ისრაელის ხელისუფლების წარმომადგენლები გაერთიანებული ერების ორგანიზაციას ღაზის სექტორის ჩრდილოეთ მიდამოების 24 საათში ევაკუაციისკენ მოუწოდებენ, “ჰამასსა” და ისრაელს შორის სამხედრო დაპირისპირება კი უფრო და უფრო მწვავდება. დემოკრატიული დასავლეთის სახელმწიფოების წარმომადგენლები იერუსალიმში ჩადიან და ისრაელს მხარდაჭერას უდასტურებენ. ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, ორივე მხარეს 3 ათასზე მეტი ადამიანია დაღუპული. ამერიკის შეერთებული შტატების საბრძოლო ჯგუფი “ავიამზიდი” USS GERALD R. FORD-ის ჩათვლით ისრაელის ტერიტორიულ წყლებში, ხმელთაშუა ზღვაშია.
ისრაელსა და “ჰამასს” შორის ომი გრძელდება. მოსახლეობას ღაზის სექტორის დატოვებისთვის რამდენიმე საათი რჩება.
ისრაელის თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა ღაზის სექტორის მოსახლეობას მიმართეს და მოსახლეობას სექტორის სამხრეთ ნაწილში გადასვლისკენ მოუწოდეს, რათა მშვიდობიან მოქალაქეებს შორის შესაძლო მსხვერპლი მაქსიმალურად შემცირდეს.
იოავ გალანტი, ისრაელის თავდაცვის მინისტრი: “ისრაელი არასოდეს გაუხსნის ცეცხლს მშვიდობიან მოქალაქეებს. ღაზის სექტორის მოსახლეობას სამხრეთ ნაწილში გადასვლისკენ მოვუწოდებთ, ჩვენ არ გვინდა, რომ მათ ზიანი მივაყენოთ, ჩვენი სურვილია, რომ ეს მოქალაქეები უსაფრთხოდ იყვნენ. ჩვენი მიზანი “ჰამასის” მებრძოლებისა და ინფრასტრუქტურის განადგურებაა”.
I met with 🇮🇱 Israeli Defense Minister @YoavGallant & members of the Israeli War Cabinet to discuss Israel’s current actions to defend itself and the urgent security assistance needs of the Israel Defense Forces. pic.twitter.com/opXqQ4dqgc
— Secretary of Defense Lloyd J. Austin III (@SecDef) October 13, 2023
ლოიდ ოსტინი, ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის მდივანი: “ამჟამად ნეიტრალიტეტის დაცვის დრო არ არის, გნებავთ უპატიებელის შენდობის დრო. ტერორიზმს გამართლება არ აქვს. “ჰამასი” ტერორისტული ორგანიზაციაა და რეგიონში მდგრადი მშვიდობის დამყარების მთავარ გამოწვევას წარმოადგენს. ჩვენ ბოროტების მოწმენი ვართ, ეს სამოქალაქო პირებზე თავდასხმის საშინელი მაგალითია, ჰოლოკოსტის შემდეგ ასეთი ტრაგედია ებრაელ ერს თავზე არ დატყდომია. არავინ იეჭვოს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ისრაელს მხარს უჭერს”.
შედარებით მცირე მასშტაბის სამხედრო მოქმედებები მიმდინარეობს ჩრდილოეთშიც, ისრაელისა და ლიბანის სახელმწიფო საზღვარზე. ისრაელის ხელისუფლება ჩრდილოეთ რეგიონებში დიდი რაოდენობით სამხედრო რესურსს უყრის თავს, სამხრეთში კი ღაზის სექტორში სახმელეთო ოპერაციის დაწყების წინ ისრაელმა 500 ათასამდე ჯარისკაცს მოუყარა თავი. იერუსალიმში ეჭვობენ, რომ ჩრდილოეთ რეგიონებში “ჰეზბოლასთან” ერთად ირანის მიერ მხარდაჭერილმა სხვა მცირე სამხედრო დაჯგუფებებმაც შეიძლება მიიტანონ იერიში ისრაელზე.
ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, მისი სახელმწიფო მზად არის პალესტინური მხარისთვის დახმარება გააგრძელოს. ამავე დროს ირანელი დიპლომატი ამბობს, რომ ომის გაფართოებისა და მასში სხვა სახელმწიფოების ჩართვის საშიშროება ჩნდება.
ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანი, ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი:”ირანის ისლამური რესპუბლიკა გააგრძელებს პალესტინური წინააღმდეგობის პოლიტიკურ, მედია და საერთაშორისო მხარდაჭერას. რამდენიმე დასავლური სახელმწიფოს წარმომადგენელმა მკითხა, შესაძლებელია თუ არა, სხვა ფრონტის ველები გაჩნდეს ამ კონფლიქტში, ამერიკული მხარე ერთი მხრივ ისრაელს სამხედრო მხარდაჭერას უცხადებს და პალესტინელი ქალებისა და ბავშვების დახოცვაში ეხმარება, ამავე დროს კი პალესტინურ მხარეს თავშეკავებისკენ მოუწოდებს”.
ისრაელს მხარდაჭერას უცხადებენ დემოკრატიული დასავლეთის სახელმწიფოები.