახმარების საჯარო სააგენტომ 2019 წელს ეპიდემიოლოგიური კვლევა ჩაატარა. ამ კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 14 პროცენტს აღენიშნებოდა შფოთვითი აშლილობა. 2020 წელს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ინგლისის კინგს კოლეჯის ერთობლივი კვლევის საფუძველზე აღმოჩნდა, რომ დაახლოებით სამჯერ გაიზარდა იმ ადამიანთა რიცხვი, ვისაც დეპრესიისათვის დამახასიათებელი სიმპტომები აღენიშნება.
„მძიმე სტრესული სიტუაცია შექმნა შიშმა, როგორც თავად ინდივიდის დაინფიცირების, ისე ოჯახის წევრების დაავადების ან გარდაცვალების. შიში იმისა, რომ შესაძლოა სამსახური დაკარგო. გარდა ამისა, ადამიანები იზოლირებულნი არიან. ერთმანეთისგან მხარდაჭერას ვეღარ გრძნობენ.“ – ამბობს საქართვევლოს ფსიქიატრთა საზოგადოების თავმჯდომარე, ეკა ჭყონია.
ჯერჯერობით არავინ იცის, რა გრძელვადიანი შედეგები ექნება მოსახლეობის ერთწლიან იზოლაციას. ფსიქოლოგები ამბობენ, რომ აუცილებელია, ახალგაზრდებმა გააანალიზონ, რომ სპეციალისტის დახმარება მნიშვნელოვანია.
ნინი დვალიშვილი, ირაკლი შალამბერიძე